მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა

5d85d8758a2d7
თელარა გელანტია
21.09.19 12:30
992
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა.

ორმხრივი მოლაპარაკება, ცენტრის ვაშინგტონის ოფისში გაიმართა. ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრაზე, საუბარი იყო იმ პროექტებზე, რომელიც აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან ერთად ხორციელდება.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი ამერიკელ კოლეგებს სამომავლო გეგმების შესახებაც ესაუბრა.

„ვისაუბრეთ სამომავლო და მიმდინარე პროექტებზე, ისეთი როგორიც არის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, ასევე პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე საქართველოში“, - აღნიშნა მინისტრმა.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ოფისის დირექტორმა მიტჩელ ვოლფმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება.

„რამდენიმე წელია საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. საქართველომ საზოგადოებივი ჯანდაცვის სისტემის შექმნის კუთხით უბადლო სამუშაოები ჩაატარა. გვჯერა, რომ საქართველოში ჩვენი ოფისის საქმიანობას სამომავლოდაც დადებითი გავლენა ექნება ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე“, - განაცხადა ვოლფმა.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლების საპასუხო ვიზიტი საქართველოში ნოემბერში დაიგეგმა.