მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უცხოელი კონსულტანტები პერსპექტიულად უყურებენ საქართველოში მსხვილი კომპანიების გადმოყვანას“

5f7eeffeebc90
ინგა მურუსიძე
08.10.20 15:00
852
„გლობალური პანდემიის პირობებში, მაქსიმალურად ვმუშაობთ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, რადგან საქართველო მსოფლიო კრიზისის მიუხედავად, უცხოელი ინვესტორებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი პლატფორმაა, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო რეიტინგებში ბიზნესგარემოს კუთხით ბევრ პოზიციაში ლიდერობს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა ნათია თურნავამ საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც bm.ge-ს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებითა და USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობენ წარმატებული საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები ბელგიიდან და აშშ-დან.

ნათია თურნავას განცხადებით, საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან მჭიდრო კომუნიკაცია მიმდინარეობს, რათა საქართველო, რომელიც პრაქტიკულად უკვე გაჩნდა საერთაშორისო კომპანიების რუკაზე, მომავალში უფრო აქტიურად გაჩნდეს იმ კომპანიების რუკაზეც, ვინც თავისი საქმიანობისა და მიწოდებათა ჯაჭვის გეოგრაფიის შეცვლაზე ფიქრობს.

„საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების მომსახურებას მსოფლიოს წამყვანი გლობალური კომპანიები იყენებენ. ეს ადამიანები ჩამოდიან ჩვენთან, ეცნობიან საქართველოს შესახებ ინფორმაციას და რჩევას აძლევენ თავიანთ კლიენტებს, წარმატებულ კომპანიებს მთელ მსოფლიოში, რომ თუ ისინი წარმოების ან საქმიანობის სხვა ქვეყანაში გადატანას ფიქრობენ, საქართველო არის ერთ-ერთი მიმზიდველი ლოკაცია. მოხარული ვარ, რომ ბელგიიდან და აშშ-დან ჩამოსული კონსულტანტები ძალიან პერსპექტიულად უყურებენ საქართველოში მსხვილი უცხოური კომპანიების გადმოყვანას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მყოფი ლოკაციების კონსულტანტებისთვის ეწყობა გაცნობითი ტური, რომლის ფარგლებშიც ისინი შეხვდებიან საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებს.

საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები ქვეყანას სტუმრობენ, როგორც ტრანსნაციონალური საინვესტიციო სააგენტოების - Location Perspectives და AngelouEconomics-ის წარმომადგენლები. მათ საერთაშორისო კომპანიებთან და საჯარო სტრუქტურებთან საინვესტიციო პროექტების კუთხით თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.