მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-ის რეგიონული დირექტორი: ჩვენ ანაკლიის პორტის პროექტს მხარს ვუჭერთ

5e2b057ae3d2b
შოთა ტყეშელაშვილი
24.01.20 19:40
1205

"ჩვენ თვალს ვადევნებთ მთავრობის აქტივობებს ამ მიმართულებით. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, და მისი განხორციელება უკვე მთავრობაზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის განვითარებას", - გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა. 

ჰანსენის თქმით, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოში EBRD-ის ერთ-ერთი წამყვანი პრიორიტეტია. 

"ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ყველაფერი, რაც უკავშირდება ლოგისტიკის განვითარებას, კიდევ ერთი პრიორიტეტი უკავშირდება განახლებად ენერგიას, ასევე ჩვენ გვსურს მხარი დავუჭიროთ ტურიზმის ინდუსტრიასაც, ვფიქრობ, რომ ეს სფერო საქართველოს ეკონომიკის დაბალანსებულად განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი, ასევე ჩვენ გავაგრძელებთ საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერას, ასევე DCFTA-ის მოთხოვნებთან დასაახლოებლად დაფინანსებას, ასევე გვაქვს იმედი, რომ მოგვეცემა შესაძლებლობა, ვიმუშავოთ კომერციულ სექტორში, ვიმუშავოთ იმ კომპანიებთან, რომელთაც სურთ ჩვენთან ერთად თანამშრომლობა და მხარი დავუჭიროთ მათ ზრდას", - ამბობს კატარინა ბიორლინ ჰანსენი. 

კატარინა ბიორლინ ჰანსენი "საქმიანი დილის" ეთერში:



საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყვიტა. 

9 იანვარს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ პირგასამტეხლოსთან ერთად, სამინისტრო კონსორციუმისგან იმ მიწების დაბრუნებასაც მოითხოვს, რომელიც მთავრობამ ანაკლიის პორტის პროექტის განვითარების პროცესში გამოისყიდა. სამინისტროს ცნობით, მიწების ჯამური ღირებულება 60 მლნ ლარამდეა. 

პირგასამტეხლოსა და მიწების დაბრუნების მოთხოვნით სახელმწიფო "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან", თავის მხრივ, ქართული მართლმსაჯულების ფარგლებში იდავებს. როდის წარადგენს სარჩელს მთავრობა, ჯერჯერობით, უცნობია.