10.ოქტომბერი .2019 14:52

ეკატერინე გალდავა დეპუტატებს წყლისა და წყალარინების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და გეგმებს აცნობს

views 170
უკან

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წინაშე ანგარიშით წარსდგა. კომპანიის ხელმძღვანელმა კომიტეტის სხდომის მონაწილეებს რეგიონებში მოსახლეობის წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) სისტემების უზრუნველყოფისთვის 2018-2019 წლებში შესრულებული სამუშაოები და სამომავლო გეგმები გააცნო. ისაუბრა კომპანიის ძირითად პრიორიტეტებსა და არსებულ გამოწვევებზე.

დღეის მდგომარეობით წყალმომარაგება-წყალარინების 31 პროექტი მიმდინარეობს, ჯამური ღირებულებით - 793 მილიონ ლარამდე . პროექტების დასრულების შემდეგ დამატებით 350 000 - მდე მომხმარებელს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება, წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს 200 000-მდე მომხმარებელი.


„როდესაც ვსაუბრობთ ადამიანისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნაზე, ბუნებრივია, ჩვენი ამოცანაა რეგიონებში შევქმნათ წყალმომარაგებისა და წყალარინების ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც გათვლილი იქნება მრავალწლიან მომსახურებაზე და მოსახლეობას სტაბილური წყალმომარაგებითა და გამართული წყალარინების სისტემით უზრუნველყოფს. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, დღეს უკვე არაერთი მიღწევაა წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით, თუმცა ეს საკითხი კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება“. - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

კომპანიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ არის ქვეყნის მასშტაბით წყალარინების სისტემის მოწესრიგება. ეკატერინე გალდავას გაცხადებით, მიუხედავად ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოების მასშტაბებისა, ამ მიმართულებით პრობლემები დღესაც აქტუალურია, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები იმისათვის, რომ წყალმომარაგების სისტემების მოდერნიზებასთან ერთად, რეგიონებში გამართული და ახალი საკანალიზაციო სისტემები მოეწყოს.

დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, კომპანიის ხელმძღვანელმა ისაუბრა უწყების ძირითად მიმართულებებზე, როგორებიცაა: არსებული ინფრასტრუქტურისა და აქტივების მოვლა-პატრონობა და მათი ეფექტური მართვა, წყლის ხარისხის კონტროლი, ახალი პროექტების განხორციელება ევროპული სტანდარტების შესაბამისად, შემოსავლების მობილიზება და ყოველწლიური ზრდა. ენერგოეფექტურობა და როგორც ტექნიკური, ასევე კომერციული დანაკარგების შემცირება, - „ ეს არის იმ ძირითადი მიმართულებების მოკლე ჩამონათვალი, რა მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში“ - აღნიშნა გალდავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა