მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: გაზსა და ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდა არ იგეგმება

5d9b556ad9c3d
დათო ჯალაღონია
08.10.19 10:20
1187
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა მოსახლეობის იმ სეგმენტს დაეხმარება, რომელსაც კომუნალური სერვისების მისაღებად დახმარება დასჭირდება. ასე უპასუხა თვალაბეიშვილმა ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, მოსალოდნელია თუ არა სამომხმარებლო ტარიფების ზრდა "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, რაც ბაზრის ლიბერალიზაციის საფუძველი გახდება.

"ბაზრის გახსნის კვალდაკვალ, ამოცანა ის არის, რომ ჩვენ, მთავრობას ჩამოყალიბებული მექანიზმი ჰქონდეს იმისთვის, რომ იმ მომხმარებელთა კლასისთვის, რომელსაც სახელმწიფო ჩათვლის, რომ შეღავათიანი ფასებით ელექტროენერგიის მიწოდება სჭირდება, ამის საშუალება გვქონდეს, ახალი კანონის მიხედვით.

ზოგადად, გაზსა და ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდას, ეს უახლოეს მომავალში არანაირად არ იგეგმება, ამის წინაპირობა არ არსებობს. რაც შეეხება მომავალში, მომხმარებლის ზრდასთან ერთად, იმის მიხედვით, თუ რა დამატებითი ელექტროენერგია დაგვჭირდება, რა წყაროებით და ფასებით, შევხვდეავთ და ვნახავთ, შეიძლება არც დადგეს ამის საჭიროება. ჯერჯერობით ადრეა ამაზე საუბარი", - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონის პროექტის განხილვა დაიწყო. დოკუმენტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა, მათ შორის - ოპოზიციიდან ფრაქცია "ევროპულმა საქართველომ".

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, საკანონმდებლო ცვლილებების ძირითადი მიზნებია:

- საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზით ვაჭრობის სფეროში თავისუფალი და კონკურენტული ურთიერთობების ხელშეწყობა და ბაზრების გახსნა;

- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის უფლებამოსილების გაზრდა, რომელზეც ქსელის წესების გარდა (რაც დღესაც მისი ფუნქციაა) დელეგირდება ბაზრის წესების და გადამცემი ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმების დამტკიცების უფლებამოსილება;

- გადამცემი ან გამანაწილებელი საქმიანობის გამიჯვნა წარმოებისა და მიწოდების საქმიანობისაგან;

- საქართველოს მთავრობის მიერ ბაზრის კონცეფციის მოდელის დამტკიცება;

- ბაზარზე ტრეიდერის და მიმწოდებლის სტატუსების შექმნა. ტრეიდერი იქნება პირი, რომელიც უფლებამოსილი იქნება ბაზარზე ენერგიის გადაყიდვაზე, ხოლო მიმწოდებელი პირი, რომელიც საბოლოო მომხმარებელს მიაწვდის ენერგიას;

- საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე ბაზრის შესაძლო უარყოფითი ზეგავლენის შესარბილებლად საქართველოს მთავრობისთვის უფლებამოსილების მინიჭება, განსაზღვროს დროებით უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც მომხმარებელთა შესაბამის კატეგორიას უზრუნველყოფს ენერგიის მიწოდებით სანამ ისინი თავისუფალ ბაზარზე შეძლებენ მიმწოდებლის არჩევას და ა.შ.

კანონპროექტი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მიერ მომზადდა, რომელსაც საქართველო 2017 წლიდან შეუერთდა.