მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EIB-მ "ტერაბანკს" მიკრობიზნესის დაკრედიტებისთვის 6 მლნ ევროს დაფინანსება გამოუყო

616fe8ab59aa1
BM.GE
20.10.21 19:35
567
ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB), "ტერაბანკს" 6 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დაკრედიტების მხარდასაჭერად.

EIB-ის ინფორმაციით, აღნიშნული სესხი წარმოადგენს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარების ევროპის საინვესტიციო ბანკის ინიციატივის ნაწილს, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მიკრო, საშუალო და მცირე საწარმოების ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას საკუთარი კლიენტებისთვის მათზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების უზრუნველყოფის მიზნით მცირე ბანკების დახმარების გზით.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში ბანკის საქმიანობაზე, განაცხადა: „ევროპის საინვესტიციო ბანკი ამაყობს საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის გაწეული დახმარებითა და კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სფეროების გამოსვლაში შესრულებული როლით. ჩვენ მიზნად ვისახავთ, დავეხმაროთ ჩვენს კლიენტებს სხვადასხვა საშუამავლო არხებით და განსხვავებული პროდუქტებით, მათ შორის, სესხებით, გარანტიებითა და ტექნიკური დახმარებით. ჩვენ ძალიან გვინდა, მხარი დავუჭიროთ ტერაბანკს მის მცდელობაში, უზრუნველყოს საქართველოს მეწარმეები მოქნილი გადაწყვეტილებებითა და განსაკუთრებული მომსახურებით“.

 „ფინანსებზე წვდომა, განსაკუთრებით ადგილობრივ ვალუტაში, ძალიან მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის კრიზისიდან გამოსასვლელად. მე მივესალმები ტერაბანკთან დადებულ ხელშეკრულებას, ვინაიდან ის ჩვენი საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა, კერძოდ, შევძლებთ მოვიცვათ მცირე ზომის საწარმოები, ქალების მართვაში არსებული და დედაქალაქის ფარგლებს გარეთ მდებარე მცირე და საშუალო ზომის საწარმოები. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ბიზნესების მხარდაჭერას“, - აღნიშნა თავის მხრივ ლორენს მერედიტმა, ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელმა დირექტორმა.

"ტერაბანკის" გენერალურმა დირექტორმა თეა ლორთქიფანიძემ კი განაცხადა: „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გადაიდგა პირველი ნაბიჯი ევროპის საინვესტიციო ბანკთან პარტნიორობის მიმართულებით. ისეთი გავლენიანი ფინანსური ორგანიზაციის მხარდაჭერა, როგორიცაა ევროპის საინვესტიციო ბანკი, და ჩვენი მონაწილეობა მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერის ინიციატივაში, გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენს კლიენტებს, კერძოდ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს - ტერაბანკის სტრატეგიულ სეგმენტს, შევთავაზოთ კიდევ უფრო საინტერესო, ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი პროდუქტები და პირობები“.

საქართველოს მცირე ბიზნესებისთვის უფრო ხელმისაწვდომი სესხები და გაზრდილი დაცვა ვალუტის გაცვლითი კურსის ცვალებადობით გამოწვეული რისკებისაგან.

"მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის დაფინანსება ხელმისაწვდომი იქნება ლარში, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში. მათ ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული გრანტებით. ეს გააუმჯობესებს საქართველოს საწარმოების წვდომას გრძელვადიანი ხელმისაწვდომი დაფინანსებაზე და ამავდროულად დაიცავს მათ ვალუტის გაცვლითი კურსის ცვალებადობით გამოწვეული რისკებისაგან. ევროპის საინვესტიციო ბანკი გეგმავს დაამატოს ტექნიკური დახმარების კომპონენტი, რომელიც ტერაბანკს დაეხმარება, გააუმჯობესოს და გააფართოვოს საკუთარი შეთავაზება და ის მცირე ბიზნესებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს", - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.