მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკოლოგიურად სუფთა ჩაი ჯანსაღი ცხოვრებისთვის ®

629094ec1bf01
BM.GE
27.05.22 13:35
904
დაბინძურებული გარემოსა და მიმდინარე ეკოლოგიური ცვლილებების ფონზე, ჯანსაღი კვება მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება. ჩაი, როგორც ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი, ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი გამორჩეულია. მისი გემოვნური და სამკურნალო თვისებები წლიდან წლამდე ამ სასმელზე მოთხოვნას ზრდის, თუმცა საუკეთესო შედეგის მისაღწევად, აუცილებელია პროდუქტის ნატურალურობა.

„მანნა“ ქართული კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ხარისხის პრემიუმ ჩაის აწარმოებს. მისი მთავარი ღირებულება ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და მომხმარებლისთვის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის შეთავაზებაა. სწორედ ეს არის ნიშა, სადაც ბრენდი თავის დამკვიდრებას ცდილობს.

ჩაის მწარმოებელი კომპანიების სიმრავლის მიუხედავად, მსოფლიოში ბიოჩაის დეფიციტია. დარგის სპეციალისტების აზრით, საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მისი გემოვნური თვისებები განსხვავდება – უფრო ხავერდოვანი და დაბალანსებულია. ქართულ ჩაიში შედარებით ნაკლებია ექსტრაქტულობა, ანუ კოფეინის და ტანინის შემცველობა, ამიტომ დღის განმავლობაში მისი მრავალჯერადად მოხმარება შეიძლება. გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მავნებელი მწერებისგან დაავადებების რისკიც დაბალია, ამიტომ, პესტიციდებიც ნაკლებად სჭირდება. სწორი ტექნოლოგიური დამუშავებისა და კარგი მარკეტინგული კამპანიის შემთხვევაში, ეს პროდუქტი კონკურენციას გაუწევს სხვა მწარმოებლებს – როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთშიც. სწორედ ეს იყო „მანნას“ დამფუძნებელთა მოტივაცია ამ საქმიანობის დაწყებისას.

კომპანია ბაზარზე არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა – 2017 წელს გაიხსნა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი და დამფასოებელი საწარმო, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში და “გაზელ ფაინანსის” მიერ ინვესტირებული თანხებით. კომპანიის საკუთრებაშია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და დანადგარებით აღჭურვილი ქარხანა მცხეთის მახლობლად, საგურამოში. დღესდღეობით „მანნა“ 13 სახეობის ჩაის აწარმოებს: კლასიკურს, სხვადასხვა მცენარეულს და ხილის დანამატებით, რომლებიც დიდი მოწონებით სარგებლობს საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში.

ყველა სახის ნედლეული, რაც მათ მიერ წარმოებულ ჩაიში გამოიყენება, ქართულია და მოყვანილია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. კომპანიას გრძელვადიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ეკოლოგიურად პასუხისმგებლიან ფერმერთა წინასწარ შერჩეულ ჯგუფთან ქვეყნის სამ რეგიონში – იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში, საიდანაც მაღალი ხარისხის, შხამ-ქიმიკატებითა და პესტიციდებით დაუმუშავებელ ჩაის ფოთოლს ყიდულობს. ნედლეულის ხარისხი მკაცრად კონტროლდება – „მანნა“ სურსათის უვნებლობის ყველაზე მაღალ სერტიფიკატს, ISO 22000-ს ფლობს. თავად წარმოების პროცესიც სრულად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს.

„მანნას“ გუნდი დარგის წამყვანი სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ სოფლის მეურნეობის მართვისა და წარმოების სფეროში. საწარმოს ფინანსური და ორგანიზაციული მართვა ხორციელდება კომპანიაში დანერგილი ERP-ის სისტემის მეშვეობით. ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფილად დაცვას უზრუნველყოფენ დარგისა და სურსათის უსაფრთხოების პროფესიონალი სპეციალისტები. ეს ყველაფერი, ჯანსაღ ნედლეულთან ერთად, პროდუქციის მრავალფეროვნებასა და მაღალ ხარისხს განაპირობებს.

„მანნას“ ჩაის განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს, სწორ ტექნოლოგიურ დამუშავებასთან ერთად, ადგილობრივი ნიადაგისა და კლიმატის გამორჩეულობაც ქმნის. ჩაის პლანტაციებით ყველაზე ცნობილ ინდოეთსა და შრი-ლანკაში 10-11 თვეა მოსავლის აღების პერიოდი. შესაბამისად, მიწა იფიტება და ქიმიკატების დამატება უწევთ. საქართველოში ჩაის 4-5 თვის განმავლობაში კრეფენ, ამიტომ ნიადაგი ასწრებს დასვენებას და არც დანამატებს საჭიროებს. გარდა ამისა, საქართველოში იმ რეგიონების კლიმატს, სადაც ჩაი იზრდება, მთის და ზღვის ჰაერის შერწყმა ქმნის, რაც განსაკუთრებით უხდება ჩაის პლანტაციებს. სწორედ ეს არის ის ძირითადი უპირატესობა, რაზეც „მანნას“ მარკეტინგული კამპანიაა დაფუძნებული.

„მანნას“ ჩაი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. მათთვის კომპანია მრავალფეროვან სასმელს აწარმოებს. კლასიკური ორგანული შავი და მწვანე ჩაის გარდა, ამზადებენ ჩაის სხვადახვა სამკურნალო მცენარეული დანამატით. მათ შორის, ასკილით, მოცვით, პიტნით, ბეგქონდარით, ლიმონით. თითოეული კარგად ეხამება მწვანე თუ შავი ჩაის გემოვნურ თვისებებს და ორგანიზმის გაჯანსაღებასაც უწყობს ხელს.

კომპანიაში ასორტიმენტის ზრდაზე ყოველწლიურად მუშაობენ: წელს, მაგალითად, ე.წ. „დეტოქს ჩაი“ გამოუშვეს – რომელიც მწვანე ჩაისთან ერთად, გამომშრალ კივის, ფეიხოასა და ფორთოხალს შეიცავს და ორგანიზმის მავნე ნივთიერებებისგან გაწმენდას აუმჯობესებს.

ხილის ჩაი „მანნას“ კიდევ ერთი გამორჩეული შეთავაზებაა, რომელიც განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს. სხვა მწარმოებლებისგან განსხვავებით, რომლებიც ხელოვნურ არომატიზატორებს მიმართავენ, მათთან გამოყენებულია სუბლიმირებული გამოშრობით მიღებული ნატურალური ხილი. ეს პროცესი მის გაყინვას და სპეციალური ტექნოლოგიით სითხის გამოცლას გულისხმობს. დარჩენილ პროდუქტს კი აშრობენ და ჩაის ფოთოლში ამატებენ. ამ მეთოდით დამზადებული სასმელი მძაფრი სურნელით არ გამოირჩევა, თუმცა აქვს განსაკუთრებული გემო და არომატი. რაც მთავარია, შენარჩუნებულია ხილისა და კენკრის სასარგებლო თვისებები, რასაც ასე აფასებს მომხმარებელი.

„მანნა“ ყოველწლიურად მონაწილეობს ჩაის სხვადასხვა გამოფენაზე მსოფლიოში, სადაც მათი პროდუქცია, ზემოთჩამოთვლილი მიზეზების, უპირველესად კი, ეკოლოგიური პოზიციონირების გამო, განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს.

ასორტიმენტის კიდევ უფრო მეტად გაზრდასთან ერთად, კომპანიაში ტურიზმის მიმართულების განვითარებაზეც ფიქრობენ: ყველასათვის ცნობილი „ღვინის გზის“ მსგავსად, უნდათ, საგურამოში, „მანნას“ საწარმოში, „ჩაის გზა“ გააკეთონ, რომელსაც საგანმანათლებლო დანიშნულება ექნება და ორგანულად ჩაეწერება მცხეთის ტურისტულ მიმართულებაში. აქ მოსულ სტუმრებს გააცნობენ ჩაის კულტურის ისტორიას საქართველოში, აჩვენებენ მისი მომზადების ტექნოლოგიურ პროცესს, ესაუბრებიან ორგანულად მიღებული ჩაის სასარგებლო თვისებებსა და უპირატესობაზე. რასაკვირველია, სხვადასხვა სახეობის ჩაისაც დააგემოვნებენ. ეს ხელს შეუწყობს ქართული ჩაის პოპულარიზაციას როგორც უცხოელ, ასევე, ქართველ მომხმარებელში, სამომავლოდ კი გახდება „მანნას“ მარკეტინგული კამპანიის ერთგვარი ლაიტმოტივი და მამოძრავებელი.

სტატია მომზადებულია გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, USAID/EMWI სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.