მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეკონომიკა უპირობოდ უნდა გაიხსნას“ - რას შესთავაზებს „რედკო“ მთავრობას

600fc2bb00eda
ვიქტორია მღებრიშვილი
26.01.21 11:45
1166
დეველოპერული კომპანია „რედკო“, რომელიც სამთო კურორტ გუდაურში ერთ-ერთ მასშტაბურ პროექტს მართავს და ახორციელებს, მიიჩნევს, რომ ეკონომიკა უპირობოდ უნდა გაიხსნას.

როგორც BM.GE-ის ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნეს სექტორს ეკონომიკური გუნდი და ეპიდემიოლოგები შეხვდებიან, სადაც საუბარი ეკონომიკის წერტილოვან გახსნას შეეხება.

შეხვედრას „რედკოს“ გენერალური დირექტორი მალხაზ კუნელაურიც დაესწრება, რომელიც BM.GE-ისთან საუბრისას ამბობს, რომ მთის კურორტების მიმართულებით არსებული შეზღუდვების მოხსნის მნიშვნელობაზე თავის პოზიციას დააფიქსირებს.

"ვითხოვთ, მოგვცენ მუშაობის უფლება და სამთო კურორტებზე აამოქმედონ საბაგიროები. გადაწყვეტილებები უნდა იყოს თანმიმდევრული - თუ ვსაუბრობთ სავაჭრო მოლების გახსნაზე, ბათუმში სკოლების ამოქმედებაზე, მაშინ გაუგებარია ტურიზმისთვის "ლოქდაუნის" გახანგრძლივება ან რაღა აზრი ექნება მერე საბაგიროს ჩართვას. იმისთვის, რომ ადგილობრივებმა მთის კურორტებზე შეძლონ იმ მინიმალური ხარჯის მობილიზება, რაც შეზღუდვების პერიოდში ჰქონდათ, უნდა ჩაირთოს საბაგიროები. რაღაცნაირად უნდა მოხდეს ეკონომიკური ციკლის ბრუნვა, თორემ ეს გაყინული მდგომარეობა ძალიან გვაზარალებს“, - განაცხადა „რედკოს“ გენერალურმა დირექტორმა.

მისი თქმით, ეკონომიკის ამოქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა შემდგომში თავად ჯანდაცვის სისტემის მართვა იყოს შესაძლებელი.

„დღეს ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ ვფიქრობ, ქვეყანა პანდემიას უფრო მართავს, ვიდრე სოციალურ მდგომარეობას და ეკონომიკას, რომელიც კატასტროფაშია, ამიტომ მონაცვლეობით უნდა მივცეთ გასაქანი და გავხსნათ ბიზნესები, თუ გაგვექცევა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ერთ კონკრეტულ ადგილას, მოვახდინოთ რეაგირება და შევზღუდოთ ეკონომიკა და როცა შემცირდება ინფიცირებულთა რიცხვი, კვლავს ავამოქმედოთ. ეკონომიკას მუდმივად უნდა ჰქონდეს მუშაობის შესაძლებელობა; სხვანაირად წარმოუდგენელია, რადგან ასე ვერც ჯანდაცვას და ვერც ვერაფერს შევინახავთ. უპირობოდ უნდა გაიხსნას ეკონომიკა“, - აცხადებს მალხაზ კუნელაური.