მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობა დაიწყო - „ჰუალინგ ჯგუფი“

6001726c098b0
ვიქტორია მღებრიშვილი
15.01.21 14:16
1142
თბილისში, ჭანტურიას 12-ში მდებარე  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ყოფილი შენობა, პროგრამის "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში, 2015 წელს 9 მილიონ 450 ათას დოლარად „ჰუალინგ ჯგუფმა” აუქციონის წესით შეისყიდა.

ინვესტორის ვალდებულება 2016 წლის პირველი იანვრიდან, არაუმეტეს 36 თვის ვადაში, არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს ამოქმედება იყო. ინვესტორს სასტუმროს სამშენებლო ვადები 2019 წლის 21 აპრილს ამოეწურა, აღნიშნული ვალდებულება კი იმ დროისთვის შეუსრულებელი დარჩა, რის გამოც ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინვესტორ კომპანიას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 500 ლარიანი ჯარიმა ეკისრებოდა.

BM.GE-ი ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში „ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ სასტუმროს ამოქმედების საკითხით, პერიოდულად ინტერესდებოდა. კომპანიის მხრიდან იყო განმარტებები იმის შესახებაც თუ რატომ შეფერხდა პროექტის განხორციელება, ხოლო გასული წლის 20 თებერვალს კომპანიაში განაცხადეს, რომ შენობაში სასტუმროს მოწყობის მიზნით შიდა გასუფთავებისა და დემონტაჟის სამუშაოები იყო დაწყებული.

რა ხდება დღეს, რა ვადაში ააშენებს „ჰუალინგ ჯგუფი“ ახალ სასტუმროს და რა მოცულობის ინვესტიციას ჩადებს - ამ და სხვა კითხვებით BM.GE-იმ კომპანიას წელსაც მიმართა.

ინვესტორ კომპანიაში სამუშაობის დაწყებისა და მისი დასრულების ზუსტ ვადებს არ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ სამშენებლო სამუშაობი დაწყებულია და მას კომპანია „ანაგი“ ახორციელებს.

„ჰუალინგ ჯგუფში“ ამ ეტაპისთვის არც პროექტის საინვესტიციო ღირებულებაზე საუბრობენ.

„სასტუმროს მშენებლობა უკვე დაწყებულია, ამჟამად მიმდინარეობს რეკონსტრუქციის სამუშაოები. პროექტი უკვე დამტკიცებულია. იგეგმება 3+ ვარსკვლავიანი შენობის (სამი და მეტვარსკვლავიანი შენობის) გახსნა, 118 ნომრით.

რაც შეეხება ვადებს, ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ მთავრობის წინაშე აღებულ ყველა ვალდებულებას”, - განუცხადეს BM.GE-ს „ჰუალინგ ჯგუფში“.