მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-მა საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს $25 მილიონი გამოუყო

5eb9028932208
შოთა ტყეშელაშვილი
11.05.20 11:51
2513
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს" (GHG) $25 მილიონი დოლარის ოდენობის სასესხო დაფინანსება გამოუყო. ამის შესახებ განცხადებას თავად EBRD ავრცელებს.

დაფინანსება წარმოადგენს EBRD-ის სოლიდარობის პაკეტის ნაწილს, რომელიც განკუთვნილია კრიზისის ეკონომიკური ზეგავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად.

"EBRD მხარს უჭერს საქართველოში ჯანდაცვის სექტორს, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფისთვის (სჯჯ) გამოყოფილი 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის სახით, საბრუნავი კაპიტალის და ოპერაციული ხარჯების მოთხოვნების დასაფინანსებლად, ქვეყანაში კორონავირუსული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჯგუფის გადამწყვეტი როლიდან გამომდინარე.

თანხები საშუალებას მისცემს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს (სჯჯ), მოახდინოს ექვსი მთავარი საავადმყოფოს ადაპტირება Covid-19-ის პაციენტებისთვის, ასევე, გააძლიეროს დიაგნოსტიკური შესაძლებლობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვირუსის განვითარებისათვის თვალის მიდევნების თვალსაზრისით, ტესტირების გზით, ქვეყნის მოწინავე სამედიცინო ლაბორატორია MegaLab-ში, რომელიც თავდაპირველად, 2019 წელს, EBRD-მა დააფინანსა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი, 2015 წელს დაფუძნდა და საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კერძო სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი გახდა. ჯგუფის პორტფოლიო მოიცავს საავადმყოფოებს, კლინიკებს, აფთიაქებს, სამედიცინო დაზღვევას და დიაგნოსტიკურ ლაბორატორიას.

EBRD-ის ინვესტიცია გათვალისწინებულია მისი „გამძლეობის ჩარჩოთი“, რომელიც შეიქმნა კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის შედეგად დაზარალებული არსებული კლიენტების გადაუდებელი მოკლევადიანი ლიკვიდურობისა და საბრუნავი კაპიტალის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ეს გააძლიერებს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის შესაძლებლობებს, რათა დაეხმაროს ოფიციალურ უწყებებს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში ჯანმო-ს სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად და შედეგად, ჩაახშოს დაავადების შემდგომი გავრცელება," - ნათქვამია EBRD-ის განცხადებაში. 

 EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი: „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (სჯჯ) ჩვენი დიდი ხნის კლიენტია და მოხარულები ვართ, რომ ვაძლიერებთ მის საქმიანობას. მყარი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ რთულ დროში და ამ პროექტით ჩვენ ინვესტიციას ვახორციელებთ ადამიანებში, სიცოცხლის გადარჩენასა და მომავალში“. 

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე: „მსურს, მადლობა გადავუხადო EBRD-ის ჩვენს დიდი ხნის პარტნიორს, რომელთანაც ჩვენს ჯგუფმა დაასრულა კიდევ ერთი წარმატებული ტრანზაქცია. გამოყოფილი თანხები საშუალებას მოგვცემს, მხარი დავუჭიროთ ქვეყანას კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში, შევინარჩუნოთ ძლიერი ლიკვიდურობა და მომსახურების ხარისხი, რათა სათანადოდ ვუპასუხოთ ჩვენი პაციენტებისა და მომხმარებლების საჭიროებებს და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა".