მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძის უწყება VS 26 კლინიკა - სექტორი მინისტრს კომუნიკაციის ხარისხს უწუნებს

5dd568e539211
თელარა გელანტია
20.11.19 21:40
9728
ხვალიდან, 20 ნოემბრიდან ძალაში შედის საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის #520 დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება ხდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ 26-მა სამედიცინო დაწესებულებამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართეს. სექტორი ითხოვდა 520-ე დადგენილების მინიმუმ ნახევარი წლით გადავადებას და ისეთი ტარიფების დამტკიცებას, რომელიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო ეკონომიკურ პარამეტრებს.

სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია. ასევე, არაა გათვალისწინებული არც ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფაქტორი, არც ის, რომ 2013 წელთან შედარებით გაზრდილია კომუნალური ტარიფები და ა.შ. ინდუსტრიისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე მოხდა 520-ე დადგენილებით ტარიფების დამტკიცება; ასევე, მათ კითხვები აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ საკითხის ფართო განხილვა არ მომხდარა; ამიტომ როგორც პრემიერისადმი მიწერილ ღია წერილში იყო აღნიშნული, თუ მთავრობის დადგენილების ამოქმედების ვადა არ გადაიწევს, ამას მოჰყვება პაციენტებზე სამედიცინო მომსახურების ხარისხის უკიდურესად გაუარესება, მათი უფლებების დარღვევა და ეს ყველაფერი გამოიწვევს მთლიანად დარგის კოლაბირებას.

სამედიცინო სექტორში არსებული ასეთი მოლოდინების მიუხედავად, 520-ე დადგენილების ამოქმედების ვადა არ გადაიწევს და როგორც ცნობილია, ის ძალაში ხვალიდან, 20 ნოემბრიდან შევა, თუმცა შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და საკითხზე გაიმართება დამატებითი კონსულტაციები. ასეთი გადაწყვეტილება დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე სამუშაო შეხვედრის შემდეგ მიიღეს, რომელსაც სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ექიმები, ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი და ასევე ჯანდაცვის მინისტრის ორი მოადგილე ესწრებოდა. თავად მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღევანდელ დისკუსიაში არ მონაწილეობდა.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით კი, ის დააკვირდება მიმდინარე პროცესებს და საჭიროების გამოკვეთის შემთხვევაში, მზადაა პრემიერ-მინისტრს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დადგენილების გადავადების წინადადებითაც მიმართოს.

„სამუშაო ჯგუფი დაუყონებლივ უნდა შეიქმნას, ჩვენ შეგვიძლია აქ ჩავრთოთ ექსპერტები, ბიზნესომბუდსმენი, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ჩაერთოს შესაბამისი პროფესიონალები, ვისაც ამ თემებზე შეუძლიათ საუბარი. თემა უნდა მომზადდეს სასწრაფოდ და განხილულ იქნას არა ცალმხრივად. მე მესმის თქვენი წუხილი, არის მთელი რიგი თემები, რომელზეც მოსახლეობას უნდა ვუთხრათ, რატომ არის მოგების პროცენტი საკმაოდ მაღალი, რომელიც ბევრ ქვეყანაში რეგულირებულია. ნიშანდობლივია, რომ შეხვედრაზე წარმოდგენილი მხარეები კონსულტაციის გარეშე ვერ მიიღებენ ახლა გადაწყვეტილებას. მე მივმართავ ასევე პრემიერსაც და პირველ რიგში ჯანდაცვის მინისტრს, ვთხოვ, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად სწრაფად ჩაჯდეს იმ კალაპოტში როგორიც უნდა იყოს, რაზეც არის პრეტენზიები დავსხდეთ და დავილაპარაკოთ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ სამუშაო შეხვედრაზე, სადაც საკითხის განხილვა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

მას ესწრებოდა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძეც, რომელმაც სამინისტროს მიერ წარმოებული რეფორმირების პროცესი გააკრიტიკა და რეფორმის მომზადების პერიოდში სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობის გარეშე და მათთან შესაბამისი კომუნიკაციის გამო, სამინისტროს მისამართით პრეტენზიები გამოთქვა.

სამედიცინო ინდუსტრიის შეფასებები და მოლოდინები

რაც შეეხება თავად სამედიცინო დაწესებულებების პოზიციებს: „ჯანდაცვა დაზარალდება“, „დაზარალდებიან პაციენტი“, „კლინიკები დავიკეტებით“, „ბევრი პროფესიონალი ექიმი დატოვებს საქართველოს“, - ეს იმ ფრაზების მცირე ჩამონათვალია, რომელიც დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან ექიმების და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელების მხრიდან ისმოდა. ისინი ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს კომუნიკაციის ხარისხს უწუნებენ და აცხადებენ, რომ მიმდინარე კონსულტაციებიც უკვე დაგვიანებულია. უფრო მეტიც, კლინიკების წარმომადგენლების თქმით, რომ არა ბიზნესომბუდსმენი და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე, თემა საერთოდ არ წამოიწეოდა და ამის დასტურია ისიც, რომ დადგენილება ძალაში ხვალ შედის და მინისტრს სექტორთან კონსულტაციები არ ჰქონია.

დავით მიქელთაძე (მთავარი ჰოსპიტალი „ღია გული“): „დაგვიანებული იყო თუ არა დღევანდელი სამუშაო შეხვედრა? - დადგენილება 5 ნოემბერს გამოიცა და იქამდე არც დარგთან, არც დარგობრივ ასოციაციებთან, არც კლინიკებთან არანაირი შეხვედრები და კონსულტაციები არ ყოფილა ტარიფებთან დაკავშირებით. მე აღვნიშნავ, რომ ჩვენ ტარიფიკაციის და რეგულაციების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ სწორ ვითარებაში და ისეთ ვითარებაში, რომელიც დარგს მისცემს განვითარების საშუალებას და დაცული იქნება პაციენტების ინტერესები“.

კახაბერ ეცადაშვილი (საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია): „თუ კარდიოლოგიის და კარდიოქირურგიის დარგებს ამ ტარიფით მიადგა დიდი ზარალი და მიადგება კიდეც, როგორც გულის რიტმის ასოციაციის ხელმძღვანელმა მინდა ვთქვა, რომ რითმოლოგიის სამსახური საერთოდ გაუქმების და მოსპობის რეალური საფრთხის წინაშეა, რადგან ის ტარიფები, რაც უკვე დადგენილია სამინისტროს მხრიდან, ბევრად ნაკლებია, ვიდრე თავად აპარატის თვითღირებულება“.

ალექსანდრე ალადაშვილი (კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი): „უბრალოდ მაგალითს გეტყვით - ახალი ტარიფიკაციით კორონარული სტენტირების შემთხვევაში სტენტზე გამოყოფილია 300 ლარი. თანამედროვე, მოწინავე კომპანიების სტენტების მინიმალური ფასი იწყება 520 და მეტი ლარიდან. პაციენტი რომ მოვა და მეტყვის - მე მინდა კარგი სტენტი, ახალი რეგულაციით კი აკრძალულია, რომ პაციენტს დაამატებინო თანხა და რა უნდა გავაკეთოთ?!“

გიორგი რამიშვილი ("ნიუ ჰოსპიტალსი"): „ყველა მაღალტექნოლოგიური აპარატურა, რასაც ვყიდულობთ, ძველდება და გადასაყრელი ხდება რამდენიმე წელში. მარტო შარშან ვიყიდეთ ახალი "კატლაბი" და ახალი კატე და თითოეული მათგანი დაგვიჯდა 400 ათასი ევრო. ამ ფულს ჩვენ ვდებთ სტანდარტში იმისთვის, რომ ჩვენი ოპერირება იყოს მდგრადი. თუ ამორტიზაცია და სწორად დათვლილი არაპირდაპირი ხარჯი არ იქნება დათვლილი სამედიცინო სტანდარტებში, ჩვენ დავიკეტებით. ყოველ 5-6 წელიწადში ერთხელ სესხი თუ ავიღეთ და მარტო ამ სესხს მოვემსახურეთ, ვერ განვითარდება მედიცინა. კარგი კლინიკები დავიკეტებით. ის კლინიკები, რომლებიც ნაკლებად კეთილსინდისიერია, რაღაცნაირად მოახერხებენ და გადარჩებიან. გთხოვთ ამორტიზაციის და არაპირდაპრი ხარჯები სწორად გავთვალოთ”.

როგორია ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია?

„კლინიკების პრეტენზიები არგუმენტებს მოკლებულია“ - ასეთია მოკლედ ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია. სამედიცინო დაწესებულებების და ჟურნალისტების კითხვებს დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია პასუხობდა.

“დარწმუნებული ვართ, რომ ტარიფი იძლევა საკმარის საფუძველს ხარისხიანი სერვისის მიწოდებისთვის... სამინისტროს პოზიციაა, რომ ეს მეთოდოლოგია არის გამართული, სწორი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი; ასევე მიზანი, რომ მივაღწიოთ უნივერსალურ ხელმისწავდომობას, ვერაფრით ვერ მიიღწევა შიდა ეფექტურობის გაუმჯობესების გარეშე. ეს პოზიცია არის ძალიან მყარი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ ახალი ტარიფები 4-თვიან სერიოზულ კვლევას ეფუძნება.

Bm.ge-ის კითხვაზე - ვინ ჩაატარა კვლევა, რომელმაც გათანაბრებული ტარიფები დააწესა კლინიკებისთვის, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მასზე სოციალური მომსახურების სააგენტომ იმუშავა.

რა შეეხება კლინიკების კიდევ ერთ პრეტენზიას იმის თაობაზე, ახალ ტარიფებში ლარის გაუფასურების ფაქტორი არ არის გათვალისწინებული, მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ „სადაც საჭიროა, ვალუტის კურსის გათვალისწინება, იქ კვლევამ ლარის გაუფასურება, რა თქმა უნდა, გაითვალისწინა“.

Bm.ge-მ მინისტრის მოადგილეს ასევე ჰკითხა, რამდენი მლნ ლარის ეკონომიას ელოდება ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებით.

„რეანიმაციის სერვისისთვის ის დანაზოგი, რომელიც გათანაბრებით შეიძლება მივიღოთ, ესაა დაახლოებით, 30 მლნ ლარის ფარგლებში, რაც შეეხება კარდიოქირურგიის მხარეს, აქ სახელმწიფოს მხარეს ძალიან მცირეა დანაზოგი, სადღაც 3 მლნ ლარია სულ მოსალოდნელი დანაზოგი, მაგრამ აქ მოსალოდნელია 11 მლნ პაციენტისთვის დანაზოგი, რომელიც იყო ჯიბიდან გადახდის წილზე და სხვადასხვა დანამატის ხარჯზე, მაგალითად, კონკრეტული ექიმის არჩევისთვის მისი ჰონორარი ან სხვა დამატებითი ხარჯი, რომელიც ჩვენ არგუმენტირებულად ვერ ჩავთვალეთ იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა ტარიფი“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

და მაინც როდის შეხვდება მინისტრი სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს?

„როცა დაიგეგმება ასეთი შეხვედრა, გაიგებთ. ეს საჯაროდ გაცხადდება“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძის მოადგილემ.