მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის დინამიკა და რეკომენდაციები

60d1abf9bdba3
BM.GE
22.06.21 13:20
1062
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის პირველი კვარტლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.

ირაკლი ჟვანია - ფინანსური სერვისების საერთაშორისო კომპანიის, Kudos Georgia-ს პარტნიორი აღნიშნულ მონაცემებს და მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას მიმოიხილავს:

2021 წლის პირველი კვარტლის წინასწარი მონაცემებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 4,5%-ით შემცირდა და მიმდინარე ფასებში 11,275.7 მლნ ლარი, შესაბამისად 3,402.3 მლნ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულად ყველაზე მეტად შემდეგი მიმართულებები შემცირდა: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (54%), მშენებლობა (19.4%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (25.4%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (6.4%), ტრანსპორტი და დასაწყობება (9%), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (34%).

როგორი იყო 2020 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლები?

2000 წლის საბოლოო მონაცემები 2021 წლის ნოემბერში გამოქვეყნდება, თუმცა წინასწარი ინფორმაციით კლება წინა წელთან შედარებით 6.2% იყო. ცნობისთვის: 2020 წელს ევროპაში მშპ 5.8%-ით შემცირდა. კლების კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავი წინა წლის მეორე კვარტალი იყო, როდესაც კლებამ 13.2% შეადგინა, რაც ძირითადად COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების პირველი შოკით უნდა აიხსნას.
თუ აღნიშნულ მაჩვენებლებს რეგიონის მონაცემებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ 2020 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა 4.3%-ით, სომხეთის - 7.6%-ით, რუსეთის - 3.1%-ით შემცირდა, ხოლო თურქეთის ეკონომიკა 1.8%-ით გაიზარდა.

რა მოლოდინები უნდა გვქონდეს 2021 წელს?

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, მთავრობის მიერ 2021 წელს ეკონომიკის ზრდა 5%-ის ფარგლებში იყო პროგნოზირებული, თუმცა ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში არსებული პროგნოზი 4.3%-მდე შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკის ზრდის მანამდე არსებული 4.3%-იანი პროგნოზი 3.5%-მდე შეამცირა, რასაც ხელი COVID-19-ის გამო დაწესებული რეგულაციების გაგრძელებამ, ვაქცინაციის ძალიან დაბალმა დონემ და ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვამ შეუწყო. აღნიშნული მაჩვენებელი ჩამორჩება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს (4.3%-იანი ზრდა) 0.8 საპროცენტო ერთეულით.

სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა პანდემიამდელ მაჩვენებლებს 2022 წელს დაუბრუნდება, თუმცა აღნიშნული მოლოდინი დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა ვითარება იქნება ქვეყანაში, რამდენად მომზადებულები შევხვდებით კოვიდის ე.წ. „მეოთხე ტალღას“ - მოგვიწევს თუ არა ისევ მკაცრი შეზღუდვების დაწესება, რამდენად გავზრდით ვაქცინაციის ტემპს, რამდენად აღვადგენთ ტურიზმის მაჩვენებლებს.

მოსალოდნელია, რომ მეორე კვარტლის მონაცემები განსხვავებული იქნება, ვინაიდან მეორე კვარტალში ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, გაიხსნა საჰაერო და სახმელეთო საზღვრები, გაიზარდა საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა, მნიშვნელოვანი შეზღუდვები მოიხსნა კვების ობიექტების ფუნქციონირების კუთხით.

როგორია მპშ-ს თანაფარდობა სახელმწიფო ვალის მოცულობასთან ?

სახელმწიფო ვალის მოცულობამ „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანული კანონით განსაზღვრულ ზღვარს - მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს უკვე გადააჭარბა, რამაც მაკროეკონომიკური არასტაბილურობისა და სარეიტინგო მაჩვენებლების გაუარესების გარდა შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე და ისედაც შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდეს.

მთავრობა მიმდინარე წელსვე გეგმავს სახელმწიფო ვალის ზღვრულ ნორმაში დაბრუნებას, რასაც შესაძლოა ხელი ლარის მიმდინარე გამყარებამ შეუწყოს, თუმცა აღნიშნული საკითხი კომპლექსურად უნდა განვიხილოთ.

ლარის კურსის მიმდინარე გამყარებაში სხვა ფაქტორებთან ერთად არსებით როლს ასრულებს ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობის ზრდა. მაგალითისთვის აღნიშნულმა მაჩვენებელმა მიმდინარე წლის მაისში 187.7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემებს 42.4%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ გზავნილების რაოდენობა ტრადიციულად წინასაახალწლო პერიოდში - დეკემბერში მაქსიმალურ მაჩვენებელს აღწევს ხოლმე და წლის ამ პერიოდისათვის სარეკორდოა. გზავნილების ზრდის ერთ-ერთი ფაქტორად შესაძლოა ქვეყნებს შორის მიმოსვლის მნიშვნელოვანი შემცირება მივიჩნიოთ, რამაც ირიბად გზავნილების ოფიციალური არხების გამოყენებით განხორციელებას და შესაბამისად სტატისტიკაში ასახვას ხელი შეუწყო.

რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს?

თუ გადავხედავთ მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურას, ვნახავთ, რომ ეკონომიკური აქტივობა ტურისტულ სექტორსა და მასთან დაკავშირებული სფეროებში არსებითად შემცირებულია.

პანდემიამდე პერიოდში ჩვენი ქვეყნის სასტუმროების სექტორის დაახლოებით 75% საერთაშორისო ტურიზმზე მოდიოდა, შეზღუდვებისა და საზღვრების ჩაკეტვის პირობებში ბუნებრივია, რომ აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანი შემცირებაა (81%-იანი კლება 2020 წელს). მართალია, მეორე კვარტალში შეზღუდვები გარკვეულწილად შემსუბუქდა, თუმცა ე.წ. „კომენდანტის საათი“ მაინც საერთაშორისო ტურისტებისათვის ხელისშემშლელ ფაქტორად და მიგვაჩნია, რომ მისი დროული გაუქმება 30-40%-ით გაზრდის შემომავალი ტურისტების რიცხვს.

ასევე - მიუხედავად ვაქცინაციის დაანონსებული მაღალი ტემპისა - ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში სერიოზული შეფერხებებია და ვაქცინაციის მაჩვენებლები შორსაა სასურველისგან. მასობრივი ვაქცინაციის დროული დაწყება გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს ეკონომიკური გამოჯანსაღების მიმართულებით და ამ მხრივ ყველა შესაბამისმა უწყებამ გაათმაგებული ენერგიით უნდა იმუშაოს.

(NS)