მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური მდგომარეობის გავლენა დემოგრაფიულ პროცესებზე

5daaf61c10db9
ირაკლი მაკალათია
19.10.19 16:50
4889
2018 წლის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის საშუალო წლიურმა რიცხოვნობამ 3 726 549 ადამიანი შეადგინა, ხოლო წინა წელთან შედარებით 1 455 ადამიანით შემცირდა.

მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით, საქართველოს უდიდესი ქალაქებია: თბილისი (31.3%, პროცენტული წილი მთლიან მოსახლეობაში) ბათუმი (4.4%), ქუთაისი (3.8%), რუსთავი (3.4%) და გორი (3.3%). თბილისი ტრადიციულად ყველაზე დიდი ქალაქია, თან წლების განმავლობაში ზრდის ტენდენციით ხასიათდება. საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, ეკონომიკური განვითარებით თბილისი ბევრად აღემატება დანარჩენ ქალაქებსა თუ რაიონებს, შესაბამისად თბილისში მიგრაციაც მაღალია.

შობადობის კოეფიციენტმა 2018 წელს შეადგინა 13.7%, ბოლო ხუთ წელში ეს მაჩვენებელი 2.6%-ით არის შემცირებული. ასევე ბოლო ხუთ წელში 13.2%-დან 12.5%-მდეა შემცირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი. შესაბამისად ბუნებრივი მატებაც (სხვაობა შობადობასა და მოკვდაობას შორის) შემცირებულია და 2018 წელს შეადგინა 1.2%.

ქვეყანაში მოსახლეობის რიცხოვნობას განსაზღვრავს ბუნებრივი მატებისა და მიგრაციული სალდოს ჯამი: მოსახლეობის რიცხოვნობა = დაბადებულები - გარდაცვლილები + იმიგრანტები - ემიგრანტები. ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ცხოვრების პირობების გაუმჯობესება განაპირობებს ავადობის მიზეზებით გარდაცვალების კლებასა და ემიგრაციის დონის შემცირებას. რაც შეეხება შობადობის ზრდას, ცხადია ცხოვრების დონის ზრდა სტიმულს აჩენს შობადობის ზრდისათვის, თუმცა არა გადამწყვეტს, რადგან მაგ; აფრიკაში ცხოვრების დაბალი დონის მიუხედავად შობადობა მაღალია.

2019 წლიდან პენსია 20 ლარით იზრდება, ხოლო 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის 50 ლარით. საპენსიო ასაკის მოსახლეობის საშუალო რიცხოვნობა (60 წლისა და უფროსი ასაკის ქალები და 65 წლისა და უფროსი ასაკის კაცები) 2018 წლისათვის შეადგენს 675 842 ადამიანს, ანუ მთლიანი მოსახლეობის 18,1%-ს. რაც შეეხება 70 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობას მათი წილი მთლიან მოსახლეობაში შეადგენს 9.7%-ს (359 852 ადამიანი).
ქვეყანაში არსებულ ჯანდაცვის დონესა და ზოგადად მოსახლეობის ცხოვრების დონეს ახასიათებს ისეთი დემოგრაფიული მაჩვენებელი, როგორიცაა სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობა. საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2018 წელს შეადგენდა 74 წელს, მამაკაცებისთვის 69.7 წელს, ხოლო ქალებისთვის 78.2 წელს. მსოფლიო ქვეყნების წინასწარი შეფასებით მიღებულ მაჩვენებლებს თუ შევადერებთ, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში მეტია მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე, ცხადია მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე გავლენას ახდენს აფრიკის ქვეყნებში არსებული სიცოცხლის დაბალი სიცოცხლის ხანგრძლივობა.



2018 წლის მონაცემებით, ემიგრაციაში სულ 98 935 ადამიანია, აქედან 76 367 საქართველოს მოქალაქე. მიგრაციის სალდომ (სხვაობა იმიგრანტებსა და ემიგრანტებს შორის) -10 783 ადამიანი შეადგინა.
უარყოფითი მიგრაციული სალდო განსაკუთრებით იზრდება ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში, ასაკობრივი სტრუქტურის განხილვისას, ყველაზე დიდი წილით მოსახლეობის გადინება 20-24 წლის ასაკისა (-2 600) და 25-29 წლის ასაკის (-2 253) მოსახლეობაში ფიქსირდება, ხოლო მიგრაციის დადებითი სალდო ფიქსირდება 15-19 და 55-79 ასაკის მოსახლეობაში.



რა გავლენას ახდენს მიგრაცია უმუშევრობის ოფიციალურ სტატისტიკაზე?

უმუშევრობის დონე გამოითვლება უმუშევართა რაოდენობის შეფარდებით ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან. ცალკეული შემთხვევების გარდა, თუ საერთო სურათს შევხედავთ, 2018 წელს უმუშევართა რაოდენობის შემცირებასთან ერთად მცირდება დასაქმებულთა რაოდენობაც, რაც გამოწვეულია ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირებით. შესაბამისად უმუშევრობის კლების ძირითად მიზეზს არა დასაქმებულთა ზრდა, არამედ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის კლება წარმოადგენს. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის კლების ორი ძირითადი მიზეზია: ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის ზრდა, ანუ სამუშაოს მაძიებლებმა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ხელი ჩაიქნიეს და სამუშაოს აღარ ეძებენ, ხოლო მეორე მიზეზია ქვეყნიდან სამუშაოს მაძიებელი ადამიანების გასვლა. როცა ქვეყნიდან ეკონომიკურად აქტიური ადამიანი გადის, სტატისტიკურად მცირდება როგორც ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ასევე უმუშევარი ადამიანები. შედეგად ვიღებთ ციფრებში გამოხატულ უმუშევრობის შემცირებას და არა დასაქმების ზრდის რეალურ შედეგს.