27.სექტემბერი .2019 12:30

EBRD: "ბიზნესისგან მესმის: არსებობს საფრთხე, ბიზნესკლიმატმა გაუმჯობესება შეწყვიტოს"

views 264
უკან

"ანალიტიკა"-ს ექსკლუზიური ინტერვიუ EBRD-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან იურგენ რიგტერინკისთან.

მოგესალმებით, ბატონო იურგენ. დიდი მადლობა, რომ პასუხობთ ჩემს შეკითხვებს. ჩემი პირველი კითხვა ასეთი იქნება: რას მიიჩნევთ საქართველოს ეკონომიკის მთავარ მიღწევად და გამოწვევად 2012 წლის შემდეგ?

როგორც იცით, იბიარდი საქართველოში უკვე მრავალი წელია, რაც ძალიან აქტიურად მუშაობს. დღესდღეობით ჩვენ ვართ ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი ამ ქვეყანაში - 3.4 მილიარდის ღირებულების ჯამური ინვესტიციით, 235 პროექტში. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ვაქტიურობთ ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორში - ფინანსური, ენერგეტიკის, წარმოება. აქვე ისიც შემიძლია ვთქვა, რომ ერთ სულზე ინვესტიციებით საქართველოს იბიარდის ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ეს მაჩვენებელი თავისთავად იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ საკმაოდ წარმატებულად ვოპერირებთ ამ ქვეყანაში. ამდენად მთავარი გამოწვევა არის სწორედ ინვესტიციების არსებული დონის შენარჩუნება რაც შეიძლება მაღალ ნიშნულზე. ეს კი მხოლოდ სტაბილური საინვესტიციო კლიმატის პირობებში იქნება შესაძლებელი.

როგორ აფასებთ ამ კლიმატს დღეს საქართველოში?

ძალიან კარგი და თან კომპლექსური შეკითხვაა. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ამ ეტაპზე რთულია ზუსტი შეფასების გაკეთება, რადგან საქართველოში პირველად ვარ იბიარდის პირველი ვიცეპრეზიდენტის რანგში და ვფიქრობ, არ არის მიზანშეწონილი ჩემგან სიტუაციის შეფასება მაშინ, როცა ქვეყანაში მხოლოდ 24 საათია, რაც ჩამოვფრინდი. მიუხედავად ამისა, ბევრი ბიზნესისგან და სხვა წყაროებისგან მესმის, რომ ქვეყნის ეკონომიკაში გარკვეული არასტაბილურობაა და არსებობს საფრთხე, რომ ბიზნესკლიმატმა გაუმჯობესება შეწყვიტოს.

არ ვიცი, რამდენად კონკრეტულად იცნობთ დღევანდელ გარემოს, მაგრამ ალბათ ბიზნესწრეებისგან იმასაც გაიგებდით, რომ დღეს ბიზნესგარემოს საკმაოდ მძიმე რეგულირების საკმაოდ სწრაფი ტემპია არჩეული. ნაწილს მართლაც ითხოვს ევროკავშირთან ჰარმონიზების პროცესი, მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ რეგულირების გავლენა წინასწარ არასდროს ფასდება. რას გვეტყვით ამაზე?

თქვენს ახალ პრემიერთან მქონდა შეხვედრა. ეს თემაც მოხვდა განსახილველ დღის წესრიგში. როგორც იცით, იბიარდის ინიციატივით ქვეყანაში ინვესტორთა საბჭო მოქმედებს. პრემიერმინისტრმა საბჭო შეაფასა, როგორც ძალიან ღირებული ინსტრუმენტი და დაგვპირდა, რომ უფრო მეტად მოუსმენს ბიზნესს. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში სხვადასხვა შეხვედრა გვექნება - ამდენად, საკმაოდ ოპტიმისტური განწყობით ვართ ამ ეტაპზე, რომ ამ საკითხზე მსჯელობა იქნება.

რადგან ინვესტორთა საბჭო ახსენეთ, შეგიძლიათ დაგვისახელოთ ის მიღწევები, რაც ამ საბჭოს აქვს ამ დროისთვის - როდესაც ამ საბჭოს წევრების აქტიურობის გამო, მთავრობამ უკეთესი გადაწყვეტილება მიიღო?

ინვესტროთა საბჭო ზოგადად საჯარო და კერძო სექტორებს შორის საკომუნიკაციო ძალიან ეფექტური ჩარჩოა. ქვეყნის მნიშვნელოვან ინვესტორებს პირდაპირი კავშირის შესაძლებლობა უჩნდებათ პრემიერთან და ზოგადად, ქვეყნის ხელმძღვანელობასთან. როგორც წესი, ეს ძალიან ეფექტური საშუალებაა, რომ მნიშვნელოვანი საკითხები კერძო სექტორთან კონსულტაციების ფორმატში გადაწყდეს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, აქ გავიხსენებდი ცალკეულ მაგალითებს, რაც ევროკავშირთან ჰარმონიზების პროცესს უკავშირდება და ასევე გამოვყოფდი სასოფლო-სამეურნეო მიწების მართვასთან დაკავშირებულ კანონმდებლობასაც.

რა არის დღეს ის რეფორმები, რომელთა გატარებაც აუცილებელია საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის შესანარჩუნებლად?

მთავარი, რაზეც მთავრობამ უნდა იმუშაოს ის არის, რომ ინვესტორებს გაუჩნდეთ მოლოდინი და რწმენა, რომ მდგრად საინვესტიციო გარემოში საქმიანობენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 15-20 წლის განმავლობაში საქართველომ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია რადიკალური რეფორმების გატარება, ძალიან დიდი წარმატების მიღწევა და რეგიონის ბევრი ქვეყნისთვის სანიმუშო მაგალითად ქცევა. მაგალითად, საქართველომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საკუთარი პოზიციები კორუფციის აღქმის ინდექსში; ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსში და სხვა სფეროებში. თქვენც აღნიშნეთ და მეც დაგეთანხმებით, რომ უცხოელი ინვესტორების გარკვეული ნაწილი ხედავს საფრთხეს, რომ რეფორმირების ტემპი ისეთი აღარ არის, როგორც ადრე და ვფიქრობ, ამ მიმართულებით გააქტიურება იქნებოდა ჩემი მთავარი რჩევა და რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლებისადმი.

თქვენ ახსენეთ სიტყვა მდგრადი და ვფიქრობ, ეს სიტყვა ამ კონტექსტში ნამდვილად საკვანძოა და ნება მომეცით ავხსნა, რატომ ვფიქრობ ასე. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მუდმივად ვაკვირდებით მთავრობების ძალიან ხშირ ცვლას და ძალიან სწრაფ ცვლას - არ ვიცი ამაზე რა კომენტარს გააკეთებს იბიარდი, გამოცდილებით ვიცი, რომ თავს შეიკავებთ...

...დიახ არ ცდებით

თუმცა საქართველოში ბევრი ვერ ხვდება, რატომ ტოვებენ თანამდებობებს ამ ქვეყანაში პრემიერმინისტრები, რომლებიც ამბობენ, რომ წარმატებულები იყვნენ და ბევრს მიაღწიეს. ჩემი კითხვა თქვენთან ასეთია: აქვს თუ არა ამ ყველაფერს გავლენა ბიზნესკლიმატზე და რეფორმების მდგრადობაზე, რაზეც ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით?

იბიარდი არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია. ჩვენ გვსურს თანამშრომლობა ყველა მთავრობასთან. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ მთავრობებისთვის, ამას ვაკეთებთ ქართველი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, სიმართლეა, რომ მთავრობების ხშირ ცვლას მოაქვს გარკვეული გამოწვევები და გაურკვევლობები. ვიცით, რომ 1 წელიწადში არჩევნებია - შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მინისტრთა ნაწილი ისევ შეიცვლება. მეორე მხრივ, შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ ბოლო წლებში განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებს საქართველოს ეკონომიკისთვის რეალური პრობლემები არ შეუქმნია: მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, ინფლაციის დონეს, ფისკალური დეფიციტის დონეს - ყველა ამ მიმართულებით სურათი საკმაოდ სტაბილურია.

და ლარი? გაუფასურების ტენდენცია, რომელზეც ბიზნესიც ჩივის და რომელიც როგორც ეროვნული ბანკი ამბობს უკვე ინფლაციაზეც ახდენს გავლენას?

სტაბილური ეროვნული ვალუტა ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. აქ დოლარიზაციის მაღალ ხარისხს ვაკვირდებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის შემცირდეს. აქ იბიარდის როლს ვხედავთ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების თუ სხვა მიმართულებით განვითარებაში და ამ თემებზე აქტიურად ვმუშაობთ. მეორე მხრივ, გაუფასურება დღის წესრიგში დგას არა მხოლოდ ლარის, არამედ ბევრი სხვა ვალუტის შემთხვევაშიც და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, თუ რა ვითარებაა საქართველოს ყველაზე მსხვილ სავაჭრო ქვეყნებში - მაგალითად, თურქეთში ან რუსეთში - უნდა ვთქვათ, რომ ყველა გაურკვევლობის მიუხედავად, ლარმაც და ქვეყნის ეკონომიკამაც საკმაო გამძლეობა აჩვენა.

რადგან ახსენეთ, რომ იბიარდი ბევრ სექტორში საქმიანობს საქართველოში, რომელ სექტორებს დაასახელებდით, რომელთაც მომავალ წლებში ზრდის ყველაზე მაღალი პოტენციალი აქვთ?

არ მინდა თავი იმით შევიზღუდო, რომ მხოლოდ გარკვეულ სექტორებზე გავაკეთო აქცენტი. საქართველოს ეკონომიკა ძალიან დივერსიფიცირებულია, რაც ჩვენთვის იმას ნიშნავს, რომ ბევრ სფეროში უნდა ვიყოთ აქტიურები. თუმცა ბოლო პერიოდში იბიარდის ჩართულობა გაიზარდა ენერგეტიკის და განახლებადი ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით და ვფიქრობ, ეს გაგრძელდება. ასევე უფრო ინტენსიურად ჩართულებს გვიხილავთ მუნიციპალიტეტებთან მუშაობის თვალსაზრისით, თბილისში, მაგალითად, ქალაქის მწვანე ეკონომიკის განვითარების კუთხით ვაქტიურობთ - თბილისი ისედაც ლამაზი ქალაქია, მაგრამ, რატომ არ უნდა გვქონდეს მაგალითად, ელექტრო ავტობუსები და რატომ არ უნდა შევუწყოთ ხელი ქალაქში უფრო სუფთა ჰაერს?

მხარს უჭერთ მცირე და საშუალო ბიზნესსაც. აქ რა შედეგებს მიაღწიეთ?

ნამდვილად, ამ სექტორის დიდი მხარდამჭერები ვართ. ვფიქრობთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესსექტორი ისე, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, საქართველოშიც ეკონომიკის ხერხემალია. თუმცა ჩვენთვის, როგორც ძალიან დიდი ბანკისთვის, რომელსაც ერთი ოფისი აქვს საქართველოში, სადაც მხოლოდ 35 ადამიანი მუშაობს, ძალიან რთულია ამ სექტორში ყველა ბიზნესზე უშუალოდ წვდომა. ამდენად ამ საქმეს ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვუძღვებით - კომერციულ ბანკებთან, რომლებიც ჩვენი დაფინანსების გამტარები და შუამავლები არიან. ამას გარდა, ჩვენ საკონსულტაციო სერვისიც გვაქვს, სადაც ამ სექტორის 3000 წარმომადგენელს უკვე დავეხმარეთ - რჩევები მოიცავს IT საკითხებს, რისკმენეჯმენტის საკითხებს, ვერბგვერდის გამართვას - ნებისმიერ პრაქტიკულ საკითხს.

როგორ აფასებთ საქართველოში ახალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების ტენდენციას. რასაც ჩვენ რიცხვებში ვუყურებთ, ახალი ინვესტორები პრაქტიკულად არ გვყავს და ინვესტიციებიც იკლებს. ბიზნესგარემოს მიმზიდველობაზე ვსაუბრობთ და როგორ ფიქრობთ, რა დასკვნის გამოტანა შეიძლება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკაზე დაკვირვებით - მათ შორის, ამ თემაზეც?

კიდევ ერთი კარგი შეკითხვა. მაგრამ ნება მომეცით, არ დაგეთანხმოთ. სულ ახლახან წავიკითხე ერთი სარეიტინგო კომპანიის ანგარიში, რომელმაც საქართველოს სუვერენული რეიტინგი გაუზარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი, რასაც სააგენტო ასახელებდა მათ შორის იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ქვეყანაში საკმაოდ სტაბილური შემოდინება, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 7-8%-ს შეადგენს.

სავარაუდოდ, თქვენ ფიტჩ რეიტინგს გულისხმობთ. მე სხვა სტატისტიკას. თუმცა რადგან ეს სააგენტო ვახსენეთ, ფიტჩმა ისიც თქვა, რომ მომავალ წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ყველაზე მიმზიდველი ანაკლიის პროექტი იქნებოდა, რომელიც დღეს შეიძლება ითქვას, გაყინულია და ადგილიდან არ იძვრის. მინდა ამ თემაზეც გთხოვოთ კომენტარი.

ალბათ სამართლიანია ვთქვათ, რომ ანაკლია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია - უფრო სწორად, შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. და სხვათაშორის, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვისაც. გუშინ სომხეთში ვიყავი, სადაც მთავრობასა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შევხვდი და ისინიც მელაპარაკნენ, რამდენად მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. მიუხედავად ამისა, დღეს ის ვითარებაა, როდესაც საუკეთესო სტრუქტურის ძიება მიმდინარეობს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროექტი. შეხვედრა მქონდა თქვენს პრემიერმინისტრთან და განვაცხადე, რომ ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ ანაკლიის პროექტში თუ მივაგნებთ კომერციულად გამართულ გადაწყვეტას.

რას გულისხმობთ? რას ნიშნავს ჩართვა და კომერციულად გამართული გადაწყვეტა? ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

დეტალებს ჯერ ვერ გეტყვით, რადგან ეს ყველაფერი დამოკიდებულია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა, რას გადაწყვეტენ თავად სპონსორები, კომერციული პარტნიორები. იდეალურ ვითარებაში იბიარდის ჩართულობა საჭირო შეიძლება არც გახდეს. იცით, რომ იბიარდი განვითარების ბანკია და მხოლოდ მაშინ ერთვება საქმეში, როცა კომერციულ ბაზარს პოტენციალის ათვისება არ შეუძლია. ამას ჩვენ ასე ვუწოდებთ - დამატებითი ჩართულობის საჭიროებას. ჩვენ ვუთხარით პრემიერმინისტრს, რომ თუ კომერციული ბაზარი ამ პოტენციალს ვერ აითვისებს - და ჩვენ გვესმის, რომ ეს ძალიან კარგი პროექტია, ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ ჩვენი როლი.