მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის განვითარების მთავარი ფაქტორები - ინტერვიუ პაატა ტრაპაიძესთან

6019645e04615
ვიქტორია მღებრიშვილი
07.02.21 11:20
1039
სახელმწიფო მართვის სისტემის რეფორმირება, დამოუკიდებელი სასამართლო, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო და კვალიფიციური კადრები - კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელი პაატა ტრაპაიძე მიიჩნევს, რომ სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. აღნიშნულ საკითხებზე დასაქმების ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა “Forbes კვირასთან“ ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა, რომ უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ეკონომიკის განვითარების ტემპი შეჩერდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კი, შემცირდა.

- ბატონო პაატა, როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნის 8 წლიან პერიოდს?

ბიძინა ივანიშვილი ჩვეულებრივი პიროვნება არ არის. ის პირადად უნდა განვიხილოთ. საქართველოს რეალობისთვის ის მაღალწონიანი პირია. მის მოღვაწეობას ბოლო 10 წლის განმავლობაში 2 ნაწილად გავყოფდი: როგორც ქველმოქმედი და როგორ პოლიტიკური სახელმწიფო მოღვაწე. ხშირად ამ ორ საკითხს ურევენ ერთმანეთში, რასაც მცდარ შედეგებამდე მივყავართ. ქველმოქმედს თავისი ფუნქცია აქვს და მან იმაზე მეტად შეასრულა, ვიდრე ჩვენს გარშემო ადამიანებს შეეძლოთ ამის გაკეთება. თავის ფულს როგორ განკარგავდა ეს მისი ნებაა, საზოგადოება წლების განმავლობაში შეაფასებს მისი ქველმოქმედება რამდენად დადებითი იყო. რა შეიძლებოდა უფრო მეტად და ეფექტურად გაკეთებულიყო - ეს მისი ნებაა.

მაგალითად, ბილ გეითსის პოლიომელიტთან დაკავშირებული ფონდი რომ წარმოვიდგინოთ, ის ფანტასტიკაა და აფრიკის სოფლამდეც კი ჩადის, რომ პოლიომელიტის ელიმინაცია მოახდინოს.

სახელმწიფო მოღვაწე - დადებითიც იყო და უკეთესი რაღაცეებიც შეეძლო გაეკეთებინა. ვფიქრობ, ივანიშვილის შემოსვლა ძალიან დადებითი იყო. იმ პერიოდში ჩემი კავშირი მქონდა მაშინდელ მთავრობასთან და ვიცი, რა მდგომაროებაში იყო მაშინდელი ხელისუფლება. ჩემი აზრით, ერთ-ერთი კარგი, რაც მან გააკეთა საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის, იყო ცვლილება, რაც მოხდა 2012-ში. ხელისუფლების მშვიდობიანი დემოკრატიული გადაბარება ეს მისი დამსახურებაცაა და წინა ხელისუფლების დამსახურებაც. სხვა საკითხია, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც საკმაოდ მძიმე წონა აქვს, ხელისუფლება მაშინ გადაბარდებოდა თუ არა და როგორ განვითარდებოდა საქართველო, კაცმა არ იცის.

- რისი გაკეთება შეეძლო და რა ვერ გააკეთა 8 წლის განმავლობაში? როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი და ოპტიმისტური მიმართულებით მოძრაობს მისი წასვლის შემდეგ ქართული ეკონომიკა?

პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, მეორე კარგი, რაც გააკეთა, ეს არის ის, რომ წავიდა. უმადური უნდა იყო ადამიანი, რომ არ თქვა, მისი მოსვლის შემდეგ ბიზნესს შიში გაუქრა, მისი საფუძვლები არის დარჩენილი, მაგრამ შიში გაქრა, ნაწილობრივ მაინც. ბიზნესზეც ზეწოლა შედარებით ნაკლებია, მაგრამ... ამ მაგრამიდან იწყება ყველაფერი: ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ტემპი შეჩერდა. ბიზნესი პოლიტიკის გარეშე დღეს შეუძლებელია. ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლო სისტემის შეცვლა. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც საქართველოს რეალობას 30 წლის განმავლობაში მტკივნეული აჩრდილივით მიჰყვება ეს სისტემაა. გვინდა თუ არ გვინდა სტალინის შვილიშვილები ვართ. ტირანი რომ კვდება, ტირანია მასთან ერთად არ კვდება. საჭიროა, საზოგადოების გონების ტრანსფორმაცია, რომ შენ ბატონ-პატრონი კი არ გჭირდება, არამედ - განვითარებისთვის თავისუფალი გარემო. იმედი მქონდა იმ ფინანსური რესურსებით და შესაძლებლობებით, რაც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა, ის სისტემის ტრანსფორმაციას შეძლებდა. სამწუხაროდ, საპირისპირო დავინახე. არავითარი სურვილიც არ ჰქონია... გადმოიბარა სააკაშვილისგან ის სისტემა, რომელიც სააკაშვილმა გადმოიბარა შევარდნაძისგან, მან კი კომუნისტური სისტემისგან... საბჭოთა მოქალაქეები ვართ. ჩვენი პრობლემა ამაშია.

- როგორ უნდა მოიქცეს დღეს ხელისუფლება? რა უნდა გაკეთდეს სისტემის შესაცვლელად?

როდესაც პოლიტიკაში პრობლემები იწყება, ის გადადის ყველა სფეროზე, მათ შორის ბიზნესზეც. ბიძინა ივანიშვილის შემდგომი ეპოქა უნდა მიეძღვნას სისტემის დემონტაჟს და ახალი სისტემის შექმნას. უნდა გავიხსენოთ ერთი რამ და გადავწყვიტოთ, სად გვინდა ცხოვრება მეტაფიზიკაში თუ დიალექტიკაში. ჩვენ გვინდა თუ არა, რომ ჩვენს შვილებს უკეთესი მომავალი დავუტოვოთ, ე.ი. დიალექტიკა უნდა იყოს, მას კი ერთი დაუწერელი კანონი აქვს, რომელიც ჰერაკლიდემ 2 500 წლის წინ აღმოაჩინა - დაპირისპირებათა ერთიანობა.

მეორე ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის სამართალდამცავები - როგორ შეიძლება, რომ შსს-ის ინსპექცია თავისივე ორგანოში ჰქონდეს. დაწყებული დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან საქართველოში ვერ შეიქმნა სისტემა, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას შეუწყობს ხელს. მე თუ შსს მინისტრი ვარ და ის, ვინც მე უნდა დამსაჯოს ჩემი ხელქვეითია, მე როგორ უნდა დამსაჯოს?! როდის მოხდება ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების რეალური გადანაწილება?!

ხშირად მეკითხებიან, როგორ უნდა შევქმნათ დღეს სასამართლო სისტემა, ეს ერთადერთი გამოსავალია მხოლოდ და მხოლოდ - როგორც პარლამენტარია არჩევითი, როგორ პრეზიდენტია არჩევითი, ასევე ხალხი უნდა ირჩევდეს მოსამართლეს. ხშირად იურისტებისგან მესმის, ხალხმა რა იცის ვინ არის კარგი იურისტი, სად არის იმის გარანტია, რომ პროკურორი და მოსამართლე თქვენი სურვილით არ დაინიშნება, ამ გზით ხალხზე პასუხისმგებლობის ტვირთვი გადავა.

ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, რომელსაც არც გაზი აქვს, არც ნავთობი, არც ოქრო... გვაქვს გეოპოლიტიკური მდებარეობა, კარგი სიმღერა და სუფრა ვიცით... ერთი ტურიზმი გვქონდა და ისიც პანდემიის გამო მოიშალა. ტურიზმი ჩქარი ფულია - შემოსული ეკონომიკის ასამოძრავებლად.

- როგორ უნდა განვვითარდეთ და რა არის ამ პროცესში მთავარი?

ყველაზე მთავარი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, რომელიც კატასტროფულად მცირდება საქართველოში. ფული რამდენიც გინდათ, იმდენია. ბანკებს ხომ შემოაქვთ ფული, ამ ფულს ლაყე ფულს ვეძახი, მისი მოხმარება არ ვიცით ჩვენ.

პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების - ფულს მოყვება ცოდნა და ადამიანი, რომელიც აუცილებელია, ჩვენი განვითარებისთვის. უნდა გავიგოთ, რომ ძალიან ბევრ საკითხში ეკონომიკის მიმართულებით ბევრი რამ არ ვიცით და კონკურენტუნარიანები არ ვართ. სანამ აღვზრდით მთავრობას, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება, წლები და ათწლეულები გავა და ეს იოლი არ იქნება. ამიტომ იძულებული ვართ, მივებათ დასავლეთის წინა პლანზე არსებულ კომპანიებს, რომლებიც პირველ რიგში იმით უნდა დავაინტერესოთ, რომ სასამართლო უნდა იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი. წინა ხელისუფლებაში ბრიტანული სამართლის შემოტანის გეგმა ჰქონდათ... რატომაც არა? პროკურორი სამართლიანია და არავისზეა დამოკიდებული და ბიზნეს გარემო აბსოლუტურად გახსნილია. ობიექტურები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ დღეს ერთადერთი ინვესტორი არის ბატონი ბიძინა. ეს ძალიან ცუდია. ერთი ადამიანის ინვესტორობას ჰქვია ფეოდალიზმი.

მაშინ როდესაც საინვესტიციო გარემო უნდა იყოს გახსნილი, კონფერენციებს უნდა ვაწყობდეთ და ვამბობდეთ, რომ აქ აბსოლუტურად ღია კონკურენციაა. მხოლოდ ეს ბადებს განვითარებას. ნუ ექნება ნურავის იმედი, რომ საქართველოს ეკონომიკა განვითარდება სოფლის მეურნეობაში ჩადებული მილიონებით, მე არ ვსაუბრობ ბიძინა ივანიშვილის დაპირებებზე... ეს არადღევანდელი თემაა. დღეს უნდა ვილაპარაკოთ დაკარგულ შესაძლებლობებზე...

- რას გულისხმობს და რა მიგაჩნიათ დღეს დაკარგულ შესაძლებლობად?

ჩემთვის ნომერ პირველი დაკარგული შესაძლებლობა ისაა, რომ დღეს FDI უნდა იყოს $3-4 მლრდ, თუ გვინდა რომ წინ წავიდეს ქვეყანა და მეორე - მსოფლიო განვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკური რევოლუციაა, რომელიც დიდ პრობლემას უქმნის ჩვენისთანა განვითარებად ქვეყნებს. ერთ სულ მოსახლეზე არსებული მშპ-ით ისედაც დიდი სხვაობაა, ისინი კიდევ უფრო გამდიდრდებიან, ჩვენ კი უფრო გავღარიბდებით. თეორია, რომ ვიღაცამ რაღაცა უნდა შემოიტანოს იმიტომ რომ აქ იაფი მუშახელია, დამთავრდა. მსოფლიოს იაფი მუშახელი არ სჭირდება. იაფ მუშახელს ჩაანაცვლებს რობოტები, რომელიც გაცილებით ზუსტია. გვჭირდება მიზანმიმართულად განვითარებული ადამიანები.

ყველაზე მეტად არ მომეწონა ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მან თქვა, რომ მოსახლეობას შეუძლია შეიძინოს იაფი ბილეთები და ევროპაში წავიდნენ. ყველა სახელმწიფო მოღვაწემ უნდა გააცნობიეროს, რომ ბიზნესს აკეთებს არა - ფული და მანქანები, არამედ ადამიანები. ადამიანი ბიზნესის ყველაზე აუცილებელი კომპონენტია და ნუ ჰგონია ნურავის, რომ რაც უფრო ცოტანი დავრჩებით საქართველოში მით უფრო აყვავდება ბიზნესი. პირიქით, ჩავარდება ბიზნესი.
ეს უნდა გაგვეკეთებინა ჩვენ ამ 8 წლის განმავლობაში.