მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური დიპლომატია - რა გააკეთეს საელჩოებმა 2020 წელს?

60311e1b4a8c7
BM.GE
20.02.21 18:34
1119
დღეს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, დავით ზალკალიანს უსმენდნენ. ზალკალიანმა ეკონომიკურ დიპლომატიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში, ეკონომიკური მიმართულებით საქმიანობა, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების კოორდინაციით, მაქსიმალურად აქტიურად ხორციელდებოდა. მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზღვარგარეთ დაგეგმილი ღონისძიებების და ვიზიტების უმეტესობა გადაიდო, თუმცა შეხვედრები/ღონისძიებები, ძირითადად, ონლაინ რეჟიმში იმართებოდა.

მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატებს, დიპლომატების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში ჩააბარა.

საანგარიშო პერიოდში (2020 წელს) სამინისტრომ და დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა:

- გამართეს (მათ შორის ონლაინ) ინდივიდუალური შეხვედრები და კონსულტაციები უწყებებთან/მიზნობრივ კომპანიებთან, დაესწრნენ და/ან ხელი შეუწყვეს გამოფენებში ქართული კომპანიების/უწყებების მონაწილეობას და მონაწილეობა მიიღეს და/ან მოაწყვეს შემდეგი ტიპის ღონისძიებები: პრეზენტაცია, სემინარი, დეგუსტაცია, კულინარიული მასტერკლასი და სხვა;

- ხელი შეუწყვეს უცხოურ მედიაში საქართველოს საექსპორტო, ტურისტულ, საინვესტიციო შესაძლებლობებზე ინტერვიუს/სტატიების გამოქვეყნებას და გადაცემის გაშვებას. საქართველოს საელჩოები უცხო ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატებში და ბიზნეს ასოციაციებში რეგულარულად ავრცელებდნენ ინფორმაციას საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობებზე და საზღვარგარეთ ბიზნეს-პარტნიორების მოძიებით ან პროდუქციის გატანით დაინტერესებული ქართული კომპანიების თაობაზე;

- საელჩოების უშუალო ჩართულობით, მიმდინარეობდა დაინტერესებული ქართული კომპანიების ინფორმირება უცხო ქვეყნების საბაჟო პროცედურებსა და სხვა დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე, ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, მიმდინარეობდა ქართული კომპანიების დაკავშირება მათი პროდუქტებით დაინტერესებულ მყიდველებთან, აგრეთვე მხარდაჭერის აღმოჩენა ლიცენზიის ცნობისა და პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე დაშვების ნებართვის მიღების თვალსაზრისით.

მაგალითისთვის მიღწეული კონკრეტული შედეგები ქვეყნების მიხედვით (2020 წ.):

ბელარუსის რესპუბლიკა:

 2020 წლის აგვისტოს თვეში ქ. თბილისში ბელარუსის კაპიტალით დაარსდა რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი ქარხანა (შპს „თბილისის რძის ქარხანა“).

 2020 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიის Exadel რამდენიმე თანამშრომელი გადმოვიდა საქართველოში სამუშაოდ, ხოლო დეკემბრის თვეში კომპანია იურიდიულად დარეგისტრირდა საქართველოში. Exadel-ი გეგმავს როგორც ბიზნეს საქმიანობას, ისე ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში ქართველი სპეციალისტების მომზადებას, შემდგომში მათი კომპანიაში დასაქმების მიზნით.

 2020 წლიდან საქართველოში ოპერირება დაიწყო მსხვილმა IT კომპანიამ EPAM. თბილისის ოფისში სამუშაოდ გადმოვიდა ბელარუსის ოფისის თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი. ორივე კომპანიის თანამშრომელთა მხრიდან საქართველოში გადმოსვლის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.

დიდი ბრიტანეთი:

 UK-Georgian Trade Hub-ის პროექტი - საქართველო-ბრიტანეთს შორის ექსპორტ-იმპორტის ხელშეწყობის ახალი, ინოვაციური პროექტი. პროექტის დაწყებიდან ერთ თვეში, სავაჭრო ჰაბის მომსახურებით ისარგებლა 30-მდე მცირე და საშუალო ზომის ქართულმა კომპანიამ, გაერთიანებულ სამეფოში თავიანთი პროდუქციის ექსპორტისა და გაყიდვის მიზნით. 2020 დეკემბერში, პროექტის ფარგლებში ასევე ამოქმედდა დიდ ბრიტანეთში ქართული პროდუქციის პირველი ონლაინ მაღაზია madeingeorgia.co.uk, რომელზეც 30-ზე მეტი ქართული ბრენდი წარსდგა.

 2020 წლის ოქტომბერში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ლონდონის უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებას - ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.

ინდონეზია:

 2019 წელს დაიწყო საქართველოს სსტც „დელტა“-ს მიერ წარმოებული სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანების „დიდგორი“ ექსპორტი ინდონეზიაში.

იაპონია:

 2020 წლის აპრილში, უმსხვილესმა იაპონურმა ელექტროენერგიის მწარმოებელმა კომპანია „TEPCO Renewable & Power“-მა დარიალის ჰესის პროექტში ინვესტიცია განახორციელა, რაც იაპონიის მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს შორის უმსხვილესია. აღნიშნული პროექტის განვითარების კუთხით, ისევე როგორც სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით, საელჩო აქტიურად თანამშრომლობს TEPCO-სთან.

 საქართველოს საელჩომ გადამწყვეტი როლი შეასრულა ქართული კომპანიის მიერ წარმოებული კივის იაპონურ ბაზარზე ექსპორტისათვის, რის შედეგადაც, 2021 წლის თებერვალში პროდუქტი იაპონურ ბაზარზე იქნა წარმოდგენილი.

 2020 წელს იაპონია-საქართველოს შორის ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებასთან (BIT) დაკავშირებით დასრულდა მოლაპარაკებები. შეთანხმებას ხელი მოეწერა 2021 წლის იანვარში.

 საქართველოსა და იაპონიას შორის „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების“ შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასრულდა 2020 წელს, ხოლო ხელი მოეწერა 2021 წლის იანვარში.

ისრაელი:

 2020 წელს ისრაელში დაიწყო კომპანია „Glenberries“ საქართველოში წარმოებული გაყინული ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი.

 2020 წელს ოპერირება დაიწყო ბიზნესს საკონსულტაციო კომპანიამ „ათონით“, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ახდენს დისტანციურ მომსახურებას.

სამხრეთ აფრიკა:

 2020 წელს, საქართველოში მოღვაწე სამხრეთ აფრიკელი ფერმერების პარტნიორობით სართიჭალაში ამოქმედდა ხორცეულის გაყიდვის საბითუმო ცენტრი (Agro Meat Market - https://www.facebook.com/Agromeatmarket/).

 2020 წლის 27-28 აპრილს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ სამხრეთ აფრიკელი ბიზნესმენი და აფრიკის სამხრეთის რეგიონის და საქართველოს სავაჭრო პალატის წევრი პერსი მორაპედი კოჯი (მოღვაწეობს ტურიზმის და ღვინის ბიზნესში), რომელიც დაინტერესდა საქართველოდან სამხრეთ აფრიკაში ქართული ღვინის ექსპორტით, დააკავშირა ქართული ღვინის მწარმოებლებთან.

ირლანდია:

 2020 წელს ორმხრივი ბიზნეს-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, ირლანდიის ბიზნეს-წრეებთან აქტიური მუშაობით და წლის განმავლობაში გამართული მრავალრიცხოვანი შეხვედრისა და პრეზენტაციის შედეგად, საფუძველი ჩაეყარა საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭოს, რომელშიც 25 ირლანდიელი ბიზნესმენი გაწევრიანდა. საბჭოს უხელმძღვანელებს წარმატებული საერთაშორისო რეპუტაციის არბიტრი ჯეიმს ბრიჯმანი. ბიზნეს-საბჭოს ინაუგურაცია გაიმართება 2021 წლის 24 თებერვალს.

უზბეკეთის რესპუბლიკა:

 2021 წელს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე, ექსპლუატაციაში შევა ქართულ-უზბეკური კომპანიის «Wondernet Express»-ის ახალი მულტიმოდალური ტერმინალი. ტერმინალი გახდება ცენტრალური აზიის-აზერბაიჯანი-საქართველოს ახალი ლოგისტიკური დერეფნის ნაწილი, ხოლო შემდეგ კი შავი ზღვის გავლით პროდუქცია მიეწოდება ევროპის და აფრიკის სხვადასხვა მომხმარებლებს და ასევე სხვა ქვეყნებს.

 უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო რეზერვიდან, საქართველოსთვის გამოიყო არსებული რეზერვის ნახევარზე მეტი, 2 მლნ. მეტრი სამედიცინო მარლა და ხელმოწერილი იქნა შესაბამისი კონტრაქტი. აღნიშნული პროდუქცია დაიტვირთა და საქართველოში გამოიგზავნა მ.წ. 8 აპრილს.

