17.ივლისი .2020 12:10

EBRD: მივესალმებით საქართველოს მიერ ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის მიღებას

views 445
უკან

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD) საქართველოს მიერ ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. EBRD აღნიშნავს, რომ კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ და კანონი შენობათა ენერგოეფექტიანობის შესახებ საქართველოს მიერ DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. 

"ორი ახალი კანონი - კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ და კანონი შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ - მნიშვნელოვანი ნაბიჯია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებით (DCFTA) აღებული მოთხოვნების შესრულების, ასევე, ენერგეტიკური თემის წევრობის თვალსაზრისით. ეს არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ევროკავშირსა და მის მეზობლებს აერთიანებს პან-ევროპული ენერგეტიკული ბაზრის შესაქმნელად.

ეს კანონები საშუალებას მისცემს საქართველოს გააუმჯობესოს ენერგიის დაზოგვა 14 პროცენტით 2025 წლისთვის, რაც ქვეყანას დაეხმარება შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, გაზარდოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და გაამყაროს ენერგეტიკული კავშირები ევროკავშირთან. გარდა ამისა, კანონები ხელს შეუწყობს ენერგო სტანდარტების შესრულების გაუმჯობესებას ახალი მშენებლობებისა და შენობების მოდერნიზაციის კუთხით ევროკავშირის სტანდარტების თანახმად.

ინიციატივა, რომელიც წინ უძღოდა ამ კანონებს, კონცეფციის სახით, 2015 წლის ბოლოს ჩამოყალიბდა, როდესაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაიწყო ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის (NEEAP) პროექტის შემუშავება EBRD–თან ერთად. ეს პროცესი განხორციელდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.

NEEAP მიმართულია ისეთ გამოწვევების საპასუხოდ, როგორიცაა ეკონომიკის ენერგეტიკული ინტენსივობის შემცირება - ქვეყნის უწყვეტი ეკონომიკური ზრდისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების პარალელურად. ეს იყო ზომების ერთობლიობა, რომელიც საქართველოს უნდა გაეტარებინა ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად და რომელმაც შექმნა საფუძველი ამ ორი ახალი კანონის მისაღებად, რომლებიც შედგენილია EBRD-ისა და ენერგეტიკის საზოგადოების სამდივნოს მხარდაჭერით," - ნათქვამია ბანკის განცხადებაში. 

ახალი კანონმდებლობის შესახებ საუბრისას კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, EBRD-ის კავკასიის რეგიონალური დირექტორმა, თქვა:

„ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევაა საქართველოსთვის. კანონმდებლობა ქმნის ახალ ინვესტიციურ შესაძლებლობებს მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებით, ამავე დროს, ხელს უწყობს ენერგიის მოხმარებას ეკოლოგიურად უფრო სუფთა წყაროებიდან. ემისიების შემცირება და კლიმატის საფრთხეების შემცირება EBRD–ის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.”

EBRD-ის იურიდიული პროგრამის უფროსი მრცეველი ვალსინა ჰარალამპიევა კი ამბობს, რომ ამ კანონთა მიღება არის გზავნილი, რომ საქართველოსთვისთვის ენერგოეფექტურობის პოლიტიკა პრიორიტეტულია:

"სამოქმედო გეგმა, რომელიც მიიღეს 2019 წელს, არის საქართველოს გზავნილი მსოფლიოსათვის, რომ მისთვის პრიორიტეტულია ენერგოეფექტურობის პოლიტიკა და ინვესტიციები, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებლებისთვის გაუმჯობესებული სერვისის მიწოდებას, იზოლირებული სახლების მიერ ნაკლები ენერგიის მოხმარებას და გრძელვადიან პერსპექტივაში - უფრო კონკურენტუნარიან ეკონომიკას", - ამბობს ვალსინა ჰარალამპიევა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა