30.აპრილი .2020 12:02

ეკონომიკის სექტორები, სადაც მარტში შემცირება იყო

views 350
უკან

საქსტატმა დღეს 2020 წლის მარტის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ -2.7 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა კი 1.5% იყო.

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

კლება დაფიქსირდა განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების (ტურიზმის), ტრანსპორტისა და დასაწყობების, ხელოვნების, გართობის და დასვენების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების, დამამუშავებელი მრეწველობის, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორებში.

ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვაზე დაწესებული უფრო მკაცრი შეზღუდვების გამო, სავარაუდოდ, აპრილში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მარტთან შედარებით საგრძნობლად იქნება გაუარესებული. 

საქსტატის ინფორმაციით, მარტში მთელი 47%-ით შემცირდა ახალრეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა და მან 2,426 შეადგინა. 

დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ კი 6.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მხოლოდ 0.7%-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებლებს. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისევე როგორც ეროვნული ბანკი 2020 წელს ეკონომიკის -4 პროცენტით შემცირებას პროგნოზირებენ. 2021 წლისთვის კი ზრდის პროგნოზი 3%-ია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა