მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეკონომიკის სამინისტროში ყურმილს არავინ იღებს" - რა აწუხებს სადისტრიბუციო კომპანია "ტრიტონს"

5e9463b8d1316
ვიქტორია მღებრიშვილი
13.04.20 17:23
1286
სადისტრიბუციო კომპანია „ტრიტონის“ დირექტორი ანტონ სენჩენკოს BM.GE-ის ბიზნესის გაჩერების მიზეზებზე ესაუბრა და განუცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტროში კომპანიის უსაფრთხოების ნორმების შემოწმებაზე განაცხადი 2 აპრილს შეიტანეს, თუმცა დღემდე მოლოდინის რეჟიმში არიან.

„2 აპრილს შევიტანეთ განაცხადი ეკონომიკის სამინისტროში, რომ შეგვამოწმონ, თუმცა, ჯერჯერობით, პასუხი არ არის. ვრეკავთ 144-ზე და იქიდან ეკონომიკის სამინისტროში გვამისამართებენ, უწყებაში კი, ყურმილს არავინ იღებს, რომ პასუხი გაგვცეს“, - ამბობს „ტრიტონის“ დირექტორი.

მისი თქმით, ამოქმედებულმა შეზღუდვებმა მათი გაყიდვები სრულად გააჩერა. 

„ჩვენც იგივე პრობლემები გვაქვს, რაც კომპანიების - 90%-ს. მას შემდეგ, რაც სრულად შეიზღუდა, მათ შორის არასამომხმარებლო პროდუქციის გაყიდვები, 3 კვირაზე მეტია, გაჩერებულები ვართ. კარანტინის ამოქმედების შემდეგ ვახორციელებდით არასასურსათო პროდუქციის დისტრიბუციას, მაგრამ ახალი შეზღუდვების შემდეგ სრულად გავჩერდით. მარტში გაყიდვები 50%-ით შემცირდა, აპრილში კი, ნულოვანი გაყიდვები გვექნება“, - ამბობს ანტონ სენჩენკო.

bm.ge ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსაც დაუკავშირდება და მათ განმარტებებსაც შემოგთავაზებთ. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ნათია თურნავას უწყების მიმართ მსგავსი პრეტენზიები სხვა კომპანიებმაც გამოთქვეს, თუმცა, ჯერჯერობით, ვინაობის გამხელა არ სურთ, რადგან იმედი აქვთ, რომ პრობლემას მალე მოაგვარებენ.