მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სამინისტრო: შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე RIA-ს მომზადება აუცილებელია

5d8506b9e194b
თელარა გელანტია
20.09.19 21:22
1519
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის შეფასებით, „ისეთი მნიშვნელოვანი კანონ-პროექტი, როგორიც არის შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, უფრო მეტად უნდა იყოს განხილული ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის ბიზნესთან“.

ამის შესახებ მიქაბაძემ bm.ge-ის საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრ ცქიტიშვილის ინიციატივით და ავტორობით მომზადებული იმ ცვლილებების კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიმართ არაერთი შენიშვნა გააჩნია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციას და ასევე, ბიზნესომბუდსმენის აპარატს.

„ისეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი, როგორიც არის შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, უფრო მეტად უნდა იყოს განხილული ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის ბიზნესთან. მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ბალანსი ბიზნესსა და დასაქმებულების უფლებებს შორის ანუ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული როგორც - დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის უფლებები.

აუცილებელია, წარმოდგენილ კანონპროექტზე რეგულირების გავლენის შეფასების გაკეთება, რათა განისაზღვროს რა გავლენას იქონიებს აღნიშნული პროექტი ბიზნეს გარემოზე და ზოგადად ეკონომიკურ მდგომარეობაზე ქვეყანაში“, - აცხადებს მიქაბაძე.

აღსანიშნავია, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, კანონპოექტის ავტორს რეგულაციის გავლენის შეფასების დოკუმენტის მომზადებისკენ მოუწოდებს, საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია და ბიზნესომბუდსმენის აპარატიც, თუმცა თავად დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა, რომელიც კანონპროექტის ავტორია, გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა, რომ „RIA შრომის კოდექსის პროექტს არ აქვს და ვერც ექნება“.

„RIA ამ კანონის ვერ შემუშავდება რამდენიმე მიზეზის გამო, იმიტომ რომ ის, რასაც ჰქვია ზეგანაკვეთური შრომა, არსად აღრიცხული არაა, რომ ადამიანი მუშაობს ზეგანაკვეთურად. შეგვიძლია თვისობრივი ანალიზიები ავიღოთ, რომელიც ძალიან ბევრი არის გაკეთებული. RIA არის კალკულაციები იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება აღრიცხვიანობა ზეგანაკვეთური და ნორმირებული სამუშაო დროის, რასაც სამწუხაროდ, ბიზნესმენების დიდი ნაწილი არ აკეთებს. ამიტომაც ამის გავლენის შეფასება პრაქტიკულად შეუძლებელია, იმიტომ რომ ამის მონაცემთა ბაზა არ არსებობს," - ამბობს ცქიტიშვილი.