მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, “აბუ დაბის პორტები” ანაკლიით დაინტერესდა

633ef15852d99
შოთა ტყეშელაშვილი
06.10.22 19:20
1020
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებით არაბეთის გაერთიანებული საამიროების, “აბუ დაბის პორტების” კორპორაცია დაინტერესდა. თავად AD Ports Group-ი აბუ-დაბის საამიროს დაქვემდებარებული სახელმწიფო კომპანიაა. მინისტრის განცხადებით, პორტის თაობაზე დაინტერესება სხვა კომპანიებმაც გამოხატეს.

მინისტრის თქმით, სახელმწიფოს დაკვეთით კომპანია MTBS-ი პორტის კომერციული დასაბუთების დოკუმენტს ხელახლა ამზადებს, რაც დაინტერესებულ ინვესტორებს წარედგინებათ. ლევან დავითაშვილის თქმით, ასევე სახელმწიფო გეგმავს შეარჩიოს საერთაშორისო იურიდიული ფირმა, რომელიც ახალი კონტრაქტის პირობების მომზადებაზე იმუშავებს.

“ანაკლიის პორტი, რა თქმა უნდა, ყველას გვაინტერესებს და ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი. მაგრამ, აქვე ხაზგასმით უნდა ავღნიშნოთ, რომ მთავარია ამ პროექტის განხორციელება მოხდეს სწორად.

მას შემდეგ რაც სახელმწიფოს მფლობელობაში დაბრუნდა პორტის ინფრასტრუქტურა და ის ქონება, რაც პორტის გარშემოა, დაიწყო დეტალური კვლევები, რომლებიც მიზანშეწონილობას განსაზღვრავდა. გაჟღერდა კომპანია MTBS-ი, რომელიც არის ჰოლანდიური კომპანია, მათ ინფორმაციას პოტენციურ ინვესტორებს ვაწვდით და ვუზიარებთ ინფორმაციის არგამჟღავნების სპეციალური შეთანხმების ფარგლებში. თუმცა, ეს კვლევები ჩატარდა ომამდელ პირობებში, შესაბამისად საჭიროებს გადახედვას. პანდემიის პირობებში ტვირთნაკადი იცით რომ შემცირებული იყო და მსგავსი პროექტების მიმართ ინტერესი არ არსებობდა. პანდემიამ ორი წელი წაიღო. კვლევები განახლდა, რათა უფრო ადეკვატური ყოფილიყო სიტუაციის ანალიზი.

გამოცხადებული გვაქვს შერჩევის პროცესი, სადაც შევარჩევთ საერთაშორისო გამოცდილების, მაღალი რეპუტაციის კომპანიას, საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ასევე საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც დაგვეხმარება სწორად ჩამოვაყალიბოთ პირობები ინვესტორის შერჩევის, ე.წ. PPP კანონმდებლობის ფარგლებში. ამ პროექტის განვითარება დაიწყო PPP კანონის მიღებამდე და მისი განვითარება მოგვიწევს ახლა სწორედ ამ კანონის პირობებში.

მიმდინარე წელს გამოვაცხადებთ ინვესტორთა შერჩევას, დაინტერესება საკმაოდ დიდია. ეს არის იგივე აბუ დაბის პორტები, მსხვილი გაერთიანება. ასევე რამდენიმე კონსორციუმი, რომელიც სამინისტროსთან საუბრობს და ვფიქრობ, რომ ჩვენ ისეთ პორტს მივიღებთ, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ემსახურება,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც როგორც კონსორციუმის, ასევე, მისი ერთ-ერთი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა მოჰყვა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დავობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება შეაჩერა, რამაც ინვესტორებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მოუტანა.

ხელშეკრულების გაწყვეტის დროს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” პროექტში უკვე ინვესტირებული ჰქონდა 74 მილიონი დოლარი, მათ შორის $35 მილიონი უკვე იყო ჩადებული ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებში, დანარჩენი თანხები კი საზღვაო, ეკოლოგიურ და საინჟინრო კვლევებსა და პროექტებში.

2022 წლის 1 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დღეს საქართველოსთვის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას წარმოადენს. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოცხადდება ამ პროექტზე ახალი ტენდერი.