მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სამინისტროში ვერ ამბობენ, რატომ ვერ მიიღეს ანტიდემპინგური კანონი 7 წლის მანძილზე

5db862427137a
დავით ჯალაღონია
29.10.19 11:10
640
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და დეპუტატები ესწრებოდნენ.

კანონპროექტზე მსჯელობისას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ჰკითხა, აქამდე რატომ ვერ მიიღო ეს კანონი "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ.

"30 წელია, დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და 7 წელია, ეს ხელისუფლებაა, რატომ არ მიიღეთ ეს კანონი მანამდე, შარშან, შარშანწინ? კანონპროექტი მომზადებული იყო და 7 წელია, ეკონომიკის სამინისტროში დევს. რა უშლიდათ ხელს?", – მიმართა კითხვით გოცირიძემ არველაძეს.

მინისტრის მოადგილემ კი პასუხად განმარტა, რა პროცესები გაიარა ამ კანონპროექტმა 2014 წლიდან დღემდე.

"სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეტაპზე იყო მცდელობები, იმართებოდა დისკუსიები, შესაბამისად მაშინ კონსესუსი არ არსებობდა. ჩვენ გადმოვაგზავნეთ (კანონპროექტი) პარლამენტში. პარლამენტმა აიღო დელეგირება, რომ კანონპროექტის ინიცირება მოეხდინა და შემდეგ, ეს პროცესი გაჩერდა. კანონპროექტი 2014 წელს მოვამზადეთ, 2015 წელს გადმოვაგზავნეთ პარლამენტში, რომ თავად გაეკეთებინათ ინიცირება. შემდეგ რა მოხდა, ვერ გაგცემთ პასუხს", – განაცხადა გენადი არველაძემ.

მთავრობის მიერ ინიცირებული დოკუმენტის მიხედვით, კანონპროექტის მიზანი ანტიდემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვაა.

"დემპინგი (Dumping) საერთაშორისო ვაჭრობაში გავრცელებული ფასდადების პრაქტიკაა, როდესაც ერთი ქვეყნის კომპანიას პროდუქტი მეორე ქვეყანაში ექსპორტზე გააქვს თვითღირებულებაზე ნაკლებ ან საკუთარ ქვეყანაში გასაყიდად დადგენილზე ნაკლებ ფასად.

ვაჭრობაში ანტიდემპინგური საკანონმდებლო ბაზის არ არსებობის პირობებში, შესაძლებელია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდეს უცხო ქვეყნებიდან პროდუქციის დემპინგური ფასებით იმპორტს. რიგ შემთხვევებში, დემპინგური იმპორტი აფერხებს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ამცირებს დასაქმებულთა რაოდენობას. დემპინგის შედეგად იმპორტირებული პროდუქტის შეუსაბამოდ დაბალი ფასები ვნებს ადგილობრივ ინდუსტრიას, რომელიც, ჩვეულებრივ, ვეღარ ახერხებს დემპინგით დაკავებული კომპანიისთვის კონკურენციის გაწევას", – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მთავრობას კანონის ძალაში შესვლა 2020 წლის 1 იანვრიდან სურს.