მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EIB-ის პრეზიდენტმა ჯიღაურაში ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი მოინახულა

603dde24683f5
ვიქტორია მღებრიშვილი
02.03.21 11:06
873
ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი ვერნერ ჰოიერი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტების კოორდინატოთან, ხავიერ სანს ალვარესთან ერთად ჯიღაურაში სამინისტროს სამეცნიერო - კვლევით ცენტრს ეწვია.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლიდან, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯიღაურას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 5.2 მლნ ევროს მოცულობის პროექტის ბენეფიციარია, რომელსაც FAO ახორციელებს.

ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტმა ჰოიერმა მოინახულა ვაზის ჯიშების კოლექცია, შეხვდა ადგილობრივ ფერმერებსა და იმ ბიზნესების წარმომადგენლებს, რომლებიც ევროკავშირის მხარდაჭერით სარგებლობენ. ის ასევე ეწვია, პროექტის ფარგლებში მოწყობილ, ახალ ეკრანულ სათბურებს, რომლებიც ხელს შეუწყობს უნიკალური ქართული ყურძნის ჯიშების გენეტიკური სიწმინდის შენარჩუნებას. პროექტი წარმოადგენს საქართველოში ვაზის ნერგების სერტიფიცირების საკითხში ევროკავშირის მხარდაჭერის ნაწილს, რომლის მიზანია მოსავლიანობის ზრდის, ნერგების წარმოების დარგის განვითარებისა და ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა. აღნიშნული პროექტი ერთ-ერთია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული იმ 200-ზე მეტი პროექტიდან.



„ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს სოფლის მეურნეობამ და იმ ადამიანების შემოქმედებითმა მიდგომამ, რომლებიც წარმატებას აღწევენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპულ ბაზარზეც. ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ასევე ეხმარება ცალკეულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, რომელთაც საქართველოში პარტნიორი ბანკების ჩართულობით აფინანსებს“, - აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა ვერნერ ჰოიერმა.

„ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩვენ არაერთ უმნიშვნელოვანეს პროექტსა და რეფორმას ვახორციელებთ. საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია ევროპის ბაზრებზე საკუთარ ადგილს ეტაპობრივად იკავებს, ჩვენ ვნერგავთ საერთაშორიო სტანდარტებს წარმოებაში და ვქმნით კონკურენტუნარიან პროდუქციას. ჩვენი საკანონმდებლო ბაზა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი ღონისძიებები ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

”დღეს გახსნილი ეკრანული სათბურები ხელს შეუწყობს ქართული ენდემური ყურძნის ჯიშების შენარჩუნებას. საბოლოო ჯამში, ქართველი ფერმერები ისარგებლებენ სერტიფიცირებული ყურძნის სარგავი მასალის გაუმჯობესებული ხარისხითა და ფიტოსანიტარიული პირობებით, რაც, ამასთანავე, უახლოეს მომავალში მათ ექსპორტის შესაძლებლობებსაც მისცემს,” - აღნიშნა ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორმა.

”როგორც ორგანული ფერმერისთვის და სანერგე მეურნეობის მფლობელისთვის, ჩვენთვის აშკარა გახდა, რომ ხარისხიანი ნერგების გარეშე ფერმერებისთვის წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ჩვენ გვსურს ხარისხიანი ნერგების წარმოება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი, როგორც კერძო სანერგეს მიღწევა, არამედ ყველა ფერმერის წარმატებაც”, - თქვა კერძო სანერგე მეურნეობის მფლობელმა თეა ქუთათელაძემ.



ცნობისთვის, ევროკავშირის მხრიდან სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის შესახებ აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ნაწილს. 2013 წლიდან ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 234.5 მლნ ევროზე მეტი ქვეყნის მასშტაბით ისეთი ღონისძიებების განსახორციელებლად, როგორიცაა ფერმერების სწავლება, საკანონმდებლო რეფორმები, სოფლის განვითარება და სურსათის უსაფრთხოება. საქართველოს 250,000-ზე მეტმა ფერმერმა უკვე ისარგებლა ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი მხარდაჭერით.

ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.eu4georgia.ge