მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

6004501e60736
თამთა ჯიჯავაძე
18.01.21 00:30
910

მიმდინარე კვირა ამერიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. სწორედ 20 იანვარს ქვეყნის 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიალი გაიმართება. ის აშშ-ის სათავეში ჩაუდგება პანდემიის შუა პერიოდში, როდესაც ქვეყანა ღრმა სოციო-ეკონომიკურ დანაწევრებას განიცდის.

ცნობისთვის, ბაიდენმა $1.9 ტრილიონიანი მასტიმულირებელი ეკონომიკური პაკეტის შესახებ განაცხადა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას. ამგვარად ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დასაწყისი არ იქნება იოლი.

ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ სენატის საფინანსო კომიტეტი კენჭს უყრის ჯანეტ იელენს აშშ-ის სახაზინო მდივნის პოზიციაზე. იელენი 2014-2018 წლებში ფედერალური სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელი იყო, როგორც მოსალოდნელია, სენატი მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

გარდა პოლიტიკურად მნიშვნელოვანი მოვლენებისა, მიმდინარე კვირას, ინვესტორები დააკვირდებიან თუ როგორი იქნება მსხვილი კომპანიების 2020 წლის ბოლო კვარტლის შედეგები. ვაქცინის გამოჩენამ ოპტიმიზმი გაზარდა ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს, საინტერესოა, როგორ აისახა ეს მსხვილ კორპორაციებზე. მათი ნაწილი 2020 წლის ბოლო კვარტლის შედეგებს გაასაჯაროებენ. მათ შორის, Bank of America, Goldman Sachs, Netflix, Charles Schwab, Procter & Gamble, United Airlines, Intel და IBM.

S&P 500-ის კომპანიების შემოსავლების 9.5%-იან კლებას ელოდებიან გასული წლის ბოლო კვარტლისთვის 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თუმცა, 2021 წელს მოსალოდნელია მათი შემოსავლების ზრდა.

პარალელურად, 2021 წლის პირველ შეხვედრას გამართავს ევროპის ცენტრალური ბანკი. შეხვედრა 21 იანვარსაა დაგეგმილი. შეგახსენებთ, ევროპაში დამატებითი მასტიმულირებელი პაკეტის შესახებ ჯერ კიდევ გასულ თვეს განაცხადეს, თუმცა, ეკონომიკური პროგნოზების გაკეთება კვლავ რთულია გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის ახალი შტამი არაერთ ქვეყანაში დაფიქსირდა. 

თუმცა, ევროპელები მაინც ოპტიმიზმს ინარჩუნებენ. მაგალითად ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი ნახევრადსავსე ჭიქას ხედავს და არა ნახევრადცარიელს. ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ასევე გერმანიის ეკონომიკაც. მაგრამ გახანგრძლივებული ლოქდაუნები სერიოზულ ზიანს აყენებს ქვეყნებს.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას ჩინეთის 2020 წლის მეოთხე კვარტლის და ასევე მთლიანი გასული წლის მშპ-ს მონაცემები გამოქვეყნდება, რაც გვიჩვენებს იმას თუ როგორ აღიდგინა ძალები მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ეკონომიკამ პანდემიის პირობებში. აშშ-ში, ევროზონაში, დიდ ბრიტანეთსა და იაპონიაში კი PMI მაჩვენებლები გახდება ცნობილი.