მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-ის პრეზიდენტი: საქართველომ დროთა განმავლობაში სახელმწიფო ვალი უნდა შეამციროს

601d8adf7bd96
ელენე კვანჭილაშვილი, შოთა ტყეშელაშვლი
05.02.21 23:30
1412
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა, ოდილ რენო-ბასომ BMG-ისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს საგარეო ვალის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, COVID-19-ის კრიზისის ფონზე სახელმწიფომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გადაუდებელი ხარჯების დაფინანსებისთვის ახალი კრედიტები მოიზიდა, თუმცა, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვალის მოცულობა მომდევნო წლებში შემცირდეს.

“ვფიქრობ, მთავრობა სწორად მოიქცა, როცა დეფიციტი გაზარდა; როცა საქართველოს სიტუაციას მისივე მსგავს ქვეყნებში არსებულ სიტუაციას ვადარებთ - გლობალურად, ასე მოიქცა ყველა ქვეყანა. იმ ისტორიული შოკის პირობებში, რის წინაშეც მსოფლიოც და საქართველოც დადგა, საბიუჯეტო დახმარება გარდაუვალი რომ იქნებოდა, ეს ისედაც ცხადი იყო.

IMF-იც როგორც წესი, მკაცრი ფისკალური პოლიტიკის მომხრეა, თუმცა მათაც ცალსახად თქვეს, რომ საქართველოს მთავრობამ სწორი სტრატეგია აირჩია. ეს მიდგომა, რა თქმა უნდა, დროებითი უნდა იყოს და ისიც სწორად არის გასათვლელი, თუ როდიდან უნდა დაიწყოს მთავრობამ ამ მხარდაჭერის შეწყვეტა. დღეს რასაც ვაკვირდები, მთავრობა ცდილობს, უკვე 2021 წლიდან შეამციროს დეფიციტი და ეს მიდგომა კიდევ უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს, როცა ეკონომიკა გაჯანსაღებას დაიწყებს. ვალის დონესაც თუ შევხედავთ, საქართველოს შემთხვევაში ჯანსაღი სიტუაცია აქაც შენარჩუნებულია, თუმცა დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, უნდა შემცირდეს დეფიციტიც და ვალიც იმისთვის, რომ საქართველო ზედმეტად დამოკიდებული არ აღმოჩნდეს გარე დაფინანსებაზე. ამდენად, გამოწვევა დღეს ამ დახმარებებიდან სწორად გამოსვლაა, თუმცა მთავრობის მიერ არჩეული სტრატეგია იყო სწორი,”- აცხადებს ოდილ რენო-ბასო.

მისი თქმით, საქართველო ქვეყანაში ჩატარებული რეფორმების წყალობით საერთაშორისო დონორების მხრიდან კარგ ნდობას იმსახურებს, ამასთან, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ინკლუზიურობის საკითხი, რათა სამომავლოდ დაგეგმილი პროექტებიდან სარგებელი მოსახლეობის ფართო სპექტრზე გადანაწილდეს.

2021 წლის ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, წელს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 60.1%-ს მიაღწევს, რაც ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონით გათვალისწინებულ ლიმიტზე მეტია. ფინანსთა სამინისტროს თანახმად, 2020 წლის დეკემბრისთვის სახელმწიფო ვალის მოცულობა 30.8 მილიარდი ლარი იყო. აქედან 24.7 მილიარდი ($7.5 მლრდ) საგარეო ვალს, 6.14 მილიარდი კი შიდა ვალს შეადგენდა.

2021 წელსაც გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯების დაფინანსების მთავარი წყარო უცხოეთიდან მოზიდული საგარეო კრედიტები იქნება. ჯამურად, წელს 5.27 მილიარდი ლარის მოცულობის ახალი საგარეო ვალების აღება იგეგმება. აქედან 1.45 მილიარდი ლარი საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიმართება, ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები 2.17 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო 1.65 მილიარდი ლარით მთავრობა $500-მილიონიანი ევრობონდების რეფინანსირებას გეგმავს.

წლევანდელი ბიუჯეტის დეფიციტი 7.5%-ს შეადგენს. კანონის თანახმად, მთავრობა დებს პირობას, რომ როგორც დეფიციტის, ასევე ვალის ნიშნული მომდევნო 3 წლის განმავლობაში მდგრად დონემდე შეამცირებს.