მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-ის 17-მლნ ევროს სესხით მთავრობა 6 ქალაქისთვის ავტობუსებს იყიდის

5de112629cc2d
BM.GE
29.11.19 17:23
1385
საქართველოს 6 ქალაქი 175 ცალი, ახალი, გარემოსათვის უსაფრთხო ავტობუსით ისარგებლებს. დღეს საქართველოსა და EBRD-ს შორის ხელი მოაწერა 17 მილიონი ევროს სამთავრობო სესხის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას. 

თანხა ქვე-სესხის სახით გადაეცემა მუნიციპალური განვითარების ფონდს და მოხმარდება 175 ახალი ავტობუსის შეძენას ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთის მოძველებული მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის რეაბილიტაციის მიზნით.

"EURO 5 დიზელის ავტობუსების წყალობით მოსალოდნელია ემისიების შემცირება 34 პროცენტით. პროექტი დაეხმარება საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებაში გარემოსათვის უფრო უვნებელი, ეფექტიანი და უსაფრთხო სატრანსპორტო სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით, რაც გულისხმობს სუფთა, ენერგოეფექტური საგზაო ტრანსპორტის შეძენას და მძღოლების კვალიფიკაციის ამაღლებას,"- ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ამასთანავე, EBRD უზრუნველყოფს ტექნიკური თანამშრომლობის დაფინანსებას, რომელიც მოხმარდება ქალი მძღოლების მომზადებას.

"საქართველოს ტრანსპორტის სისტემის გაძლიერება, განსაკუთრებით რეგიონებში, EBRD-სათვის ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტი გულისხმობს სატრანსპორტო კომპანიების თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარებასაც. ჩვენ ასევე ხელს შევუწყობს გენდერული თანასწორობის დაცვას სამუშაო ადგილებზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჰაერის დაბინძურების შემცირებას. მოხარულები ვართ, რომ ახალი ავტობუსების შეძენის პროცესში ვმონაწილეობთ. ხარისხიან საჯარო ტრანსპორტზე მოთხოვნა მაღალია. მე იმედი მაქვს, რომ მომავალში მეტ პროექტს დავაფინანსებთ, რადგან ამგვარ პროექტებს საგრძნობი დადებითი შედეგი აქვს გარემოს დაცვისა და სოციალური მდგომარების თვალსაზრისით,"- განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში.

დღესვე გაფორმდა სასესხო ხელშეკრულება, რომლითაც თბილისში 200 ერთეული ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსი შემოვა.