ჩინეთი:

 2020 წლის განმავლობაში საელჩოს უშუალო მხარდაჭერით გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი.

საუდის არაბეთი:

 2020 წელს საუდის არაბეთი გახდა საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი. 2019 წელთან შედარებით იმპორტის ოდენობა ექვსჯერ

 2020 წელს საუდის არაბეთში კვლავ განახლდა ქართული მინერალური წყლის („საირმე“, პირველად შევიდა 2016 წელს) და შოკოლადის („ბარამბო“, პირველად შევიდა 2018 წელს) გაყიდვა.

აშშ:

 2020 წელს აშშ-ში საქართველოს საელჩომ კომუნიკაცია დაამყარა კომპანია „სილქ როად ვაინ“-ის (Silk Road Wine) დამფუძნებლებთან. კომპანია აწარმოებს ქართული ღვინის იმპორტს აშშ-ის სამხრეთ შტატებში.

სლოვენიის რესპუბლიკა:

 2020 წლის 18 აგვისტოს, სლოვენიის ვიცე-პრემიერმა და სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობის და სურსათის მინისტრმა და საქართველოს ელჩმა ხელი მოაწერეს ორმხრივ მემორანდუმს სოფლის მეურნეობის, დაცული ტერიტორიებისა და ტყის მდგრადი განვითარების სფეროში ურთიერთ-თანამშრომლობის შესახებ.

შვეიცარიის კონფედერაცია:

 2020 წელს შეთანხმდა და ხელმოსაწერად მომზადდა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სამრეწველო-სავაჭრო პალატასა (GCCI) და შვეიცარიის ერთიან სავაჭრო პალატას (JCC) შორის.


2020 წლის სტატისტიკური მონაცემები:


ექსპორტის ხელშეწყობისა და სავაჭრო რეჟიმების გაფართოების მიზნით საელჩოებმა გამართეს:

- 123-მდე ინდივიდუალური შეხვედრა (მათ შორის ონლაინ) უწყებებთან და მიზნობრივ კომპანიებთან;

- 12 გამოფენაში ქართული კომპანიების/უწყებების მონაწილეობას შეუწყეს ხელი;

- 70-ზე მეტი ღონისძიება გამართეს და საკუთარი ძალებით მიიღეს მონაწილეობა (6 პრეზენტაცია, 10 სემინარი, 27 დეგუსტაცია, 5 კულინარიული მასტერკლასი, 25 სხვა დაკავშირებული ღონისძიება.);

- 15 ინტერვიუს/სტატია გამოაქვეყნეს საქართველოს ბიზნეს გარემოზე და საექსპორტო შესაძლებლობებზე.


ინვესტიციების მოზიდვისა და შესაძლებლობების პიარის მიზნით საელჩოებმა გამართეს:


- 230-მდე (მათ შორის ონლაინ) ინდივიდუალური შეხვედრა და კონსულტაცია უწყებებთან და მიზნობრივ კომპანიებთან;

- 10-მდე ვიზიტი საქართველოში;

- 50-ზე მეტი ღონისძიება გამართეს და მიიღეს მონაწილეობა საკუთარი ძალებით (28 პრეზენტაცია, 11 კონფერენცია/სემინარი, 13 სხვა დაკავშირებული ღონისძიება);

- 12 ინტერვიუ/სტატია გამოაქვეყნეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე.


საქართველოს პოპულარიზაციისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით:


- 60-მდე შეხვედრა (მათ შორის ონლაინ) ინდივიდუალური შეხვედრა და კონსულტაცია უწყებებთან და მიზნობრივ კომპანიებთან;

- 24 მრავალმხრივ საერთაშორისო ფორუმსა და ღონისძიებაში მონაწილეობა.


სატრანზიტო და ბიზნეს ჰაბის ფუნქციის განმტკიცებისა და პოპულარიზაციის მიზნით:

- 47 შეხვედრა/პრეზენტაცია, რომელზეც სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნების განვითარებაზე ისაუბრეს.


ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით: 

- 15 გამოფენაში ქართული კომპანიების/უწყებების მონაწილეობის ხელშეწყობა;

- 35-ზე მეტი ღონისძიება გამართეს და მიიღეს მონაწილეობა საკუთარი ძალებით (18 პრეზენტაცია, 8 ფორუმი/კონფერენცია, 10 დეგუსტაცია);

- 135-ზე მეტი შეხვედრა და კონსულტაცია სააგენტოებთან და მიზნობრივ კომპანიებთან;

- 40-მდე ინტერვიუს/სტატია საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებზე.