მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სამინისტრო €1.5 მილიონად ჟანგბადის წარმოებას ყიდულობს

613f4e5056848
BM.GE
13.09.21 17:51
1011
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჟანგბადის მწარმოებელ 13 გენერატორს შეისყიდის - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა. უწყების ინფორმაციით, პროექტზე სამინისტრო 1.5 მილიონი ევროს, ანუ 5.5 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.

შესყიდული აირგენერატორებით ყოველდღიურად 28 ტონა ჟანგბადი უნდა დამზადდეს, რაც კოვიდ-პაციენტებზე გადანაწილდება.

“13 ერთეული თხევადი ჟანგბადის წარმოებისთვის საჭირო აირგენერატორ(ებ)ი, რომელთა წარმოება 24 საათში უნდა იყოს დაახლოებით 28 ტონა (±5%) (ჟანგბადის მწარმოებელი გენერატორი, კომპრესორი, თანმდევი ნაწილებით) თანმდევი მომსახურებით.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების ზრდამ გამოიწვია ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა მნიშვნელოვანი მატება. გაუარესებულმა ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ დააყენა რიგი სამედიცინო დაწესებულებებისთვის უმოკლეს ვადებში მძიმე ავადმყოფებისთვის აუცილებელი მომსახურების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით საჭირო აღჭურვილობის შესყიდვის აუცილებლობა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 აგვისტოს N1526 განკარგულების საფუძველზე უნდა უზრუნველყოს თხევადი ჟანგბადის წარმოებისთვის საჭირო აირგენერატორ(ებ)ის (ჟანგბადის მწარმოებელი გენერატორი, კომპრესორი, თანმდევი ნაწილებით) და თანმდევი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა და მისი გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებებისათვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე.

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან და კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტთა ნაკადების მნიშვნელოვანი მატებიდან გამომდინარე (ყოველდღიურად 5000-6000 ახალი შემთხვევა), გაიზარდა ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობა (ივლისის თვეში საშუალო დღიური მაჩვენებელი 4200-4500, ხოლო აგვისტოს თვის დღიური საშუალო მაჩვენებელი - 7500). შედეგად, ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად იზრდება მობილიზებული საწოლფონდი (ივლისში მობილიზებული საწოლები 5500, აგვისტოს თვეში მობილიზებული საწოლების საშუალო მაჩვენებელი 8450), იქმნება ახალი სივრცეები.

პარალელურად, მოსახლეობისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კლინიკების უზრუნველყოფა სამედიცინო ჟანგბადით, რომელსაც პანდემიის პირობებში, კოვიდ ინფექციის კლინიკური მიმდინარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია. სამედიცინო ჟანგბადის არსებული დღიური მოხმარება შეადგენს 77-80 ტონას და აქედან მხოლოდ 35 ტონა იწარმოება ადგილზე, დანარჩენის იმპორტი ხდება სხვადასხვა ქვეყნებიდან.

არსებული მდგომარეობით, იმპორტი გართულებულია, რადგან მეზობელ ქვეყნებში მატულობს კოვიდ ინფიცირებულების რაოდენობა და რთულად არის ხელმისაწვდომი იმპორტისთვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებები. შემოდგომაზე ახალი ტალღის მოლოდინში, ბევრი ქვეყანა უარს ამბობს ჟანგბადის ექსპორტზე. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უახლოეს პერიოდში სამედიცინო ჟანგბადის მიწოდების დეფიციტის აღმოფხვრა ადგილზე ჟანგბადის წარმოების გაზრდით,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.