მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აქციზი თხევად გაზს 15-20 თეთრით აძვირებს“ - მომხმარებლებს აღარ უღირთ ავტომობილი გაზზე გადაიყვანონ“ - ასოციაცია

61ebbb808f4c1
ელენე გოგბერაშვილი
22.01.22 12:25
1983
საერთაშორისო სანავთობო ბირჟებზე სრულიად არაპროგნოზირებადი ვითარებაა. იზრდება როგორც ნავთობის, ისე ნავთობპროდუქტების ღირებულება. არსებულ ტენდენციებზე დაყრდნობით ადგილობრივი ნავთობიმპორტიორები დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ აკეთებენ.

ტრადიციული საწვავის გარდა გამოწვევების წინაშე დგას თხევადი გაზის ბაზარიც. როგორც თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელი bm.ge-სთან განმარტავს, მაღალი აქციზის გამო თხევად გაზზე ფასი იმდენად გაიზარდა, რომ თითქმის დაუახლოვდა ტრადიციული საწვავის ღირებულებას, შესაბამისად მოქალაქეებს ამ ტიპის საწვავზე გადასვლა აღარ უღირთ. ნიკა ხოფერიას განმარტებით, მხოლოდ აქციზი თხევად გაზს 15-20 თეთრით აძვირებს და მსგავსი მაღალი დაბეგვრის პრაქტიკას ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ იცნობს.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს თხევადი გაზის აქციზი ერთ ტონაზე 120 ლარს შეადგენდა, 2017 წლის 1 აგვისტოდან კი აქციზი 180 ლარით გაიზარდა და 300 ლარი გახდა.

“გადასახადის არასწორად გაანგარიშების გამო თხევად გაზზე პერსპექტივა შემცირებულია, სფეროს განვითარება არის შემცირებული, 2020 წლის იმპორტი 40%-ით ნაკლები იყო 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო 2021 წელს 2020-თან შედარებით კიდევ 25%-ით ნაკლები იყო იმპორტი.

თხევად გაზზე ფასის ზრდა 2020 წლიდან დაიწყო. ამის მიზეზი საერთაშორისო ბაზრის ტენდენციებთან ერთად მაღალი აქციზის გადასახადია. საქართველოში ბენზინის და გაზის გადასახადი დაახლოებულია და ასეთი სხვა ანალოგი მსოფლიოში არ მოიპოვება. შესაბამისად გაზზე მაღალი ფასის გამო ხალხი კარგავს ინტერესს ავტომობილი გაზზე გადაიყვანოს.

რაც შეეხება ფასს, 2020 წელს თხევადი გაზი 95 თეთრი ღირდა. 2021 წელს 1,30-1,40, დღეს ღირს 1,70. აქციზი15-20 თეთრით აძვირებს ლიტრის ღირებულებას“-აცხადებს ნიკა ხოფერია.

ის, რომ თხევადი გაზის მოხმარება მცირდება, ამას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. 2021 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა 34,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 7,3 ათასი ტონით ანუ 17,4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (41,9 ათასი ტონა) შედარებით. საქართველო თხევადი გაზის იმპორტს ძირითადად რუსეთიდან ახორციელებს, საიდანაც მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში იმპორტის 92,2% (31,9 ათასი ტონა) განხორციელდა.