მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სექტორების ნახევარში უცხოური ინვესტიციები შემცირდა - რეიტინგი

60c0797d640cb
შოთა ტყეშელაშვილი
09.06.21 12:24
753
საქსტატმა დღეს 2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, პერიოდის განმავლობაში საქართველოში FDI-ის სახით მხოლოდ $125.4 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 28.3%-ით ნაკლებია. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ინვესტიციების მოცულობა თავის მხრივ 2020 წლის შედეგებს დარდება, 2020 წელს კი FDI პანდემიის გამო განახევრდა, შესაბამისად, 2021 წელს ინვესტიციების კიდევ უფრო მკვეთრი შემცირება გაგრძელდა.

ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში შემომავალი საინვესტიციო ნაკადის ნაცვლად, პირიქით გამსვლელი საინვესტიციო ნაკადი დაფიქსირდა. ასეთია მათ შორის კავშირგაბმულობის სექტორი, სადაც მინუს $68.8 მილიონიანი გამავალი ნაკადი დაფიქსირდა. ყველაზე დიდი - $93.9-მილიონიანი შემომავალი საინვესტიციო ნაკადი კი საფინანსო სექტორში დაფიქსირდა. 

სექტორების რეიტინგი FDI-ის მიხედვით ასეთია:

● საფინანსო სექტორი - $93.9 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -1%
● ენერგეტიკა - $35.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 274%
● დამამუშავებელი მრეწველობა - $27.9 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 513%
● უძრავი ქონება - $24.4 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -30%
● ჯანდაცვა და სოციალური დახმარება - $12.0 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 119%
● სასტუმროები და რესტორნები - $2.2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -86%
● მშენებლობა - $1.7 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -81%
● სოფლის მეურნეობა, თევზჭერა - $0.8 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 198%
● ტრანსპორტი - მინუს $5.0 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -177%
● სამთომოპოვებითი მრეწველობა - მინუს $20.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -300%
● კავშირგაბმულობა - მინუს $68.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -644%
● ეკონომიკის დანარჩენი სექტორები -  $21.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 934%.

როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, არაერთი ქვეყნიდან შემომავალი საინვესტიციო ნაკადი დაფიქსირდა, კონკრეტული ქვეყნებიდან კი - გამავალი საინვესტიციო ნაკადი. მთლიანობაში პირველი კვარტლის განმავლობაში ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა დიდი ბრიტანეთიდან, რამაც $88 მილიონი შეადგინა. მეორე ადგილზეა რუსეთი $32.9 მილიონით, მესამეზე კი თურქეთი $24.1 მილიონით.

ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა:

1. გაერთიანებული სამეფო - $88.41 მილიონი, ზრდა წინა წელთან 21%
2. რუსეთი - $31.87 მილიონი, ზრდა წინა წელთან 186%
3. თურქეთი - $24.51 მილიონი, ზრდა წინა წელთან 95%
4. ჩეხეთი - $14.15 მილიონი, კლება წინა წელთან -574%
5. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $12.84 მილიონი, კლება წინა წელთან -1699%
6. დანია - $10.53 მილიონი, ზრდა წინა წელთან -9%
7. გერმანია - $10.14 მილიონი, ზრდა წინა წელთან 259%
8. იაპონია - $7.42 მილიონი, კლება წინა წელთან -7%
9. მარშალის კ-ები - $7.15 მილიონი, კლება წინა წელთან -24%
10. ნიდერლანდი - $5.61 მილიონი, კლება წინა წელთან -61%.

კონკრეტული ქვეყნებიდან კი გამავალი საინვესტიციო ნაკადი დაფიქსირდა. მთლიანობაში გამსვლელი ინვესტიციების მოცულობა $127 მილიონი იყო, რის შედეგადაც შემომავალსა და გამავალს შორის სხვაობა $125.4 მილიონი დაჯდა. ყველაზე დიდი მოცულობის - $59.8-მილიონიანი გამავალი საინვესტიციო ნაკადი აშშ-დან არის.

ქვეყნები, რომლებთანაც ყველაზე დიდი მოცულობის გამავალი საინვესტიციო ნაკადი დაფიქსირდა:

● აზერბაიჯანი -$6.24 მილიონი;
● კვიპროსი -$7.75 მილიონი;
● მალტა -$12.03 მილიონი;
● ყირგიზეთი -$24.30 მილიონი;
● აშშ -$59.82 მილიონი.

იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე მეტი ინვესტიცია საფინანსო სექტორში ჩაიდო, ხოლო ინვესტიციების მხრივ წამყვანი ქვეყანა დიდი ბრიტანეთია, სავარაუდოდ, ეს ინვესტიციები ლონდონის ბირჟაზე არსებულ ქართულ კომპანიებს - "საქართველოს ბანკს", "საქართველოს კაპიტალსა" და "თიბისი ბანკს" უკავშირდება, რომელთაც საქსტატი უცხოურ კომპანიებად განიხილავს, რადგანაც მათი მშობელი კომპანიები დიდ ბრიტანეთშია რეგისტრირებული.