მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველო არ არის მხოლოდ ჭამა-სმის ქვეყანა“ - გიდი

5f8c43101b3c3
მარიამ ადამია
18.10.20 17:10
1129
“საქართველო არ არის მხოლოდ ჭამა-სმის ქვეყანა. აქ არის მიმზიდველი სამზარეულო და კიდევ უფრო უკეთესი ღვინო, მაგრამ გაცილებით მეტია ინტელექტუალური და ვიზუალური ემოცია, ვიდრე ის საბჭოთა ნიშა და იარლიყი, რომელიც დღემდე მოგვყვება”,- ამის შესახებ Bmg-სთან ტურისტულმა გიდმა, ლელა გიორგაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორი მესიჯებისა და გზავნილების შემუშავება/გაშვებით ჩვენ გავდივართ კონკრეტულად იმ მომხმარებელზე, ტურისტზე, ქვეყანაზე ვისთანაც გვაწყობს და გვიღირს ურთიერთობა პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ტურისული თვალსაზრისით.

მისი თქმით, საქართველოს იმიჯი, როგორც ჭამა-სმის ქვეყნის, უნდა შეიცვალოს და უნდა ჩამოვყალიბდეთ, რას ვეუბნებით ჩვენს შესახებ მსოფლიოს, ან საერთოდ ჩვენ როგორ ვხედავთ ჩვენივე ქვეყანას.

“ტურიზმი ეს არის კულტურული დიპლომატიის ნაწილი, რაც განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკას და დღეს უკვე აღარ არის საკმარისი უკეთესზე უკეთესის შეთავაზება, რადგან მსოფლიო ითხოვს უნიკალურობას, რისი საშუალებაც საქართველოს აქვს.

ამაზე საფიქრალი დრო გვქონდა და წესით არც ახლაა გვიანი, ამიტომ მზადება უნდა დავიწყოთ დღეს და როცა დამთავრდება პანდემია, ტურისტებს მომზადებულები დავხვდებით. მაგრამ ამაზე საჭიროა დროის დახარჯვა,ფიქრი, მუშაობა და ჩართულობა როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის,“ - აღნიშნა ლელა გიორგაძემ.

ტურისტული გიდის თქმით, მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნები მუდმივად მუშაობენ მიმართულებებისა და იმიჯის განახლებაზე, იმისათვის, რომ იყვნენ მოთხოვნადი მოგზაურებს შორის, რასაც საქართველო არ აკეთებს, ჩვენ აქ მივყვებით დინებას და გვაქვს გათვლა რაოდენობაზე, მაშინ როდესაც უკვე დიდი ხანია უნდა გვქონდეს ორიენტაცია შეჩერებული ხარისხზე.