მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეკონომიკას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ყელში უჭერს“- მიხეილ კუკავა

61fbccd2ecf4e
თათია ჩაფიჩაძე
03.02.22 19:12
776
PMC კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსი მიხეილ კუკავა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად 10.5%-ზე დატოვებას ამ ეტაპზე სწორ გადაწყვეტილებად აფასებს და აცხადებს, რომ ფასების შემცირების თვალსაზრისით სებ-ი თავის მანდატის ფარგლებში მოქმედებს.

კუკავას აზრით, დღეს ფასების შემცირებაზე გავლენის მოხდენა მეტად მთავრობას შეუძლია, რაც პირველ რიგში გადასახადების შემცირებით, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნით და ხარჯების რესტრუქტურიზებით არის შესაძლებელი.

„სებ-ის ეს გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ გაზაფხულიდან ინფლაციის შემცირების მყარი მოლოდინი არ გვაქვს. ვვარაუდობთ, რომ შემცირდება, მაგრამ მაკროეკონომიკური მდგომარეობა და მსოფლიო ბაზრებზე ინფლაციის გამომწვევი მთავარი მიზეზი, რაც არის მიწოდების და წარმოების ჯაჭვების მოშლა, ეს მიზეზი არ აღმოფხვრილა, ამდენად მყარი პროგნოზი, რომ ინფლაცია შემცირდება ამ პირობებში, ჩვენ არ გვაქვს. ამ პირობებში მონეტარული პოლიტიკის უცვლელი დატოვება ნიშნავს სწორედ იმას, რომ ეს მყარი მოლოდინი არ გაქვს და ამდენად გამართლებულია.

FED-მა (ფედერალური სარეზერვო სისტემა) აშკარად მისცა ბაზარს სიგნალი, რომ ის არ ელის ინფლაციის შემცირებას. ამერიკა თავისი სიძლიერით, იმის გამო, რომ უმსხვილესი მოთამაშეა, კარნახობს მსოფლიოს როგორც ინფლაციის შემცირება-გაზრდას, ასევე სხვა უამრავ სიგნალს იძლევა. ამდენად ამერიკაში არ აქვთ ასეთი მყარი მოლოდინები, არც ევროპას, ჩვენც არ უნდა გვქონდეს იგივე.

მთავრობის პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს იმ მოცემულობაზე, რაც გვაქვს. ბურთი ნამდვილად მთავრობის მხარეს არის ამჯერად, ეროვნული ბანკი აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია. მთავრობამ პირველ რიგში ხარჯვა უნდა შეამციროს, რაც ნამდვილად მოახდენს გავლენას ინფლაციაზე.

სამწუხაროდ ხარჯები 2021 წელთან შედარებითაც კი გაიზარდა 2022 წელს. ეს არათუ არ უწყობს, არამედ ხელს უშლის ინფლაციის შემცირებას. ეს არის პირველ რიგში გასაკეთებელი და მეორე, ეკონომიკას ყელში უჭერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ეს არის იძულებითი. მაღალი განაკვეთი გამართლებულია ინფლაციის გამო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ზრდას ანელებს. ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი განაკვეთი უნდა დაბალანსდეს პირველ რიგში ხარჯების შემცირებით. ასევე მთავრობამ უნდა დააბალანსოს იმით, რომ შექმნას სტიმულები ეკონომიკისთვის ისეთი, რასაც სხვა თანაბრ პირობებში არ შექმნიდა. გადასახადების შემცირებით, მიმზიდველი სიანვესტიციო გარემოს შექმნით და ხარჯების რესტრუქტურიზებით. გადასახდელების რესტრუქტურიზება არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეკონომიკის სტიმულირება მოვახდინოთ. ეს არის ის, რასაც ექნება სერიოზული ეფექტი. ეროვნულ ბანკს ხელ-ფეხი აქვს შეკრული, მას შეზღუდული აქვს ის არსენალი, რომლითაც გავლენის მოხდება შეუძლია ინფლაციაზე და ეკონომიკურ ზრდაზე“ - აცხადებს კუკავა.

უნდა გაგრძელდეს თუ არა მკაცრი მონეტარული პოლიტიკა? - ამ კითხვაზე კუკავა ამბობს, რომ გრძელვადიან პერიოდში მის ამ ნიშნულზე შენარჩუნებას ეკონომიკური ზრდა შეეწირება.

„30 მარტს უკვე ვეღარ ვიტყვით, რომ ეს გამართლებულია, გასაგებია რომ ფასების სტაბილურობა არის სებ-ის ერთადერთი მანდატი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საშუალოვადიანი ეკონომიკური ზრდა უნდა შევწიროთ ასეთი ხანგრძლივი პერიოდით მის სტაბილურობას. მითუმეტეს, თუ მოლოდინი აქვს სებ-ს და ამბობს, რომ ინფლაცია დაიწყებს გაზაფხულიდან შემცირებას. ამდენად გაუგებარი იქნება მარტში მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში კუკავამ.