მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძე: განვმარტავ, კიდევ რამ გვიბიძგა ამ რეფორმის განხორციელებისკენ

5ddea16828ffe
თელარა გელანტია
27.11.19 20:33
3203
“მე ვისურვებდი, რომ ამ პროცესში მეტად ჩაერთონ ფინანსისტები, რადგან შეიძლება ექიმებისთვის რთულად ასახსნელი იყოს ის მეთოდები, რომელიც ჩვენ დათვლებში გამოვიყენეთ, ისევე როგორც ფინანსისტებისთვის რთული ასახსნელია, რას ნიშნავს კარდიოქირურგიული ოპერაცია“, - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „იმედზე“ სტუმრობისას გააკეთა, სადაც მთავრობის 520-ე დადგენილების შინაარსზე და მიმდინარე რეფორმაზე ისაუბრა.

მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული კლინიკები ოპერირებდნენ არათანაბარი ფასების პირობებში, რომელიც არ იყო გამჭვირვალე - არც სახელმწიფოსთვის და არც - პაციენტებისთვის.

მისივე თქმით, კლინიკებთან აქტიური თანამშრომლობა მათ მიმდინარე წლის ივლისში დაიწყეს, როცა კლინიკებიდან ფასები ოფიციალურად გამოითხოვეს და დაამუშავეს. ასევე, შეისწავლეს ბაზარი.

„ძალიან მნიშვნელვანია, რომ განვასხვავოთ ერთამენთისგან ფასების დადგენა და ფასების გათანაბრება; ჩვენ მოვახდინეთ, მხოლოდ ფასების დადგენა იმისთვის, რომ როგორც სახელმწიფოსთვის, ისე პაციენტებისთვის გამჭვირვალე ყოფილიყო, თუ სად და რატომ მიდიოდა ეს თანხები. სწორედ ეს გახდა იმ ვნებათაღელვის გამომწევი, რაც მივიღეთ, რაზეც მე ძალიან დიდ წუხილს გამოვხატავ, ალბათ არ იყო საკმარისი კომუნიკაცია ჩვენი მხრიდან ან არ იყო ახსნილი სათანადოდ იმ ცვლილების შესახებ, რაც ორ კვირაში არ დაგეგმილა. ასეთი რეფორმები ორი კვირაში არ იგეგმება.

ჩვენ შევისწავლეთ რომელი მომწოდებელი რა ფასად აწვდის კლინიკებს კონკრეტულ მასალებს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მიზანი არ ყოფილა ხარისხის კომპონენტზე რისკის აღება; ხარისხი უნდა იყოს დაცული; ესაა ჩვენი ვალდებულება და ასევე ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებაა, რომ ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა როგორც - ფინანსურად, ისე - გეოგრაფიულად ჯანდაცვის სერვისების. ჩვენ დავიცავით პაციენტების უფლებები. ფასებში არ შეგვიტანია ცვლილება. რაც შეეხება სახარჯ მასალას და პირდაპირ დანახარჯებს, რომელიც იყო ასახული, არც ექიმების სახელფასო ნაწილში, ჩვენ ცვლილება არ შეგვიტანია. ეს მოხდა ფინანსისტებისთვის ძალიან აპრობირებული მეთოდით, რომელსაც ჰქვია EBITDA-ს (EBITDA - მოგება პროცენტების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის დარიცხვამდე) მეთოდი; შევაჯერეთ ეს ფასები; არ ყოფილა ფასების გასაშუალოება. უბრალოდ, იმ სახარჯი მასალების და იმ ხელფასების ერთობლივი კომბინაციით დავთვალეთ ერთი მანიპულაციის ღირებულება, რომელიც ყველა პაციენტისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

ასევე, განვმარტავ, კიდევ რამ გვიბიძგა ამ რეფორმის განხორციელებისკენ. ჩვენთან ცხელ ხაზზე შემოდიოდა ძალიან ბევრი ზარი. მოგეხსენებათ, სამინისტროში არსებობს არაერთი დავა კლინიკასა და პაციენტს შორის, როდესაც პაციენტს არ შეუძლია გადაიხადოს ის დანამატი, რომელსაც კლინიკები ითხოვდნენ პაციენტისგან, მაშინ როცა არ იყო დადგენილი ფასი. ამ შემთხვევაში, პაციენტს წინასწარ ეცოდინება რა ანაზღაურება უნდა გადაიხადოს მან კლინიკაში. ის კლინიკები, ვისაც აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, მათთვის ფასი იქნება დადგენილი.

მე ვისურვებდი, რომ ამ პროცესში მეტად ჩაერთონ ფინანსისტები, რადგან შეიძლება ექიმებისთვის იყოს რთულად ასახსნელი ის მეთოდები, რომელიც ჩვენ დათვლებში გამოვიყენეთ, ისევე როგორც ფინანსისტებისთვის რთული ასახსნელია, რას ნიშნავს კარდიოქირურგიული ოპერაცია და რა რისკებს შეიცავს ის; ასევე ვისურვებდი, კლინიკების ხელმძღვანელები და ადმინისტრაცია აქტიურად ჩაერთოს ამ რეფორმაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ განვმარტოთ, თუ როგორ შეიძლება ამ ტარიფების პირობებში უფრო ეფექტურად მართონ ის შემოსავლები, რომელიც მათ დაუგენერირდებათ უკვე ჩვენი მხრიდან გადახდებით“, - განაცხადა მინისტრმა.