მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე მიქაბაძემ გეოლოგ-მენავთობეთა ამერიკული ასოციაციის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

5d83ad5f71142
BM.GE
19.09.19 20:29
764
18-19 სექტემბერს ბათუმში გეოლოგ-მენავთობეთა ამერიკული ასოციაციის (AAPG) ევროპის რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მსხვილი ნავთობმომპოვებელი კორპორაციების მაღალი რგოლის მენეჯმენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიების ქართველი პარტნიორები იყვნენ ნავთობისა და გაზის სააგენტო და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ მიმართა. მინისტრის მოადგილემ თავისგამოსვლაში აქცენტი ქვეყნის სტაბილურ ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და მიმდინარე ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებზე, აგრეთვე ლიბერალურ და პროგნოზირებად ბიზნესგარემოზე გააკეთა.

სამინისტროს ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანიებისთვის პრიორიტეტულია ისეთი ქვეყნებში ინვესტიციების განხორციელება, სადაც სტაბილური ეკონომიკა, ძლიერი ინსტიტუციები და საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე გათვლადი ბიზნესგარემოა.

სამუშაო შეხვედრაზე ასევე განიხილეს ინფორმაცია საქართველოში ნავთობისა და გაზის პოტენციური საბადოების გეოლოგიური მდგომარეობისა და არსებულ საბადოებზე მიმდინარე ძებნა-მოპოვებითი სამუშაოების შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველოს ტერიტორია, განსაკუთრებით, მისი ტერიტორიული წყლები შავ ზღვაში ნაკლებად არის შესწავლილი ნახშირწყალბადების გეოლოგიური მარაგების არსებობის კუთხით. განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია პრეზენტაციამ, რომელიც წარადგინა ნავთობისა და გაზის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა. ითქვა, რომ საქართველომ დაასრულა ტენდერი ბევრ სახმელეთო ბლოკზე, ასევე საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება იგეგმება, რომელიც შავი ზღვის შელფის ტერიტორიას მოიცავს.

სამუშაო შეხვედრაზე მსხვილმა ნავთობკომპანიებმა, როგორიცაა ExxonMobil, Total, OMV და ა.შ., წარმოადგინეს საკუთარი ხედვა აღნიშნულ რეგიონში მათი საქმიანობისა და სამომავლო პროექტების თაობაზე.