მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეკონომიკამ უნდა უპასუხოს შეკითხვას: ავაშენებთ, მაგრამ რის ფასად?“ - ალექსიშვილი ანაკლიის პორტზე

5efb0005322c8
ვიქტორია მღებრიშვილი
30.06.20 21:40
1433
კვლევითი ცენტრის PMCG გენერალური დირექტორის ლექსო ალექსიშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხში უნდა შეფასდეს ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორი და უნდა გაეცეს პასუხი კითხვას - რის ფასად ვაშენებთ ანაკლიის პორტს.

ამის შესახებ მან EPRC-ის მიერ გამართულ დისკუსიაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა  - იქნება თუ არა ანაკლიის პორტი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების გარანტი.

„ძალიან რთული შეკითხვაა, იმიტომ რომ ჩვენ აქ ორ მნიშვნელოვან პარადიგმას ვუკავშირებთ ერთმანეთს: ეკონომიკას და გეოპოლიტიკას. ვინ ააშენებს ანაკლიას, ეს სულ ერთი არ არის და ეს ორი თემა ძალიან კრიტიკულად უკავშირდება ერთმანეთს.

ეკონომიკას თუ შევხედავთ, მან უნდა უპასუხოს შეკითხვას, კი ავაშენეთ, მაგრამ რის ფასად? - ეს არის მნიშვნელოვანი შეკითხვაა, იმიტომ რომ ჩვენ სუვერენული გარანტიები უნდა მივცეთ კერძო პირს, რომელმაც შემდგომში რაღაც გარემოების გამო - იქნება ეს ვირუსი, გეოპოლიტიკური გართულება, შიდა პოლიტიკური ვითარება თუ ნებისმიერი რამ, შეუძლია მოგვიტრიალოს და გადაიქცეს ეს სახელმწიფო ვალად, რომელსაც ჩვენი შემდგომი თაობები მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა გაწყდნენ წელში რომ ეს ვალი გაისტუმრონ, მაშინ ეს არ არის ის ფასი, რომელიც ჩვენ ამისთვის უნდა გადავიხადოთ.

ამიტომაც ჩვენ როდესაც ამას ვზომავთ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით უნდა დავიცვათ მნიშვნელოვანი ბალანსი. როდესაც ასეთი ტიპის უმსხვილეს პროექტებთან დაკავშირებით ვფიქრობთ ჩვენ არ უნდა შევქმნათ ე.წ. თეთრი სპილო, რომელიც ჩვენი საზიდი და ჩვენი პრობლემა გახდება“, - განმარტა ლექსო ალექსიშვილმა.

PMCG-ის გენერალურმა დირექტორმა ანაკლიის პორტის შესაბამისი მოთხოვნის არსებობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ეკონომიკური განვითარების კვალდაკვალ უნდა ვითარდებოდეს და არა ისე რომ მიწოდება აღემატებოდეს მოთხოვნას.

„რაც შეეხება იმ საკითხს რომ ლოგისტიკამ უნდა უპასუხოს მოთხოვნას, ეს ცალსახაა. საქმე იმაშია რომ ეკონომიკის განვითარების კვალობაზე უნდა ხდებოდეს ამის განვითარება, ჩვენ ვერ გადავახტებით საკუთარ თავს.

მშპ-სთან მიმართებაში საქართველო ხარჯავს ინვესტიციებს კონკრეტულად ინფრასტრუქტურის მშენებლობაში და ამას თავისი ზღვარი აქვს, რომელზე მეტსაც ვერ დახარჯავს, იმიტომ რომ ეკონომიკა პატარაა და შესაბამისად პატარა საინვესტიციო მოცულობების შესაძლებლობაა. წარმოვიდგინოთ რომ გვაქვს უმაგრესი ინფრასტრუქტურა, მაგრამ არც ტვირთი მოძრაობს ზედ, არც მანქანებია საკმარისი, არც შესაბამისი ეკონომიკა არსებობს... რაში გვჭირდება ეს? ანუ ჩვენ დავხარჯეთ იმაზე მეტი, ვიდრე ამის ათვისების უნარები გვაქვს. ამიტომ აქაც უნდა იყოს ბალანსი და ლოგიკა, რომელსაც გვკარნახობს ბუნება და ეკონომიკა“, - განაცხადა ალექსიშვილმა.