მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის მინისტრი: პრივატიზების არასისტემური მიდგომა გვქონდა

5dc9758e55117
დავით ჯალაღონია
11.11.19 18:50
1010
ეკონომიკისა და განვითარების მინისტრის განცხადებით, დღემდე, მთავრობას წყალტუბოს კურორტზე არსებული ობიექტების პრივატიზების არასისტემური მიდგომა ჰქონდა. ამის შესახებ თურნვამ დღეს, სასტუმრო „რედისონში“, წყალტუბოს პროექტის საჯარო განხილვაზე, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრის გიგლა მიქაუტაძის კრიტიკული გამოსვლის საპასუხოდ განაცხადა.

მიქაუტაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ჯერ სხვა შესაძლო ინვესტორები უნდა მოეძია, რომელთაც წყალტუბოს კურორტთან დაკავშირებით ინტერესი აქვს და შემდეგ მიეცა ივანიშვილისთვის პროექტის განვითარების შესაძლებლობა.

„მე მინდა თქვენი სკეპტიციზმი პოლიტიკურ კონიუნქტურას მივაწერო, იმიტომ რომ თქვენ რასაც გვირჩევთ, რომ ჯერ სათითაოდ დავიწყოთ ცალკეული ინვესტორების მოძებნა, ეს სწორედ ის გზაა, რასაც ჩვენ 2014 წლიდან მოყოლებული, რაც “Kohl & Partners”-ის გეგმა დაიდო, ვახორციელებთ და ამან არ გაამართლა, რადგან ჩვენ მართლაც ვეძებდით ინვესტორებს, მათ ცალკეულ, კონტექსტიდან ამოგლეჯილ ობიექტებს ვთავაზობდით, როგორც სხვა შემთხვევაში ვახორციელებთ პრივატიზაციას, სწორედ ასეთი გზით ვაკეთებდით - „50 ქონება ბიზნესს“ ინიციატივა გვქონდა და დიდხანს იყო ეს ობიექტები შემოთავაზებული, ასევე საპარტნიორო ფონდის ფარგლებშიც ვეძებდით ინვესტორებს და ასეთმა არასისტემურმა მიდგომამ მოგვცა რა - ჩვენ ამ 22 ობიექტიდან გვაქვს სულ ბოლო პერიოდში განხორციელებული რამდენიმე პრივატიზაცია და ობიექტების მეტი წილი კვლავაც სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, ეს იყოს ერთიანი გეგმის ფარგლებში.

რა თქმა უნდა, უადგილოა საუბარი რაიმე სახის კონკურენციაზე საქველმოქმედო ინიციატივასა და ბიზნეს ინვესტიციას შორის, იმიტომ რომ ერთის მხრივ, ჩვენ გვაქვს სრულიად საქველმოქმედო ინიციატივა, მიმართული არა იქით, რომ ამ ობიექტებს ვინმე დაეუფლოს, არამედ პირიქით, აქ საუბარია იმაზე, რომ რესურსი ჩაიდოს, ხელი შეეწყოს წყალტუბოს განვითარებას და ნებისმიერ ეტაპზე, ამ ობიექტების გადაცემა მოხდეს მსურველი, კერძო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ წყალტუბოს განვითარების გეგმაზე კერძო სექტორთან მორიგი შეხვედრა უფრო მეტი კონკრეტიკით ჩაივლის.

„ჩვენი შეხვედრის შემდეგ პროცესი ისე წარიმართება, რომ პირველი შეთავაზება კვლავ გავუკეთოთ ბიზნესს, ოღონდ იმ მოცემულობით, რომ ჩვენ გვაქვს ერთიანი ხედვა, კონკრეტული ფუნქციები გადანაწილებული და ბიზნესი ხედავს, სახელმწიფო რაში ჩადებს ფულს და რა თქმა უნდა, ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ასეთი ძლიერი საქველმოქმედო ინიციატივა. აქედან გამომდინარე, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ წყალტუბო აღორძინდება, 20 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდება და ეს იქნება აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის: „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვას და კურორტის რეაბილიტაციას გეგმავს. პროექტის ტექნიკური დეტალები, ასევე პრივატიზაციის ვადები ჯერ-ჯერობით უცნობია.

15 სანატორიუმი, რომლის გამოსყიდვასაც ექს-პრემიერი გეგმავს, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზეა.

დღევანდელ საჯარო განხილვაზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ომ წყალტუბოში მდებარე 15 სანატორიუმის ფასი, ქონების ეროვნული სააგენტოს შეფასებით ჯამში, 47.5 მილიონი ლარია.