მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ecovilla - $6-მილიონიანი ეკოდასახლების პროექტი საგურამოსთან

61fd00fa54e09
ვიქტორია მღებრიშვილი
04.02.22 23:21
3003
BEGA Projects-მა, კახეთში ეთნო „ღვინის სოფლის“ პროექტის შემდეგ, საგურამოსთან, თბილისიდან 20 წუთის სავალზე 6 მლნ დოლარის ღირებულების ეკოდასახლება - Ecovilla-ს პროექტის განხორციელება დაიწყო.

ტყით შემოსაზღვრულ 100 ჰა ფართობის მდელოზე ერთიანი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაწყება გაზაფხულიდან იგეგმება. Ecovilla-ს დასახლება 35 კერძო საცხოვრებელ სახლს და 5 თაუნ-ჰაუსს მოიცავს. როგორც BM.GE-სთან საუბრისას პროექტის იდეის ავტორი გიორგი ბეგაძე აღნიშნავს, ეკოდასახლებაში ყველა ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილება ეკომეგობრულია. პროექტის ავტორებმა მასზე მუშაობა ერთი წელია, რაც დაიწყეს და დღეისთვის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ყველა ძირითადი კომუნიკაცია ამ ადგილამდე მიყვანილია.



„ყველა სახლზე მზის ენერგიის პანელები, ეზოში ინდივიდუალური ეკო სეპტიკი და ავტომობილების ელექტრო დასამუხტი დამონტაჟდება. დახურული დასახლების მესაკუთრეებს წვიმის წყლის მართვა, მინი სათბურები, ინდივიდუალური სარელაქსაციო სივრცეები ჰარმონიული, ჯანსაღი და მაღალი ხარისხით ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს.

ეკოდასახლების პროექტის კონცეფცია იმ რეგიონის თავისებურების გათვალისწინებას მოიცავს, რომელიც იქ არის, თუ კახეთის „ღვინის სოფელში“ ეთნო ელემენტები შევიტანეთ, აქ ეკო გადაწყვეტილებაა და ჩვენი არსებული პროექტისგან განსხვავებული იქნება. თბილისის ირგვლივ მსგავსი პროექტი არ მეგულება. ჩვენ ეკო გადაწყვეტილებებს ვიღებთ, მაგალითისთვის შევიყვანეთ ელექტროენერგია, რომელიც მიწის ქვეშ მოვაქციეთ. წყალი ადგილობრივი რესურსებით გავაკეთეთ, მიწის სიღრმიდან ამოვიყვანეთ და ერთი საერთო რეზერვუარი მოვაწყეთ. ქუჩის განათებაზე, რომელიც ამ ტერიტორიამდე მიდის, მზის ენერგია გამოვიყენეთ, ყველა გადაწყვეტას ეკომიმართულებით ვავითარებთ. კომუნიკაციების მოწყობის პროცესში ერთი ხე არ მოგვიჭრია. მისასვლელ გზას კი არ დავაბეტონებთ, არამედ კარგად გაკეთებული დაპრესილი ნაშალი ქვით მოვაწყობთ“, - ამბობს ის.





BEGA Projects-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთები 1 400 კვადრატული მეტრიდან იწყება და 3 000 კვ.მ-მდეა.

„ფართების სიდიდის იდეაა რომ სახლები ისეთ ფართზე იყოს აშენებული, სადაც მეპატრონე მაქსიმალურად იზოლირებული იქნება მეზობლებისგან. ამ პროექტში დასახლებას დაახლოებით 55 ოჯახი შეძლებს.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5-6 მლნ დოლარია. პროექტის შესრულების ვადები მშენებლობის ინტენსივობაზეა დამოკიდებული, თუმცა ვფიქრობთ, რომ 5 წელიწადში პროექტი საბოლოო სახეს მიიღებს. ინფრასტრუქტურული ნაწილი მთლიანად დასრულებულია და პირველი ვილის მშენებლობა უკვე დაწყებულია, ხოლო რამდენიმე ვილის აშენება ამ წლის გაზაფხულიდან იგეგმება“, - უთხრა BM.GE-ის გიორგი ბეგაძემ.



Ecovilla-ს კონცეფციის ავტორებს პროექტის განხორციელების შემთხვევაში თითოეული მესაკუთრის მიმართ მოთხოვნები აქვთ, რომელიც აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს იმისთვის, რომ ეკოდასახლების შინაარსი გამართლებული იყოს.

„ვილების პროექტი ჩვენთან შეთახმებით შედგება, რადგან კონცეფციიდან გამომდინარე გარკვეული მოთხოვნები ჩვენც გვაქვს. ჩვენ მინიმუმ შავ კარკასს ავაშენებთ. სურვილის შემთხვევაში ბოლომდე გავურემონტებთ. ერთი ვილის ღირებულება დამოკიდებულია მიწის ფართზე და სახლის პროექტზე. ვილების მშენებლობისას ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნება რომ თაღებიანი სახურავით გადაიხუროს, მთელ ტერიტორიაზე ერთნაირი ღობე მოეწყოს, რაც იერსახისთვის მნიშვნელოვანია, ასევე სახურავზე მზის პანელები და ტერიტორიაზე ეკოსეპტიკები უნდა დამონტაჟდეს. ვილები მხოლოდ მას შემდეგ აშენდება, რაც მსურველი გამოჩნდება და დაგეგმარება მათი მოთხოვნის შესაბამისად მოხდება“, - განმარტა გიორგი ბეგაძემ.



აღსანიშნია ისიც, რომ ტერიტორიაზე განთავსდება აფთიაქი და მაღაზია, რომელსაც გამყიდველი არ ეყოლება. ეს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ადგილობრივი მაცხოვრებელების ხელმისაწვდომობას განაპირობებს. კვირაში 2-ჯერ კი სპეციალურად მოწყობილ საკოლმეურნეო ბაზარში რეგიონის ფერმერები საკუთარი ნაწარმის გაყიდვას შეძლებენ.

BM.GE-სთან საუბარისას BEGA Projects-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ Ecovilla-სადმი ინტერესი საკმაოდ დიდია და რამდენიმე მიწის ნაკვეთი უკვე გაყიდულია. ვილების მშენებლობის პროცესში სამუშაოებზე 30-მდე ადგილობრივი დასაქმდება.