მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეგვიპტეში სასტუმროების გახსნა 15 მაისიდან იგეგმება - მთავრობის მოთხოვნები

5eb28d57af90a
ნათია თაქთაქიშვილი
06.05.20 14:35
1213
ეგვიპტის მთავრობა შიდა ტურისტებისთვის სასტუმროების გახსნას 15 მაისიდან გეგმავს, მაგრამ იმ პირობით, თუ მაისის ბოლომდე სასტუმროების დატვირთვა 25%-ზე მეტი არ იქნება და ასევე, მკაცრად დაიცავენ უსაფრთხოების იმ წესებს, რაც კორონავირუსის პანდემიის დროს არის გათვალისწინებული. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, სასტუმროები დატვირთვის 50%-მდე გაზრდას 1 ივლისიდან შეძლებენ.

გამოცემის მიხედვით, მთავრობამ სასტუმროებს საკმაოდ მკაცრი წესები დაუდგინა. ყველა სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს მედპერსონალის 24-საათიანი საქმიანობა. მომსახურე პერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ყოველდღე უნდა ჩაუტარდეს, ასევე, უნდა მოხდეს ტემპერატურის გაზომვაც.

გარდა ამისა, სასტუმროს მენეჯმენტმა უნდა უზრუნველყოს ტერიტორიის, შენობების, მგზავრების ბარგის დეზინფექცია. სასტუმროს ნომრები 24 საათში ერთხელ უნდა დალაგდეს, ხოლო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები - საათში ერთხელ.

რესტორნებში იქნება „შვედური მაგიდა“, ხოლო აუზებთან სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან.

თავის მხრივ, სასტუმროების მფლობელების ნაწილი აცხადებს, რომ ობიექტების გასახსნელად მზად არ არიან, რადგან ეს მათ ხარჯებს გაზრდის. 

6 მაისის მონაცემებით, ეგვიპტეში კორონავირუსით ინფიცირების 7,201 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 452 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 1,730 ინფიცირებული.