16.მარტი .2020 14:17

ეკატერინე ტიკარაძე: იზოლირებულია 30 პირი, ვისთანაც ჩეხ ტურისტს საქართველოში კონტაქტი ჰქონდა

views 740
უკან

„ჩვენ უკვე კარგად დავინახეთ, რომ პრევენციულ ღონისძიებებს ძალიან კარგი და დიდი ეფექტი აქვს, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღონისძიებები კიდევ უფრო გავამკაცროთ, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა ის გართულება, რომელიც მოსალოდნელია და დაფიქსირდა სხვა ქვეყნებში“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპისთვის დამატებით 30 პირი არის იზოლირებული, რომელთაც იმ ჩეხ ტურისტთან ქონდათ კონტაქტი, რომელიც გუდაურში იმყოფებოდა და ჩეხეთში დაბრუნების შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა.

„ჩეხ მოქალაქეს, როგორც თვითონ აღნიშნავს, 8 მარტს გამოუვლინდა კორონავირუსის სიმპტომები, ის გაემგზავრა ჩეხეთში, სადაც მოხდა მისი დიაგნოსტირება და პასუხი ვირუსზე იყო დადებითი, რის შემდეგაც ის დაუკავშირდა ჩვენს საელჩოს და ასევე იმ სასტუმროების წარმომადგენლებს, სადაც ის იმყოფებოდა და აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა.
მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩეხეთის მოქალაქეს მისი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, ვინაიდან მან არ დამალა, დარეკა და ფაქტი დააფიქსირა, ასევე ფოტომასალით სრულიად აღწერა ის მარშრუტი, რაც მან გაიარა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ. ეს მნიშვნელოვნად დაეხმარა ჩვენს ოპერატიულ სამსახურს, რათა გუშინვე მოეხდინა ყველა იმ პირის იზორილება ვინც ამ ადამიანთან იმყოფებოდა კონტაქტზე. ამ ეტაპისტვის იზოლირებულია 30 პიროვნება და მიმდინარეობს კიდევ დამატებითი კონტაქტების შესწავლა, რათა სიმპტომების გამოვლენამდე მოხდეს ყველა ამ ადამიანის იზოლაცია“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, ჩეხ ტურისტს მოწოდებული აქვს ყველა მანქანის ნომერი, რომლითაც ის გადაადგილდებოდა და მისამართები, სადაც მან გარკვეული დრო გაატარა.

ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს ამშვიდებს. მისი თქმით, თუ ისინი აღნიშნულ პერიოდში იმყოფებოდნენ გუდაურში ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად დაინფიცირდნენ, ვინაიდან კორონავირუსი გადაეცემა ადამიანს თუ მას აქვს 15 წუთზე მეტი ინტენსიური, ახლო კონტაქტი, როდესაც დაშორება აღნიშნულ პიროვნებასთან არის 1 მეტრზე ნაკლები.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა