მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-ის პრეზიდენტი: საქართველოს განახლებადი ენერგიის მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს

60203a3d1690e
ელენე კვანჭილაშვილი, შოთა ტყეშელაშვლი
07.02.21 22:40
1180
"საქართველოს განახლებადი ენერგიის მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს,"- BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ოდილ რენო-ბასომ. მისი თქმით, ბანკი როგორც განახლებადი ენერგიის გენერაციის ობიექტების ასევე გადაცემის ქსელების მშენებლობას უწყობს ხელს. ოდილ რენო-ბასო აღნიშნავს, რომ ეს მხარდაჭერა მიმართულია იქითკენ, რომ EBRD-ის წევრმა ქვეყნებმა პარიზის კლიმატის შეთანხმებით გათვალისწინებულ სამიზნე მაჩვენებლებს მიაღწიონ. 

"საქართველოს განახლებადი ენერგიის მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. 2025 წლისთვის ჩვენი დაფინანსების ნახევარს მწვანე ინვესტიციები უნდა მოიცავდეს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და პასუხისმგებლობაცაა, რომ ხელი შევუწყოთ პარიზის შეთანხმების შესრულებას.

ამდენად, მოკლე ვადაში ვფიქრობთ პრიორიტეტულია, საქართველოში განახლებად ენერგიებში ინვესტირებისთვის განვითარდეს აუქციონის პრინციპი, რასაც რამდენიმე ქვეყანაში ვნერგავთ. ვფიქრობთ, ეს საკმაოდ ძლიერი ჩარჩოა იმისთვის, რომ სექტორმა ძალიან მაღალი ხარისხის კერძო ინვესტორები მოიზიდოს, ყველაზე დაბალ ხარჯად და პოტენციალის ათვისებაც დაჩქარდეს.

ხელს ვუწყობთ ენერგოქსელების განვითარებასაც იმისთვის, რომ ელექტროენერგიის დისტრიბუცია მოხდეს უფრო ეფექტურად. მწვანე დღის წესრიგი არ უკავშირდება მხოლოდ განახლებადი ენერგიის განვითარებას - აქ შედის ტრანსპორტი, მეტროს რეაბილიტაცია, ელექტროავტობუსები - ეს მიმართულებაც ძალიან საინტერესოა და ესეც მწვანე დღის წესრიგის ნაწილია,”- განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა ოდილ რენო-ბასომ.

EBRD საქართველოში როგორც ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის, ასევე ქსელის მოდერნიზაციის პროცესში არის ჩართული. მათ შორის ყველაზე მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტი, რომელსაც ბანკი აფინანსებს "ნენსკრაჰესია", რომლის $1-მილიარდიანი საინვესტიციო მოცულობიდან EBRD-ი $174 მილიონ დოლარს ფარავს. თუმცა, ჯერჯერობით ამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის აქტიური ფაზა ჯერ არ დაწყებულა, რადგან მას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი აფერხებს. არსებული მდგომარეობით, სადგურის ექსპლოატაციაში შესვლა 2025 წლისთვის გადავადდა. 

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკაში EBRD-მა დააფინანსა, "ენგურჰესის" რეაბილიტაციაა, ასევე ორგანიზაციამ KFW-სთან ერთად სახელმწიფო ელექტროსისტემის ქსელების მოდერნიზაციაც დააფინანსა.