მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკომეგობრული საწარმო-სახელოსნო „ბამოს“ პროდუქცია მალე მაღაზიებში გამოჩნდება

6105442c2c0ad
მარიამ იზორია
31.07.21 17:30
1199
ეკომეგობრული ოჯახური საწარმო-სახელოსნო „ბამო“ მომხმარებელს ბუნებრივი მასალისგან დამზადებულ ხელნაკეთ დეკორს, სათამაშოებსა და ავეჯს სთავაზობს, მასალებს შორის ეკოლოგიური საღებავები, ბუნებრივი ქვა, რკინა, ნატურალური და ხელოვნური ტყავიცაა. “ბამოს“ პროდუქცია ბრენდის „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამ“ გვერდებზე რეალიზდება. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, ნივთების ფასი 20 ლარიდან იწყება და 150 ლარამდე ადის.

„ბამოს“ დამფუძნებლები თეკა ჯამაკაშვილი და გიორგი ძაგანიშვილი bm.ge-სთან ინტერვიუში ჰყვებიან, რომ ყველა ნივთს თავად, საკუთარი ხელით ქმნიან, საბოლოო შედეგამდე ჩანახატებისა და ესკიზების საშუალებით მიდიან.

მათი თქმით, ბრენდის პროდუქციაზე მოთხოვნა წლის ყველა სეზონზე მაღალია.

„ოჯახი 9 წლის წინ შევქმენით და სახლში ყველაფერს ჩვენივე ხელით ვქმნიდით, ვაწყობდით, ვხატავდით, თავდაპირველად ნაძვის ხეების დამზადება დავიწყეთ, რაც ჩვენს საახალწლო ტრადიციად იქცა, შემდგომ უკვე ჯადოსნური სამყაროს ჩვენი შვილებისთვის ვქმნიდით, რადგან 6-7 წლის წინ საქართველოში ეკოლოგიურად უსაფრთხო და მრავალფეროვანი სათამაშოები რთულად მოიძებნებოდა, საწყისად ჩვენს ნივთებს საყვარელ ადამიანებს ვჩუქნიდით, მათი დადებითი შეფასების შემდეგ მივხვდით, საჭირო იყო, ისინი სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა და 2020 წლის დეკემბერში „ბამო“ ფართო საზოგადოებას წარვუდგინეთ“- აღნიშნავენ ისინი.

ბრენდის დამფუძნებლები bm.ge-სთან სამომავლო გეგმებზეც საუბრობენ, მალე „ბამო“ მაღაზიებში, ასევე „Etsy“-ის პლატფორმაზეც გამოჩნდება.