მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-მა საქართველოსთვის 2022-2027 წლების სტრატეგია დაამტკიცა

61bafc8d88e73
შოთა ტყეშელაშვილი
16.12.21 21:41
733
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოსთვის ახალი ხუთწლიანი სტრატეგია დაამტკიცა. ბანკის ინფორმაციით, 2022-27 წლებისთვის საქართველოში მათი სტრატეგია სამ ძირითად პრიორიტეტს ეფუძნება:

ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლება

"EBRD მზადაა დაეხმაროს კომპანიებს, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოებს, გაზარდონ პროდუქტიულობა და მდგრადობა კონკურენტუნარიანობის გაზრდით და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით, მაგალითად, გაციფრების პროცესში ინვესტიციების განხორციელებით. ბანკი ასევე გააგრძელებს მუშაობას ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის გაფართოების მიზნით, რათა კომპანიებს ჰქონდეთ უკეთესი არჩევანი დაფინანსების კუთხით."- წერს EBRD.

ინკლუზიისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა

"ბანკი გააძლიერებს ძალისხმევას უნარების განვითარებაზე წვდომის გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით, ახალგაზრდების, ქალებისა და სხვა მარგინალიზებული ჯგუფებისთვის. ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, მათ შორის, დედაქალაქის გარეთ, რეგიონებში. რეგიონების მაცხოვრებლებისათვის გაუმჯობესებული წვდომა დაფინანსებასა და აუცილებელ მუნიციპალურ სერვისებზე EBRD-ისათვის პრიორიტეტია."

საქართველოს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის მხარდაჭერა

"სათბურის გაზების ემისიების შემცირებისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის ინიციატივების მხარდაჭერის გზით, EBRD მზადაა საქართველოს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესის აჩქარების მხარდასაჭერად. EBRD-ის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის მეთოდოლოგიისა და ამ სფეროში მის კარგ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ბანკი გააერთიანებს განახლებად ენერგიებში ინვესტიციებს პოლიტიკის შემუშავების პროცესში მონაწილეობასთან. ის ხელს შეუწყობს სახელმწიფო საწარმოების რეფორმას, მათ შორის, ენერგიისა და რესურსების ეფექტურობის გაზრდის მხრივ და გააგრძელებს მწვანე ქალაქების ჩარჩოს გაფართოებას,"- ნათქვამია ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საქართველომ ბოლო წლებში დიდი ძალისხმევა გაიღო რეფორმების განხორციელებისა და მდგრადი საბაზრო ეკონომიკის ჩამოსაყალიბებლად. EBRD-ის ახალი სტრატეგია მხარს დაუჭერს საქართველოს ეკონომიკას, რომელიც საგრძნობლად დაზარალდა Covid-19-ის პანდემიის შედეგად, აღდგენისა და შემდგომი განვითარების პროცესში.

EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მუშაობის დაწყების დღიდან, ბანკმა 4.53 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 269 პროექტში - ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგო სექტორებში, ინვესტიციების 78 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის.