25.სექტემბერი .2019 10:32

EBRD: საქართველოში €3.4 მლრდ-ის კაპიტალდაბანდება გვაქვს განხორციელებული

views 368
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს იურგენ რიგტერინქს შეხვდა.


პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი გახარია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიწვია, რომელიც ნოემბერში ლონდონში გაიმართება.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა სხვადასხვა მიმართულებით განხორცილებული ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის სფეროში და კერძო სექტორის მხარდამჭერი პროექტები ძლიერ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე.


საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკის სექტორის რეფორმას. განსაკუთრებით აღინიშნა EBRD-ის მნიშვნელოვანი როლი ენერგოეფექტურობის, განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისკენ მიმართული პროექტების განხორციელების კუთხით, ასევე - მხარდაჭერა ინსტიტუციური და ეკონომიკური რეფორმებისადმი.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ახალ სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.


„ვისაუბრეთ EBRD-სა და საქართველოს შორის არსებულ შესანიშნავ თანამშრომლობაზე. დღეის მდგომარეობით, საქართველოში 3.4 მილიარდი ევროს ოდენობის კაპიტალდაბანდება გვაქვს განხორციელებული 235 პროექტის ფარგლებში. ეს ნამდვილად შთამბეჭდავია და ამდენად საქართველო ლიდერობს ჩვენს საინვესტიციო ქვეყნებს შორის დაბანდებული კაპიტალის სულადობრივი თანაფარდობის მიხედვით", - განაცხადა იურგენ რიგტერინქმა.


როგორც შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, საქართველო აფასებს EBRD-ის წვლილს ქვეყნის განვითარებაში.
“EBRD-ი არა მხოლოდ ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, არამედ არის ორგანიზაცია, რომელმაც პრინციპული როლი შეასრულა საქართველოს განვითარებაში და მრავალწლიანი თანამშრომლობის მანძილზე 200-ზე მეტი პროექტი დააფინანსა”, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


გახარიას თქმით, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობას ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების ვიზიტებიც ადასტურებს.


მთავრობის მეთაურმა EBRD-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს საქართველოსთან დაკავშირებით შემუშავებული განვითარების ახალი სტრატეგიისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყოვლისმომცველი დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია მთავრობის პრიორიტეტებთან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა