მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD: საქართველოს მიმართ ჩვენი დახმარება რამდენიმე კლასტერად დავყავით

5e9b0fba6464d
ელენე კვანჭილაშვილი
18.04.20 19:55
1930
COVID-19-ის პანდემიის პირობებში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზე და EBRD-ის მხარდაჭერის გეგმებზე საქართველოსთან მიმართებით, გადაცემა "ანალიტიკაში" ელენე კვანჭილაშვილთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა ისაუბრა. 

მოგესალმებით, ქალბატონო კატარინა. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში, თქვენგან მოვისმენთ, რაზე გაამახვილებს ყურადღებას EBRD საქართველოს მხარდაჭერის კუთხით.

ჩვენ საქართველოს მიმართ ჩვენი დახმარება რამდენიმე კლასტერად დავყავით. პირველი - ეს არის კერძო სექტორის დახმარება. ეს ყველაზე სწრაფად ჩამოსაყალიბებელი იყო, რადგან კერძო სექტორმა მყისიერად მოგვმართა მხარდაჭერისთვის. ჩვენი დახმარება მიწვდება როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, კომერციულ ბანკებს, ისე მცირე და საშუალო ბიზნესსექტორს, რომ მათ წინააღმდეგობა გაუწიონ პანდემიის პირველ დარტყმებს და ფუნქციონირება არ შეწყვიტონ.

მეორე ფაზა - უფრო გრძელვადიანი მუშაობაა იგივე კლიენტებთან, მაგრამ არა მყისიერი შედეგების მისაღწევად, არამედ უფრო გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძველია. ჩვენი გადმოსახედიდან, ესეც კოვიდ-19-ის პანდემიაზე საპასუხო მხარდაჭერაა.

ჩვენ ასევე ვმუშაობთ მთავრობასთან - ვეხმარებით მუნიციპალიტეტებს, ენერგეტიკის სექტორს და ნებისმიერი ტიპის ინფრასტრუქტურის გამართვას, რაც შეიძლება სჭირდებოდეს ქვეყანას. ეს არის ის პროექტები, რომელთა მზადებაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლა უკვე მზად არის და არ უნდა გაჩერდნენ და აქვე მოიაზრება ის ახალი ზომები, რასაც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად განვიხილავთ.

რას ცვლის პანდემია თქვენს მიერ კერძო სექტორის დაფინანსების თუ მთავრობისთვის გაწეული მხარდაჭერის ფარგლებში?

ცვლილებები არ ეხება იმ პროექტებს, რასაც ან ვაფინანსებთ ან რისი დაფინანსების გადაწყვეტილებებიც უკვე მიღებული გვაქვს, თუმცა უკვე ახალმა ბიზნესებმაც მოგვმართეს და დღეს სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს, როცა საჭიროებებს დეტალურად განვიხილავთ და ვსწავლობთ. კომპანიების მომართვიანობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ამიტომ სხვა დონორებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ, რომ ძალისხმევის გადაფარვა არ მოხდეს.

ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენელს დავუსვი ეს შეკითხვა და თქვენც გკითხავთ: ელოდებით თუ არა გლობალური ეკონომიკის ფუნდამენტურ ცვლილებებს კოვიდ-19-ის ფონზე და რა შეიძლება გახდეს საქართველოს კონკურენტული უპირატესობა ახალ მსოფლიოში?

დიახ. მიმაჩნია, რომ მსოფლიო შეიცვლება. ჯერ ერთი მიწოდების ჯაჭვები დიდ ტრანსფორმაციას განიცდის - საკვების კუთხით და ენერგომოთხოვნების კუთხით დამოუკიდებლობას უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭება. აქვე შეგვიძლია ალბათ მოვიაზროთ მედიკამენტები და სამედიცინო სექტორის მდგრადობაც.

საქართველო ამ დრომდე ძალიან წარმატებით ართმევს თავს ამ გამოწვევებს. კომპანიებმა თავიანთი წარმოებები მომართეს საკვების წარმოებაზე, სამედიცინო აღჭურვილობის წარმოებაზე - ანუ პირველივე რეაქცია ამ გამოწვევაზე კერძო სექტორის მხრიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.

ეკონომიკის გაციფრულებაც ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იქნება. მეტი დატვირთვა მოვა ელექტრონულ კომერციაზე. ვფიქრობ, ენერგეტიკის სექტორიც შეიცვლება - ნაწილობრივ გაცვლითი კურსის მერყეობის გავლენითაც - ჩანს, რომ ენერგოდამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება ამ ახალ მსოფლიოში.

ეს საერთაშორისო დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილიც არის და სრულიად გამართლებულადაც. მეტი ყურდღება მიექცევა განახლებული ენერგიის წყაროების განვითარებას და აქაც ჩვენ სიამოვნებით გავწევთ მხარდამჭერის როლს.

რეკომენდაციებიც გვითხარით - რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ და კერძო სექტორმა, რომ თავი გაართვას ამ გამოწვევას და ნაკლები ზიანით გამოვიდეს პანდემიის წნეხიდან?

საქართველოს ძალიან კარგი ისტორია აქვს, როგორც რეფორმების გატარების, ისე მიმზიდველობის კუთხით. ეს კურსი უნდა გაგრძელდეს. ვფიქრობ, ძალიან ბევრი საერთაშორისო ინვესტორი უკვე უარს იტყვის ჩინეთში საქმიანობაზე და მოძებნის სხვა ადგილებს ამ ინვესტიციებისთვის და აქ საქართველოს კარგი შანსები აქვს. ამდენად ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ საქართველომ გააგრძელოს რეფორმირება და მსოფლიოსაც გააგებინოს ამის შესახებ.

რაც შეეხება კერძო სექტორს, აუცილებელია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესსექტორისთვის უზრუნველყოფილი იყოს ლიკვიდურობა, რომ მათ გადალახონ ეს გამოწვევები და სირთულეები. ადგილობრივ ბანკებთან ამ თემაზე ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ.

და ბოლოს, მწვანე ეკონომიკა ისევ რჩება EBRD-ის დღის წესრიგში, როგორც პრიორიტეტი, ამ პანდემიის ფონზეც? ესეც დავაზუსტოთ...

მწვანე ეკონომიკა შესაძლოა, დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ ვნახეთ შედეგი, რომ ბიზნესაქტივობის შემცირებამ მოგვიტანა უფრო სუფთა ჰაერი, მაგალითად. ამიტომ მწვანე ეკონომიკისკენ სწრაფვა - უფრო მწვანე წარმოება, უფრო მწვანე ენერგეტიკა - ამას EBRD სერიოზულად დაუჭერს მხარს.

და ბოლოს, რას ფიქრობთ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაზე კოვიდ 19-ის ფონზე და ამით დავასრულოთ.

ძალიან რთულია დღეს ამ პროგნოზების კეთება. EBRD-ის ეკონომისტთა ჯგუფი ამ დრომდე აქტიურად მუშაობს ტენდენციების გამოსაკვეთად, თუმცა ზუსტი სურათის დანახვა, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მალე დამთავრდება ეს კრიზისი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დავრჩეთ სახლში და ამით დავაჩქაროთ ეს პროცესი. კარგია, რომ საქართველოს წამყვანი სექტორი ტურიზმია, რადგან როგორც კი პანდემია გადაივლის, ადამიანებს მოუნდებათ მოგზაურობა და საქართველო ამ შესაძლებლობას მზად დახვდება. აქ კრიტიკულია, რომ მთავრობამ შეძლოს და მართოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა.