მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EIB-მ საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი გზებისთვის €107 მლნ გამოუყო

608956e92dbe7
შოთა ტყეშელაშვილი
29.04.21 09:45
943
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს 106.7 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს საერთაშორისო მნიშვნელობის ორი საგზაო მონაკვეთის, ალგეთი-სადახლოს 30-კილომეტრიანი და რუსთავი-წითელი ხიდის 32-კილომეტრიანი გზების განახლებისთვის. ამ მაგისტრალების მეშვეობით საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს უკავშირდება.

ახალი სასესხო შეთანხმების შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების თანახმად, EIB-ის მიერ საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ამ დრომდე 1 მილიარდი ევროს ინვესტიცია არის განხორციელებული.

"სამუშაოების დასრულების შემდეგ გზის ორივე მონაკვეთის განახლების შედეგად სომხეთის რესპუბლიკასთან დამაკავშირებელი თანამედროვე და უსაფრთხო გზა იარსებებს. ამავე გზით მოხდება მგზავრებისა და ტვირთების ტრანსპორტირება. ამასთანავე, ორივე მონაკვეთი საცხოვრებელ პირობებსა და სამეწარმეო გარემოს გააუმჯობესებს ქვეყანასა და რეგიონში,“ - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, EIB-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი საგზაო ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში დაეხმარება.

“ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ახლადდამტკიცებული ალგეთი-სადახლოსა და რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთების დაფინანსების პროექტით იზრდება ამ უწყების დახმარება ქვეყნისადმი. ასევე, საგზაო კავშირის გამყარება ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანთან. უღრმესი მადლიერება და პატივისცემა მინდა გამოვხატო ევროპის საინვესტიციო ბანკის მთელი გუნდისადმი უწყვეტი მხარდაჭერისა და ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის”, - აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.