მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის დივერსიფიკაცია პანდემიურ პერიოდში

60bf2bc18f6b9
ეგნატე შამუგია
09.06.21 09:45
1605
გრძელვადიან პერიოდში სტაბილური ეკონომიკური ზრდისთვის ინსტიტუციური სტაბილურობა აუცილებელი პირობაა, რაც უპირველეს ყოვლისა, სამართლის უზენაესობას გულისხმობს. სწორედ ასეთ პირობებშია დაცული კერძო საკუთრება, სამართლიანი სასამართლო, აღსრულებადი ხელშეკრულება, შეზღუდული ძალაუფლება და სხვა კომპონენტები, თუმცა ეკონომიკურ ინსტიტუტებთან ერთად, არანაკლებ კრიტიკული როლი გააჩნია ეკონომიკის სტრუქტურას. კერძოდ, რაც უფრო დივერსიფიცირებულია ეკონომიკა, მით უფრო ნაკლები რისკებია არასტაბილურობის. ამის თვალსაჩინო მაგალითი კოვიდპანდემია და შესაბამისად, „დიდი ჩაკეტვაა“. პანდემიის დაწყებიდან დაწყებული კრიზისი ეკონომიკის სექტორებს არაპროპორციულად შეეხო. მთავრობის მიერ მიღებული ზომების დიდი ნაწილი პირდაპირ ზღუდავდა ეკონომიკური აქტივობას მომსახურების ნაწილში. შესაბამისად, ყველაზე მეტად სწორედ ეკონომიკის ეს დარგი დაზიანდა, განსაკუთრებით ტურიზმთან დაკავშირებული სფეროები. მაგალითად, საქართველო და მის მეზობელ აზერბაიჯანში დაწესებული შეზღუდვების სიმკაცრის დონე მეტ-ნაკლებად თანაბარი იყო, მაგრამ საქართველოს ეკონომიკა ბევრად უფრო მეტით შემცირდა, ვიდრე - აზერბაიჯანში. გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა, ხოლო აზერბაიჯანის 4.3%-ით. ამის მიზეზი ეკონომიკის სტრუქტურაა. საქართველოში ეკონომიკის დიდი ნაწილი მომსახურებას უჭირავს, ხოლო აზერბაიჯანში ინდუსტრიულ დარგებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აზერბაიჯანის წარმოება უფრო დივერსიფიცირებულია, ვიდრე საქართველოსი.
 
თუ წარმოების სექტორულ განაწილებაში ეკონომიკის სტრუქტურა ცალსახად გამოკვეთილი, მაღალი წილის მქონე სექტორებით გამოირჩევა, აღნიშნული ინვესტიციების არხით არსებული შოკების მიმართ უფრო მეტად მოწყვლადია. ამა თუ იმ განსაკუთრებით მაღალი წილის მქონე სექტორში ინვესტიციების შემცირებას უფრო მეტი უარყოფით გავლენა ექნება ეკონომიკურ ზრდაზე, ვიდრე ეს მეტად დივერსიფიცირებული წარმოების პირობებში იქნებოდა. ამდენად, ამ ტიპის ქვეყნები უფრო მეტად მოწყვლადები არიან საგარეო და საშინაო შოკებისადმი, მაგრამ ასეთი შოკების გავლენის მინიმიზაცია სწორედ ეკონომიკის უფრო მეტად დივერსიფიცირების პირობებშია შესაძლებელი. თავის მხრივ, ეკონომიკის სტრუქტურული დივერსიფიცირების მამოძრავებელი ზემოთ ხსენებული ინსტიტუციონალური ფაქტორები და მათი სტაბილურობაა. ასეთი რამ ემპირიულად დასტურდება. კერძოდ, განვითარებად ქვეყნებში კერძო საკუთრების მყარი გარანტიები, ვაჭრობის ლიბერალიზაცია და სხვა ფაქტორები მჭიდროდაა ეკონომიკის დივერსიფიკაციასთან ასოცირებული. მეორე მხრივ, ეკონომიკური ზრდასა და დივერსიფიკაციას (ექსპორტის, წარმოების) შორის მძლავრი კავშირია და ამ უკანასკნელის ზრდა ამცირებს წარმოების არასტაბილურობას. ასეთი მდგომარეობის მიღწევისთვის კი ინსტიტუციური ფაქტორების გაუმჯობესება და ქვეყნებთან სავაჭრო ბარიერების (ტარიფები, კვოტები, ტექნიკური საკითხები) აღმოფხვრა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხებია, მაგრამ - არასაკმარისი.

ფიგურა 1: ეკონომიკის სექტორების წილი გაფანტულობა, ეკონომიკის ოცი სექტორი (წილებს შორის ვარიაცია)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურა ბოლო წლებში ბევრად უფრო მეტად დივერსიფიცირებულია, ვიდრე ადრეულ პერიოდში. კერძოდ, თუკი ეკონომიკის ოცი სექტორის წილებს შორის ვარიაცია 24.6 იყო, ეს მაჩვენებელი 2015-19 წლებში 21.7-ს შეადგენდა. აღნიშნული კი მიუთითებს, რომ ეკონომიკის სტრუქტურაში სხვადასხვა დარგის გამოშვების წილი უფრო ახლოს იყო, ვიდრე წინა პერიოდში. მაგალითად, პანდემიამდე, 2019 წელს მთლიანი გამოშვების 30.9% ორ სექტორს - დამამუშავებელ მრეწველობას და მშენებლობას ეკავა, ხოლო 2010 წელს ყველაზე მაღალი წილის მქონე ორი სექტორი - დამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა, 33.4%-იანი წილით იყო. დამამუშავებელი მრეწველობა კი საქართველოს ეკონომიკაში გამოკვეთილად დომინანტურია, რომლის წილი მთლიან გამოშვებაში, 2010-20 წლებში, საშუალოდ, 19.0%-ს შეადგენს. ამ სექტორის წილი პანდემიამდე შემცირებული, 18.4%-მდე იყო, მაგრამ პანდემიის პერიოდში 19.7%-მდე გაიზარდა. სექტორის ზრდა კი, ერთი მხრივ, გასულ წელს გამოშვების ზრდის და მეორე მხრივ, სხვა სექტორების შემცირების შედეგია. პანდემიის პირველ წელს სწორედ მომსახურების სფეროების მთლიანი გამოშვება შემცირდა, რომლის შედეგად ეკონომიკაში მთლიანი გამოშვების განაწილება სექტორებს შორის ნაკლებად დივერსიფიცირებული გახადა.

ფიგურა 2: ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში I ორეული და სამეული სექტორის წილი (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური: ავტორის გამოთვლები

ეკონომიკის დივერსიფიკაცია არამხოლოდ წარმოებას, არამედ საგარეო ვაჭრობის სტრუქტურასაც უკავშირდება, კერძოდ, ქვეყნის საექსპორტო კალათას. ექსპორტის დივერსიფიკაცია იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ქვეყნის ეკონომიკა ღიაა, რადგან ასეთ დროს ეკონომიკური ზრდაში წმინდა ექსპორტის როლი თვალსაჩინოა. შესაბამისად, საგარეო შოკების მიმართ ეკონომიკა მეტად მოწყვლადია. საქართველო სწორედ განვითარებადი ღია ეკონომიკის ქვეყანაა, რომლის ეკონომიკური ზრდის მოდელში საგარეო მოთხოვნას გამოკვეთილი როლი გააჩნია და ამავდროულად, უცხოურ ინვესტიციებზე დამოკიდებულია, რაც ადგილობრივი მოხმარების დაფინანსების მნიშვნელოვანი წყაროა. ცხადია, თავისუფალი ვაჭრობა და უცხოური კაპიტალისთვის ქვეყნის მიმზიდველობა დიდი სარგებელია, მაგრამ ნაკლები დივერსიფიკაციის პირობებში საგარეო შოკებისადმი მოწყვლადობა შედარებით მაღალია. ამის ერთ-ერთი გამოვლინება 2014-2016 წლების დაბალი ეკონომიკური ზრდის ტემპი იყო, რაც ნავთობპროდუქტებზე ფასები ვარდნის შედეგად რეგიონის ქვეყნებიდან მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება. ვინაიდან, საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები რეგიონის ეკონომიკებია, რომელთა ეკონომიკის ½ -ზე მეტი ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას უკავშირდება.

ფიგურა 3: სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების პირველი სამეულის და ხუთეულის წილი მთლიან ექსპორტში (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები

ქვეყნების მიხედვით საქართველოს საექსპორტო კალათა ნაკლებად დივერსიფიცირებულია, რადგან მთლიანი ექსპორტის უდიდესი ნაწილი რეგიონს მოიცავს. აქედან გამომდინარე, რეგიონში არსებული მდგომარეობა ეკონომიკურ ზრდაზე თვალსაჩინოდ აისახება, ხოლო რეგიონი ხშირი არასტაბილურობით გამოირჩევა. ამის მიზეზი, რიგ შემთხვევაში პოლიტიკურ, რიგ შემთხვევაში ეკონომიკური - ნავთობის ბაზრის მდგომარეობაა. რეგიონიდან საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა რუსეთია, სადაც ძირითადად ადგილობრივი წარმოების საქონელი და მომსახურების ექსპორტი ხორციელდება. სწორედ, რუსეთი ფაქტორით იყო გამოწვეული 2006 წლიდან, მთლიან ექსპორტში, პირველი სამეულის და ხუთეულის წილი შემცირება. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე ემბარგო დააწესა, რაც საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელი იყო და ახლაც ადგილობრივ ექსპორტის კალათში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. პირველი სამეულისა და ხუთეულის წილი მთლიან ექსპორტში ყველაზე დაბალ წილს 2014-2016 წლებში იკავებდა, რაც ნიშნავს, რომ ამ პერიოდში, ხუთი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილი ნაკლებად დომინანტური იყო, მაგრამ აღნიშნული არა ახალი ბაზრების ათვისებას, არამედ ამ პერიოდში რეგიონის ქვეყნებთან შედარებით დაბალი ტემპით ექსპორტის ზრდა უკავშირდება. ამ პერიოდში ნავთობპროდუქტებზე ფასების ვარდნის გამო სამეზობლოს ქვეყნებიდან მოთხოვნა შემცირდა. შედეგად, პირველი სამი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილი საშუალოდ 31.3%-მდე შემცირდა, როცა წინა წლებში 40.0%-ს აჭარბებდა. კრიზისული პერიოდის დასრულებისთანავე მათი წილი კვლავ გაიზარდა. პანდემიის პირველ წელს კი მათი წილი კვლავ შემცირდა. თუმცა, ამ პერიოდში საექსპორტო ეკონომიკების რაოდენობა 127-მდე გაიზარდა, რაც ჯერ კიდე 1995 წელს 47 ერთეული იყო.

ფიგურა 4: საქართველოს საექსპორტო ერთეულები და მათი წილის გაფანტულობა (წილებს შორის ვარიაცია)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები

ამდენად, საქართველოს საექსპორტო ეკონომიკური ერთეულების რაოდენობა იზრდება, მაგრამ, ბოლო წლებში ექსპორტის ½ -ზე მეტი ხუთ უმსხვილეს საექსპორტო ქვეყანას უჭირავს. თუკი პანდემიამდე პერიოდში ეს ქვეყნები აზერბაიჯანი (13.4%), რუსეთი (13.1%), სომხეთი (11.4%), ბულგარეთი (7.5%) და უკრაინა (6.6%) იყო, გასულ წელს მდგომარეობა შეიცვალა და ნომერ პირველი პარტნიორი ქვეყანა ჩინეთი გახდა, რომლის წილმა მთლიან ექსპორტში 14.3% დაიკავა. ეს უკანასკნელი მიმდინარე წელსაც საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო ქვეყანაა, რომელის წილი 16.6%-ს აღწევს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი 2018 წლიდან ამოქმედდა. ასეთი რეჟიმი საქართველოს არამხოლოდ ჩინეთთან, არამედ ადრეული პერიოდიდან ცხრა ქვეყანასთან და ევროკავშირთან გააჩნია. უახლოეს მომავალში კი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადება ინდოეთთან და ისრაელთანაც იგეგმება, რაც, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს საქართველოს ექსპორტის დივერსიფიცირებას.

საერთო ჯამში, საქართველოს საექსპორტო ქვეყნების რაოდენობა ადრეული პერიოდიდან არსებითად გაზრდილია, მაგრამ მთლიანი ექსპორტის განაწილების კუთხით დინამიკა - შეცვლილი, რომლის ცვლილება 2016 წლიდანაა შესამჩნევი. საქართველოდან ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ½ -ზე მეტი ხუთი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილია. ეს ქვეყნები რეგიონის ეკონომიკებია. პანდემიის პერიოდში მათ რიგებს სომხეთის ნაცვლად ჩინეთი დაემატა. მეორე მხრივ, პანდემიამდე პერიოდში ეკონომიკის სექტორული დივერსიფიცირების გამოკვეთილი ტენდენცია 2020 წელს მკვეთრად შეიცვალა. ცვლილება კი მომსახურების სექტორებს უკავშირდება. მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვებს პირდაპირი გავლენა სწორედ მომსახურების ნაწილზე და განსაკუთრებით, ტურიზმთან დაკავშირებულ სფეროებზე გააჩნდა. შესაბამისად, მთლიან წარმოებაში მათი წილი შემცირებულია, რამაც საშინაო თუ საგარეო შოკებისადმი მათი მოწყვლადობა კიდევ უფრო მეტად გაზარდა. ამდენად, პანდემიურ წელს ტენდენცია შეიცვალა და საქართველოს ეკონომიკა შედარებით ნაკლებად დივერსიფიცირებული გახდა, ვიდრე პანდემიამდე პერიოდში.