მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეჭვი მეპარება, 26 აპრილამდე სრულად შევძლოთ სასწავლო პროცესის აღდგენა - პრემიერი

5e713c953f9f1
BM.GE
18.03.20 00:50
1153
განათლების სამინისტროს აქვს მიღებული დავალება იმისთვის რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ღამის კურიერში“, განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, განათლების სამინისტრო წარმოადგენს კონკრეტული გეგმას, თუ როგორ უნდა აღადგინონ დანაკლისი სასწავლო დაწესებულებებმა.

„ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის ძირითადი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ბავშვების. განათლების სამინისტრო დღეის მდგომარეობით ამბობს, რომ 26 აპრილამდე სასწავლო პროცესი თუ არ განახლდა სკოლებში, უკვე მთლიანად წლის სასწავლო პროცესი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, იქ არის გარკვეული სტანდარტები. განათლების სამინისტროს აქვს მიღებული დავალება იმისთვის რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა. მე ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე ჩვენ სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა, გარკვეული იმედი ამის მაინც რჩება. განათლების სამინისტროს დავალება დღეს მდგომარეობს იმაში, რომ წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა ეს დანაკლისი როგორ უნდა აღდგეს, ეს არის ამოცანა. ის, რომ დისტანციურად ჩვენი განათლების სისტემა დღეს არ არის მზად სრულფასოვანი განათლება მისცეს ჩვენს ბავშვებს, ეს ფაქტია და აქ თავი არ უნდა მოვიტყუოთ. შეიძლება ცალკე აღებული სკოლები უფრო მომზადებულები არიან ვიდრე სხვები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ბავშვი გვყავს რეგიონებში, სადაც უბრალოდ ელემენტარულ ინტერნეტზე წვდომა არის პრობლემა და ამიტომ აქაც ძალზედ ადეკვატურად უნდა შევაფასოთ სად ვართ და რისი შესაძლებლობები გვაქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა სფეროში პროცესები უნდა იყოს მართვადი და ხელისუფლება სრულად უნდა აგებდეს პასუხს, რომ ამ პროცესებს მართავს.

„ამიტომ აქ მარტივია, 26 აპრილამდე ჩვენ თუ შევძელით საგანმანათლებლო პროცესის აღდგენა, მაშინ ერთი სცენარი გვაქვს, 26 აპრილამდე თუ ვერ შევძელით ეს არის მეორე სცენარი, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა წარმოადგინოს განათლების სამინისტრომ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა ბევრ რაღაცას ვაკეთებთ, ბევრი ნოუ ჰაუ იქნება, ონლაინ გაკვეთილები ცოტა სხვა სფეროა, ამისთვის სხვანაირად უნდა იყოს სისტემა მზად. არ არის ეს მარტივი, ეს დიდი გამოწვევაა და მე ეჭვი მეპარება, რომ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ერთ ან ორ თვეში ამას უპასუხებენ შესაბამის დონეზე. მიმდინარეობს რამდენიმე სცენარზე მუშაობა. არსებობს დისტანციური სცენარი, რომელსაც თავისი გამოწვევები აქვს. მეორეს მხრივ, თუ ვირუსის პიკი ამ პერიოდს დაემთხვა, გაგრძელდა, ვერ გადავლახეთ დროზე, გამოწვევები შეიძლება სხვადასხვა იყოს. დღეს ჩვენ ვემზადებით სხვადასხვა სცენარისთვის. მთავარი არის ის, რომ უკიდურესად მძიმე სცენარებიც არსებობს, რომლებზეც ხელისუფლება, სახელმწიფო მუშაობს, მთავარია, რომ პროცესი იყოს მართვადი. ძირითადი ამოცანა არის შემდგომში, ყველა ამ სფეროში, განათლებაში, მარაგების მართვაში, ჯანდაცვაში, სამოქალაქო წესრიგში, პროცესები უნდა იყოს მართვადი და ხელისუფლება სრულად უნდა აგებდეს პასუხს, რომ ამ პროცესებს მართავს. ეს არის ძირითადი ამოცანა იმ გლობალური გამოწვევების წინაშე სადაც ახლა ვართ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.