მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის რომელ სექტორებში დაფიქსირდა კლება – უახლესი სტატისტიკა

5dba9a6ed7729
ლიკა გურაბანიძე
31.10.19 12:50
1339
"საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 5.2% შეადგინა. ამის შესახებ "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ამ მაჩვენებელთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

წინასწარი შეფასებით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.2%–ით გაიზარდა, 9 თვის საშუალო მაჩვენებელი კი 5%–ია. 

სექტემბრის ეკონომიკურ ზრდაში შედარებით მაღალი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა როგორიცაა: ტრანსპორტი, მშენებლობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ასევე დამამუშავებელი დარგები.

ეკონომიკის რომელ სექტორებში დაფიქსირდა კლება, ამის შესახებ განცხადება "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გააკეთა.

"საერთო მაჩვენებლის ზრდის ფონზე, კლების ტენდენცია შეინიშნებოდა სამთო მოპოვებითი მრეწველობის, ასევე კომუნალური, პერსონალური და სოციალური მომსახურების გაწევის სექტორებში. 2019 წლის 9 თვეში საქონლის ექსპორტი 11.1%-ით გაიზარდა და დაახლოებით 2.7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებელს, ეს შემცირებულია 3.3%-ით და 6.5 მლრდ დოლარის ფარგლებშია.

ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 1.4%-ით შემცირდა და დაახლოებით 4 000 ერთეულს უტოლდება. ეკონომიკური ზრდის შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 7.4 მლრდ ლარის ფარგლებში იყო და აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 16%-ით არის გაზრდილი", – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

რაც შეეხება იმ სექტორებს, რომელთა მაჩვენებლები გაუმჯობესდა, მათ შორის მშენებლობის დარგიც მოხვდა.

"მშენებლობის დარგში ზრდის ტენდენცია განაპირობა სამშენებლო სამუშაოების გააქტიურებამ, როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი მშენებლობის მიმართულებით, ასევე გზების ხიდების და ესტაკადების მიმართულებით. აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების საერთო ფართობი დაახლოებით 24%-ით გაიზარდა, ასევე 32%-ით არის გაზრდილი ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების საერთო ფართობი.

რაც შეეხება ტრანსპორტის სექტორს, ზრდის გამომწვევ მიზეზებს შორის სახელდება ტვირთის სატრანსპორტო დამუშავება და მის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საქმიანობის გააქტიურება. ვაჭრობის დარგში ზრდა დაკავშირებული იყო 2019 წლის სექტემბერში საცალო ვაჭრობის მიმართულებით ძირითადად საკვები პროდუქტების ვაჭრობასთან, ასევე სასმელების და თამბაქოს ნაწარმის ვაჭრობასთან. რაც შეეხება საბითუმო ვაჭრობის მიმართულებას, აქ აღსანიშნავია საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით, მანქანებით და მოწყობილობებით, გარკვეულ კორელაციაში მშენებლობის დარგთან, ასევე – სამშენებლო მასალებით ვაჭრობის მოცულობის გაფართოვება.

თითქმის გაორმაგებულია – 96%-ით არის გაზრდილი ცემენტის და კლინკერის იმპორტის მაჩვენებელი. რაც შეეხება სასტუმროების და რესტორნების სექტორს, აღნიშნულ დარგში ბრუნვის მაღალი მაჩვენებელი პირდაპირ არის დაკავშირებული საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობის ზრდასთან, დაახლოებით 2.8%-ით გაიზარდა აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. რუსეთიდან დაახლოებით 21%-ით შემცირების ტენდენცია ფიქსირდება და დაახლოებით 38%-ით შემცირდა ვიზიტების რაოდენობა ირანიდან, თუმცა სომხეთიდან და თურქეთიდან დაახლოებით 8-8%-ით გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა, ასევე აზერბაიჯანიდან  – დაახლოებით 5%-ით, ხოლო ყაზახეთიდან დაახლოებით 71%-იანი ზრდა შეინიშნება, ასევე ისრაელიდან 31%-ით და უკრაინიდან 28%-ით.

რაც შეეხება დამამუშავებელ მრეწველობას, ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო ქიმიური მრეწველობის დარგში შექმნილ შედარებით მაღალი მოცულობის დამატებით ღირებულებასთან, ამ მიმართულებით აღსანიშნავია ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების გაფართოვება და აზოტოვანი სასუქების გაფართოვება, რაც შეეხება მეტალურგიას, ბოლო პერიოდის განმავლობაში გრძელდება ამ მიმართულებით შემცირების ტენდენცია, რაც საგარეო ვაჭრობის მონაცემებით დასტურდება კიდეც – დაახლოებით 13%-ით არის შემცირებული ფერო სილიკო მანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი.

კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში შემცირება განაპირობა აზარტული და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირებამ, მიმდინარე წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით", - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.