მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკა გაიხსნა, გაჩნდა პოზიტიური მოლოდინები - პაპუნა ლეჟავა ლარის მკვეთრ გამყარებაზე

60c9beb62d125
ინგა მურუსიძე
16.06.21 13:00
662
"ეკონომიკა გაიხსნა, გაჩნდა პოზიტიური მოლოდინები, რამაც კურსის მკვეთრი გამყარება გამოიწვია",  - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ონლაინ-რეჟიმში გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვას, რომელიც ბოლო პერიოდში ლარის კურსის გამყარების გამომწვევ მიზეზებს შეეხებოდა. 

"ლარის კურსის გრძელვადიან ტენდენციაზე ბევრი ფუნდამენტური ფაქტორი ახდენს გავლენას. მაგალითად ასეთია: მოსახლეობის პრეფერენციები იმპორტირებულ და ექსპორტირებულ პროდუქციაზე, სავაჭრო ბარიერები, პროდუქტიულობა ქვეყნის ეკონომიკაში... მოგეხსენებათ, რომ ასეთ ფუნდამენტურ ფაქტორებზე ეროვნული ბანკის ზეგავლენა საკმაოდ შეზღუდულია.

რაც შეეხება ლარის კურსის ფორმირებას მოკლევადიან პერიოდში, აქ ძირითად როლს ზუსტად ეკონომიკური აგენტების მოლოდინები ასრულებენ. 2020 წლის მეორე ნახევრიდან, როცა პანდემიის დაწყებასთან ერთად ნეგატიურად შეიცვალა ეკონომიკური აქტორების მოლოდინები, ამან გამოიწვია კურსის მკვეთრი გაუფასურება, ხოლო ბოლო თვის განმავლობაში, როცა ეკონომიკა გაიხსნა და გაჩნდა პოზიტიური მოლოდინები, ამან გამოიწვია მკვეთრი გამყარება. ლარის კურსი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ვალუტის კურსი, ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე წრფივად არ მიდის. მას ამ გზაზე ახასიათებს გარკვეული ტიპის მერყეობები და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს", - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის როლსაც გაუსვა ხაზი და 2020 წელს გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მათ შორის ახსენა ისიც, რომ 2020 წელს ეროვნულმა 916 მლნ დოლარის ინტერვენცია განახორციელა.

"ამასთან, მოგეხსენებათ, 2020 წლის განმავლობაში ქვეყანამ სოლიდური დახმარების პაკეტი მიიღო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან. ამ პროცესში კი ჩვენი როლი იყო ის, რომ უცხოური ვალუტის დაფინანსება მოგვეხვედრებინა ბაზარზე და ამით ნაწილობრივ შეგვერბილებინა ის დანაკლისი, რაც ეკონომიკამ განიცადა ტურიზმის გაჩერების გამო, რის შედეგადაც საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები შემცირდა... სებ-ის სავალუტო ინტერვენციების მიზანი იყო, რომ როგორც ფასების ზრდაზე, ისე ფინანსურ სტაბილურობაზე გავლენა მაქსიმალურად შეგვემცირებინა.

ამ პერიოდის განმავლობაში სებ-მა გააკეთა 916 მლნ დოლარის ინტერვენცია. სავალუტო ინტერვენციები წელსაც გრძელდება, რადგან ეკონომიკური აღდგენის პროცესი არ არის დასრულებული. წლის დასაწყისში, წელს უკვე უკვე 254 მლნ დოლარის ინტერვენცია გვაქვს განხორციელებული და ამას წლის განამვლობაში კვლავ გავაგრძელებთ, მაგრამ მოსალოდნელია, რომ წლევანდელი წელი უკეთესი იქნება, ვიდრე გასული წელი იყო, თუმცა თუ შეიცვალა სიტუაცია და გაჩნდა ინტერვენციის აუცილებლობა, შარშანდელის ან თუნდაც მეტი მოცულობის ინტერვენციის რესურსი ეროვნულ ბანკს გააჩნია, თუმცა იმედია, ამის საჭიროება არ გაგვიჩნდება", - აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.