მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ქვეყანაში შემოსვლის წესში ცვლილებები გადაიფიქრა

60df204e4e01d
ინგა მურუსიძე
02.07.21 19:07
13595
მთავრობამ ქვეყანაში შემოსვლის წესში ცვლილებების შეტანა გადაიფიქრა - 2 დღის განმავლობაში საკითხის გარშემო განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. საქმე ისაა, რომ გუშინ საფრანგეთში, ხოლო დღეს უკრაინაში საქართველოს საელჩოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველოში საჰაერო საზღვრის კვეთის წესები იცვლებოდა: შედეგად, ყველა შემომსვლელს, მათ შორის ორჯერადად აცრილებსაც, 5 ივლისიდან ექნებოდათ ვალდებულება, საზღვარზე PCR - ნეგატიური ტესტი მაინც წარედგინათ. საფრანგეთის საელჩოს მიერ შესაბამისი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გუშინვე, bm.ge-მ საკითხის გარკვევა მთავრობის ადმინისტრაციაში სცადა, თუმცა უშედეგოდ. საინტერესოა, რომ აღნიშნული განცხადებებები საელჩოების Facebook- გვერდებიდან უკვე გამქრალია: საქართველოს საელჩომ საფრანგეთში განცხადება გუშინვე წაშალა, უკრაინის საელჩომ კი - დღეს.


 
მას შემდეგ, რაც bm.ge-მ ვერ მიიღო ინფორმაცია ვერც მთავრობის ადმინისტრაციიდან და ვერც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან, საკითხის გადამოწმება მთავრობის სპეციალურ ცხელ ხაზზე - 144-ზე - მოქალაქის სტატუსით სცადა. დღის განმავლობაში ოპერატორის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია ურთიერთგამომრიცხავი იყო. თავდაპირველად ოფიციალურ ცხელ ხაზზე განგვიცხადეს შემდეგი:

„5 ივლისიდან ამოქმედდება მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საჰაერო გზით, ორჯერადად აცრილ მოქალაქეებს ნეგატიური PCR-ტესტის წარდგენის ვალდებულება აქვთ“, - გვითხრა დღის პირველ ნახევარში ოპერატორმა.

რამდენიმე საათის შემდეგ კი 144-ის იგივე ოპერატორი საკუთარი სურვილით კვლავ დაუკავშირდა BM.GE-ს ჟურნალისტს, თუმცა ამჯერად უთხრა, რომ ინფორმაცია არასწორია და მთავრობამ დადგენილების ამოქმედება შეაჩერა:

„საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება. დაანონსებული იყო, რომ ცვლილებები 5 ივლისიდან შედიოდა ძალაში, თუმცა ამ ეტაპზე საბჭომ გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა. დაანონსებული არ არის და ჯერ არ ვიცით, როდემდეა შეჩერებული ეს გადაწყვეტილება. მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ ავიაკომპანიას. კონკრეტულად ვერ გეტყვით, რატომ მიიღო საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება, თუმცა 5 ივლისიდან მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ ორჯერადად ვაქცინაციის შემთხვევაში PCR-ტესტის გარეშე შემოვიდნენ ქვეყანაში“, - განუცხადა BM.GE-ს ცხელი ხაზის ოპერატორმა და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, რეგულაციის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება დღეს მიიღეს.

საინტერესოა, რომ საზღვრის კვეთის წესებში ცვლილებების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა არც საკოორდინაციო საბჭოს და არც მთავრობის მხრიდან, თუმცა, ამას წინ უძღოდა ჯანდაცვის მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ საზღვრის კვეთის წესებში შესაბამისი ცვლილებები იგეგმებოდა. ამ დრომდე ოფიციალური უწყებები არ აკეთებენ განმარტებას.

მთავრობის სპეციალურ გვერდ STOPCOV.GE-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციები ვაქცინაციის შემთხვევაში ასეთია:

კოვიდვაქვინაციით საქართველოში შემოსვლა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს ნებისმიერი ქვეყნიდან, რისთვისაც:

საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთისას უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson ვაქცინის შემთხვევაში - ერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტი;

საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრის კვეთისას უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson ვაქცინის შემთხვევაში - ერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტი და ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი.

* გარდა ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირისა (მოქალაქეობის და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად), ასევე იმ პირების, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია. ისინი ექვემდებარებიან საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − სავალდებულო 14-დღიან კარანტინს (უცხოელის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯით).