21.ნოემბერი .2019 09:40

ეკონომიკის სამინისტრო TAV Georgia-ს პასუხობს

views 362
უკან

ეკონომიკის სამინისტრო TAV Georgia-ს პასუხობს. საუბარია ბათუმის აეროპორტის გაფართოების პროექტზე, რომელზეც აეროპორტის მმართველი კომპანია ამბობს, რომ ბიუროკრატიული ბარიერების გამო ჭიანურდება.

“გვინდა განვმარტოთ, რომ კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტის გაფართოების სრული პროექტი მხოლოდ 18 ნოემბერს წარუდგინა. შესაბამისად, მოგვეცა საშუალება და ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის განხილვა, რაზეც პასუხი კომპანიას უახლოეს ხანებში ეცნობება.

ამიტომ ჩვენთვის მიუღებელია კომპანიის მხრიდან გამოთქმული პრეტენზია, რომ პროექტთან დაკავშირებით ჯერ პასუხი არ მიუღია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისგან“.

აქვე გაცნობებთ, რომ პრინციპული თანხმობა გაფართოების პროექტთან დაკავშირებით გაცემულია და კომპანიას მიღებული აქვს ოფიციალური თანხმობა 2018 წლის ნოემბრის დასაწყისში პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისგან. თუმცა, ამ დრომდე „ტავ ჯორჯიას“ არ ჰქონდა პროექტი სრული სახით წარმოდგენილი, რამაც ხელი შეუშალა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ტურისტების ღირსეულად დახვედრის მიზნით ჩვენთვის პრიორიტეტულია ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტის შეუფერხებლად ფუნქციონირება და გაფართოება. შესაბამისად, ჩვენ აქამდეც ვუჭერდით მხარს და მომავალშიც მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ბათუმის აეროპორტის გაფართოების პროექტს”,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა